GE
22 მარტი, 2021 14:15

მაარიფის სკოლის ახალგაზრდა მკვლევარები

ყოველწლიურად 14 მარტს მსოფლიოში აღინიშნება π რიცხვის საერთაშორისო დღე.

ეს დღესასწაული მოიგონა ამერიკელმა ფიზიკოსმა ლარი შოუმ და პირველად ის აღინიშნა 1987 წელს სან ფრანცისკოს ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმში. რატომ ამ დღეს? თარიღი და დრო შეირჩა ისე, რომ გამოყენებული ყოფილიყო ამ ირაციონალური რიცხვის რაც შეიძლება მეტი ციფრი: ჯერ მოდის თვის ნომერი – 3 (ანუ მარტი), შემდეგ რიცხვი 14, ბოლოს დრო – საათი და წუთი და მიიღება π რიცხვის პირველი ციფრები 3,14159…. (დღეისათვის, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით მძიმის მერე გამოთვლილია 33 მლნ ციფრი); იგი მათემატიკური მუდმივაა, რომელიც გამოხატავს წრეწირის სიგრძის შეფარდებას დიამეტრთან. სიმბოლოთი აღნიშვნა პირველად შემოიღო ინგლისელმა მათემატიკოსმა უილიამ ჯონსმა 1706 წელს სიტყვიდან πepiфpia – წრეწირი.

წელს პირველად, სკოლის მათემატიკის პედაგოგების ინიციატივით, ამ კამპანიას შეუერთდა ჩვენი სკოლაც – ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში. იმის გამო, რომ ჩვენ გარშემო ბევრი წრიული ფორმის ნივთი მოიძებნება, მე-11 – მე-12 კლასის მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი პრაქტიკულად შეემოწმებინათ ყოველივე ,,ცოდნა კეთებით’’-ის პრინციპით და პედაგოგების დახმარებით, პრაქტიკულად გაზომეს წრიული ფორმის საგნების გარშემოწერილობები, დიამეტრები, შემდგომ გაყვეს და თავად გამოთვალეს π-ს მნიშვნელობა (ცხადია მიახლოებით), რაც ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა მათთვის;

ამავე მოსწავლეებმა, საკუთარი ინიციატივით, სკოლის ყველა მათემატიკის პედაგოგს მიულოცეს ეს დღე და საზეიმოდ გადასცეს პერსონალური ჭიქები π-ს წარწერით. შემდგომ, ამ რიცხვის ცნობადობის ასამაღლებლად, კამპანია გაგრძელდა რუსთაველის გამზირზე გამვლელების გამოკითხვით, იყვნენ თუ არა ინფორმირებულები ამ რიცხვსა და დღეზე. ჩვენმა მოსწავლეებმა ასე გაუკეთეს პოპულარიზაცია ამ მეტად საინტერესო რიცხვს და რესპოდენტებს განუმარტეს მისი წარმომავლობა. ასევე დაურიგეს სიმბოლური საჩუქრები სკოლის ემბლემითა და აქსესუარებით. გადაიღეს ამ დღის სამახსოვრო ფოტოები.

აღნიშნული კამპანიის ამსახველი ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

EDU.ARIS.GE (განათლება)