კომაროვის სკოლას განათლების მინისტრი ესტუმრა – „პრიორიტეტული მიმართულება იქნება 150-ადგილიანი ახალი პანსიონის აშენება“
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლას ეწვია.
განათლების სამინისტროს მიერ დღეს, 7 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მინისტრმა სკოლის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა და სასწავლო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, მოსწავლეთა პანსიონი დაათვალიერა, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, კომაროვის სკოლა გამორჩეული სასწავლებელია, რომელიც ქვეყანას უკვე მრავალი წელია ფიზიკისა და მათემატიკის დარგში არაერთ ღირსეულ თაობას უზრდის, შესაბამისად, მისი განვითარების მხარდაჭერა სამინისტროსთვის მნიშვნელოვან საზრუნავს წარმოადგენს.
„კომაროვის სკოლა ახლაც ღირსეულად აგრძელებს ტრადიციას და ასეულობით ახალგაზრდა, არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ რეგიონებიდან, განათლებას ამ სკოლის კედლებში იღებს. დღეს კომაროვის სკოლა დგას გამოწვევის წინაშე – ეს უკავშირდება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. 150-ადგილიანი ახალი პანსიონის აშენება იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რასაც ჩვენ ახლო მომავალში ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად განვიხილავთ.
ახალი პანსიონი სკოლას მისცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას უმასპინძლოს. მოსწავლეები, სწავლების პერიოდში, იცხოვრებენ კომფორტულ გარემოში და კიდევ უფრო გაიღრმავებენ ცოდნას, რომელსაც შემდგომ ქვეყნის განვითარებას მოახმარენ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
პანსიონი, რომელიც კომაროვის სკოლაში ფუნქციონირებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონების სკოლების 100-ზე მეტ მოსწავლეს, სწავლის პარალელურად, საცხოვრებლით სარგებლობის შესაძლებლობას სრულიად უსასყიდლოდ აძლევს.
ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლაში, ჯამში, 1 000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. მოსწავლეები ფიზიკას, მათემატიკასა და ინფორმატიკას სპეციალური, გაძლიერებული კურიკულუმით სწავლობენ და ადგილობრივ და საერთაშორისო ოლიმპიადებში მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ.
სკოლა იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც კომაროვის სკოლაში არ სწავლობენ, პროექტების სახით, დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას ქვეყნის მასშტაბით სთავაზობს. კომაროვის სკოლის პროექტებია: საღამოს სკოლა, შაბათის სკოლა, STEM სკოლა, კომაროვის ონლაინ სკოლა, ონლაინ შაბათის სკოლა და სხვა. პროექტებში ჩართული მოსწავლეები მათემატიკაში, ფიზიკაში, პროგრამირებაში, ინჟინერიაში, რობოტიკასა და STEM-ის სხვა დისციპლინებში მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო მომსახურებას იღებენ.
-
კომაროვის „შაბათის სკოლაში“ რეგისტრაცია იწყება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლაში მე-7 კლასში მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო by სკოლების ამბები
-
კომაროვის სკოლის მოსწავლეთა წარმატება ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა