GE
15 ოქტომბერი, 2022 14:17

IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსი გამოცხადდა – შეგიძლიათ, დავით კლდიაშვილის რამდენიმე მოთხრობა განიხილოთ

მწერალთა სახლმა დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილეს აღსანიშნავად ლიტერატურული კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.

მოსწავლეებმა დავით კლდიაშვილის შემოქმედების მიხედვით ორი შემოთავაზებული თემიდან ერთ-ერთი უნდა დაწერონ და საკონკურსოდ წარადგინონ.

საკონკურსო თემების სათაურებია:

1. რატომ და როდის იცინიან დავით კლდიაშვილის პერსონაჟები?

2. ჩემი საყვარელი მოთხრობა დავით კლდიაშვილის შემოქმედებიდან

მწერალთა სახლი მოსწავლეებს მითითებასაც აძლევს:

„პირველი ესეს წერისას შეგიძლიათ განიხილოთ დავით კლდიაშვილის ერთი ან რამდენიმე მოთხრობა – „სამანიშვილის დედინაცვალი“, „სოლომონ მორბელაძე“, „ბაკულას ღორები“.

საკონკურსო ესეები, მოსწავლეებმა, ელექტრონული სახით nbekishvili@writershouse.ge-ზე უნდა გააგზავნონ. ნაშრომი უნდა იყოს Microsoft word-ში ქართული უნიკოდით (შრიფტი – Sylfaen, ზომა – 12) აკრეფილი და არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს (1000 სიტყვას). კონკურსის პირობის მიხედვით, მსურველმა აუცილებლად უნდა მიუთითოს სახელი, გვარი, რეგიონი, სკოლა და საკონტაქტო ტელეფონი.

საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადა 18 ნოემბერია. ესეებს შეაფასებს ჟიური, რომელიც მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შედგება. დაჯილდოება გაიმართება დეკემბერში, მწერალთა სახლში.

„გამარჯვებული მოსწავლეების მგზავრობას რეგიონებიდან ფინანსურად მწერალთა სახლი უზრუნველყოფს. ასევე უზრუნველყოფილი იქნება მათი ღამისთევა“, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებილ ინფორმაციაში.

გაიცემა სამი პრემია. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან წიგნის მაღაზიის ვაუჩერებით.

  • I პრემია – 300 ლარიანი ვაუჩერი
  • II პრემია – 200 ლარიანი ვაუჩერი
  • II პრემია – 100 ლარიანი ვაუჩერი

დავით კლდიაშვილი 1862 წლის 29 აგვისტოს იმერეთში, სოფელ სიმონეთში,  გაღარიბებული აზნაურის ოჯახში დაიბადა. მისი ნაწარმოებები ძირითადად იმერეთის გაღატაკებულ აზნაურთა ცხოვრებასა და მხილებას ასახავს, სადაც საინტერესო კომიკური სურათები განსაკუთრებული იუმორით არის შემქნილი.

ასევე იხილეთ: 

„ადამიანები ანადგურებენ ეკოსისტემას და ამას ნორმად აღვიქვამთ“ – მოსწავლე, რომელმაც ესეების კონკურსი მოიგო

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში