GE
25 იანვარი, 2021 10:10

მაარიფის სკოლა: ,,მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის საჭიროების დადგენა“

პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო პირველ კლასელებს რთულ მდგომარეობაში მოუწიათ ყოფნა. ნაცვლად იმისა, რომ სკოლის ეზო, დერეფნები და ოთახები აეხმაურებინათ, პირველი სემესტრის დიდი ნაწილი დისტანციურად ისწავლეს. ამ მცირე დროის განმავლობაში მოუწიათ სწავლის დისტანციურ რეჟიმში დაწყება, შემდგომ სკოლაში, საკლასო ოთახებში, განაგრძეს სწავლა და ბოლოს პირველი სემესტრი ონლაინ დაასრულეს. რთულ პირობებს, არსებულ გამოწვას, დაემატა ის ფაქტი, რომ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის არის ენობრივი ბარიერი. ბავშვთა უმრავლესობა არაქართულენოვანია, რაც კიდევ უფრო ართულებს სწავლა-სწავლების პროცესს.

,,მაარიფში“ მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის საჭიროების დადგენა, ინდივიდუალური მიდგომა, მათი ხასიათის შეცნობა და მოსწავლეზე მორგებული საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა. ეს არის ის მეთოდი და პრინციპი, რომლის დახმარებითაც შევძელი, რომ ჩემს მოსწავლეებთან ერთად მიმეღწია შედეგისთვის.

არსებულ რთულ პირობებში მოვახერხეთ ის, რომ ბავშებმა ისწავლეს წერა-კითხვა. რა თქმა უნდა, ენის შესწავლის დროს მნიშვნელოვანია სიტყვათა მარაგი. ლექსიკის გამდიდრებაზე მუშაობა ერთ–ერთი მთავარი საკითხი იყო მთელი სემესტრის განმავლობაში. სხვადასხვა სახალისო აქტივობით მოსწავლეებმა მათი ენობრივი დონისთვის განსაზღვრული პირველადი ლექსიკა შეითვისეს. თვალსაჩინოებებისა და ინტერნეტრესურსების გამოყენებით სიტყვების შესწავლის პროცესი გახდა მეტად სახალისო და საინტერესო. მიუხედავად იმისა, რომ სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, ვცდილობთ, ბავშვები წავახლისოთ სხვადასხვა სახის აქტივობებით. ერთ–ერთი მსგავსი საგაკვეთილო აქტივობა იყო ორცხობილების გამოცხობა. საკვებთა სახელწოდებების შესწავლის შემდეგ ნაცნობი პროდუქტების გამოყენებით გამოვაცხვეთ უგემრიელესი ორცხობილები.

,,ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში“ ზრუნავს, რომ გაკვეთილები სახალისო და საინტერესო გახადოს. ჩვენ ერთად ვსწავლობთ, ვერთობით და ვცდილობთ, სამყარო უკეთესობისკენ შევცვალოთ. წინ კი ძალიან ბევრი საინტერესო დღე გველის”, – აღნიშნა პირველი კლასის ერთ-ერთმა პედაგოგმა.

Aris.ge - განათლება განათლება