GE
29 აპრილი, 2020 15:28

მადლიერება, როგორც გასაღები – სკოლა „პროგრესის“ ბრძოლა პანდემიასთან

მსოფლიო პანდემიამ, რომელმაც არაერთი მიმართულებით კრიზისული ვითარების ჩამოყალიბება განაპირობა, შედეგად ყოველდღიურობის რუტინის ცვლილებაც გამოიწვია, შეცვალა საზრუნავი და სამყარო სრულიად ახლებურ პრობლემათა პირისპირ დააყენა. ახლო წარსულში დამდგარი საყოველთაო დაბრკოლების გათვალისწინებით, განათლების სფეროსაც, ისე როგორც არასდროს, გამოწვევებთან გამკლავება უხდება.

ნებისმიერი კრიზისის მართვისა და დაძლევისას კი მთავარი როლი ლიდერს ერგება, მეტი წილი პასუხისმგებლობაც მასზე გადის. შესაბამისად, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესის” ქსელის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნინო ჩიკვაშვილიც ის წამყვანი რგოლია, რომელიც საკუთარ პატარა სახელმწიფოს საგანგებო მდგომარეობის პირობებში მეთაურობს და ახლა გეგმის მიხედვით, განსაკუთრებული სიფრთხილით მოქმედებს.

ნინო თითქმის ორი ათეული წელია, სკოლის საქმიანობას სათავეში უდგას და სირთულეებთან შეჭიდების გამოცდილებაც დაუგროვდა; წლებთან ერთად გამომუშავებული სასარგებლო უნარ-ჩვევები, ის უპირატესობაა, რაც covid-19-თან ბრძოლის პერიოდში, წარმატებას განსაზღვრავს.

ნინო ჩიკვაშვილი თავად გვიამბობს, რა წარმოადგენს სკოლის საქმიანობის მთავარ სირთულეს გლობალური გამოწვევის კვალდაკვალ და შეგვახსენებს, რატომ არის მადლიერება გასაღები, რომელიც ყველა დახშულ კარს გააღებს…

– ნინო, მრავალი წელია ხელმძღვანელის ამპლუაში უძღვებით თქვენს მთავარ ცხოვრებისეულ გატაცებას. სკოლის არსებობის მანძილზე რა ტიპის გამოწვევებს გაიხსენებდით?

– სკოლის ცხოვრება ცოცხალი პროცესია, რაც გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა დროს, გარკვეულ გამოწვევებთან შერკინება გარდაუვალია.

მახსოვს, 2008 წლის ომის პერიოდი, როცა ყველა დაწესებულებას და მათ შორის სკოლასაც, კრიზისული პერიოდი ედგა. სწრაფ რეჟიმში იცვლებოდა რეალობა და პესიმიზმის საფუძველიც ჩანდა, თუმცა ყველაფრის გადალახვა შევძელით.

ამჟამინდელი პანდემიაც ომს მაგონებს, ესეც ბრძოლაა,თანაც უხილავ მტერთან და რეალური კრიზისის საფრთხეც არსებობს.

ამ ეტაპზე, არ ვიცით, რამდენ ხანს გასტანს არსებული პრობლემა, თუმცა ვფიქრობ, ეს პიკური პერიოდი ჯერ არც არის. იმედს ვიტოვებ, რომ იქნებ ასეთი გარდამტეხი ფაზის გარეშეც შეძლოს საქართველომ ამ ომში გამარჯვება.

რაც შეეხება სკოლის ამჟამინდელ საქმიანობას, ის უმეტესად ემოციური ვნებათაღელვისა და ფინანსური დაბრკოლებების დაბალანსების რეჟიმში იმყოფება.

– როგორ უმკლავდება სკოლა საკუთარ ფინანსურ დაბრკოლებებს და ამავდროულად რა გზებით ცდილობთ ხელი შეუწყოს გადამხდელთა ინტერესებს?

– ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში სკოლის ადმინისტრაციამ გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი თითოეული მოსწავლისთვის შეიმუშავა, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ოჯახების ინტერესები.

აქვე მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო მათ, ვინც სკოლის შეუფერხებლად მუშაობისთვის გვერდით გვიდგანან და მათთვისაც რთულ პერიოდში შესაძლებლობების გათვალისწინებით, ახერხებენ, გადასახადის სკოლისთვის გადახდას. აღნიშნავენ, რომ ეს ,,პროგრესის” მიმართ მხოლოდ მადლიერების გამოხატულებაა; ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან ნდობისა და მხარდაჭერისთვის ვუხდით მადლობას.

ალბათ, სწორედ ორმხრივი დაფასება და თანადგომაა, რაც ჩვენს საერთო მიზანს არ გადაგვახვევინებს და ვითარების გათვალისწინებითაც კი, სკოლა ახერხებს, საქმიანობა ჩვეული წარმატებით განაგრძოს.

– რამდენად რთული პერიოდი დგას თქვენთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის და როგორია თქვენი მიდგომა გუნდთან?

