GE
26 დეკემბერი, 2025 12:07

კომაროვის სკოლა „ლეონარდო და ვინჩი 2025“-ის გამარჯვებულია

კომაროვის სკოლის ინჟინერიის წრის მოსწავლეებმა კონკურსში – „ლეონარდო და ვინჩი 2025“  პროექტი „ჭკვიანი მაგიდა-ორგანაიზერი უსინათლოთათვის“ წარადგინეს, შედეგად გრან-პრისა და 10 000 ლარის მფლობელები გახდნენ.

სკოლის მიერ 25 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ჭკვიანი მაგიდა ორგანაიზერი უსინათლოთათვის“ წიგნის მაღაზია „ლიბრას“ რჩეული პროექტიც გახდა.

2025 წლის მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილეობა 172-მა მოსწავლემ მიიღო, მათგან ფინალურ ტურში 52 მოსწავლე 19 პროექტით გადავიდა.

კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა. მასში, საქართველოს მასშტაბით, VII-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

რაც შეეხება კომაროვის სკოლის მოსწავლეების პროექტს, ინოვაციური მოწყობილობა მნიშვნელოვნად ამცირებს უსინათლოთა დამოკიდებულებას გარე დახმარებაზე და მათ დამოუკიდებლობას ზრდის.

„იდეა 3 წლის წინ გაჩნდა, როდესაც კომაროვის სკოლის პანსიონში უსინათლო მოსწავლეების მნიშვნელოვან გამოწვევას დამოუკიდებლად კვება წარმოადგენდა. წლების განმავლობაში, იდეა პროექტად გადაიქცა, მოწყობილობა დაიხვეწა და აღიარებაც მოიპოვა.

კომაროვში თითოეულ წრეს ხელმძღვანელობენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც არა მხოლოდ ცოდნას გადასცემენ, არამედ მოსწავლეების შემოქმედებით, აკადემიურ და ტექნოლოგიურ მომზადებას უზრუნველყოფენ“, – აცხადებენ სკოლაში.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა-პანსიონი კომაროვი