– ძალიან რთულია, როცა არ იცი კიდევ უფრო გართულდება სიტუაცია თუ სტაბილურად დავრჩებით ამ პირობებში და მალევე ჩავაბარებთ წარსულს უსიამოვნო პერიოდს. თუმცა, მთავარი ისაა, რომ სკოლას წინდაწინვე ჰქონდა ხედვა და გამოწვევას გეგმით ხელში დაუხვდა. ამიტომაც ვართ შემართებით და გუნდისთვისაც ოპტიმიზმი გადამდებია. მიხარია, რომ ,,პროგრესის” თითოეული რგოლი ისედაც ამით გამოირჩევა.

– თუმცა წლების გამოცდილება, ალბათ, ახლაც გეხმარებათ…

– რა თქმა უნდა. წლებთან ერთად მთავარი პრინციპი გავამყარე, რომ სიმშვიდე და გუნდის მხარდაჭერა მთავარია.

ყოველდღიურ რეჟიმში ვკითხულობ ლიტერატურას, ვუსმენ გამოცდილ ლიდერებს, რომლებიც კრიზისის დაძლევის თვალსაზრისით ბევრს გვასწავლიან.

– რა გიჩვენათ ამ პერიოდმა?

– ახლა კიდევ და კიდევ უფრო დავაფასე სკოლის საქმიანობა, პედაგოგთა ღვაწლი. ვფიქრობ, ამ პერიოდმა კიდევ უფრო გაგვაცნო ერთმანეთი და დაგვაახლოვა. ბევრმა საკუთარ ანაზღაურებაზე უარი ვთქვით, რათა თანხა სკოლის საჭიროებებს მოხმარებოდა და პასუხისმგებლობის, შეგნების საოცარი მაგალითი ვუჩვენეთ ერთმანეთს.

– რამდენად გაამართლა დისტანციური სწავლების პროექტმა? შესაძლოა არსებობდეს უნდობლობაც, რას უპასუხებდით ამის საპირწონედ?

– რასაკვირველია, ცოცხალ საგაკვეთილო პროცესს, ისევე როგორც პირისპირ ურთიერთობებს გაჯეტი ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა სიამაყით ვიტყვი რომ პროექტი შედგა. რეალურად, ახლა ბევრად მეტი საქმე გვაქვს და მეტი შრომის გაწევაც გვიწევს იმისთვის, რომ ციფრულ სამყაროში ყველაფერი დანაკლისის გარეშე გადავიტანოთ.

ჩვენს მოსწავლეებს დისტანციური სწავლების გამოცდილება ისედაც ჰქონდათ, რადგან ბევრი მასალა ხშირად ამგვარ ,,კლასგარეშე რეჟიმში” გადაიცემოდა და ამ მხრივაც მზად შევხვდით სიახლეს. მთავარი ისაა, რომ პროგრამას მივყვებით და როცა ყველაფერი გადაივლის, მივხვდებით რომ არ მოვცდენილვართ და ჩამორჩენა არ შეინიშნება, ანუ კრიზისმა ვერაფერი დაგვაკლო.

– თქვენ EUROWOMAN – ის ასოციაციის წევრიც ხართ, რომელიც წარმატებულ ქალებს აერთიანებს. რა გამოცდილებას უზიარებთ ერთმანეთს განათლების სფეროში მომუშავენი?

– გარდა იმისა, რომ ყველანი ყოველდღიურ რეჟიმში ვეცნობით საერთაშორისო რეკომენდაციებს და მათ ჩვენს საქმიანობაში ვნერგავთ, ერთმანეთთან კონტაქტს არ ვწყვეტთ და ვუზიარებთ ჩვენს პრაქტიკაში გამოცდილ სიახლეებს.

ჩვენი სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბებული ბრიტანული ბიზნეს სკოლა ის მონაპოვარია, რომლის არსებობასაც დიდი სიამაყით ვამცნობ ყველა კოლეგას. რადგან ის არამხოლოდ ბიზნესის კეთების პრაქტიკას უზიარებს მოსწავლეებს, არამედ მეწარმის აზროვნებას უყალიბებს მათ, ასწავლის კრეატიულ აზროვნებას და ფიქრის უნარს. ეს უნარები ნებისმიერ პირობებში გადარჩენაა, 21-ე საუკუნის ეპოქის გამოწვევებთან გამკლავების საუკეთესო ინსტრუმენტები.

მე ვიცი, რომ ,,პროგრესის” მოსწავლეები არც ამ პანდემიის პირობებში დაიხევენ უკან, რადგან მათ არც დაბრკოლება და არც სიახლეები არ აშინებთ. ასეთი საზოგადოება ქვეყნისთვის სასარგებლოა და გვინდა, რომ ამ ღირებულებების გაზიარებისთვის ,,ბრიტანული ბიზნეს სკოლის” წრე სხვადასხვა სკოლაშიც შევიდეს და ონლაინ გაკვეთილების სახით ჩამოყალიბდეს. ამის გამოცდილება კი უკვე ყველას გვაქვს. ვხედავთ, რომ ზოგიერთი სირთულისგან დადებითი შედეგის მიღება შესაძლებელია.

Aris.ge - განათლება განათლება