GE
21 თებერვალი, 2022 19:51

ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის (ბათუმი) მასწავლებლის თოქთამ ქეშმირის ინტერვიუ

მოსწავლეებთან ურთიერთობა დიდი პასუხისმგებლობაა და განსხვავებულ უნარებს და დამოკიდებულებას მოითხოვს მასწავლებლისგან. განსაკუთრებით, საინტერესოა მულტიკულტურულ გარემოში მუშაობა და უცხოენოვანი მასწავლებლის მეთოდების გაცნობა. ამიტომაც გთავაზობთ ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის მასწავლებლის თოქთამ ქეშმირის ინტერვიუს თავის განწყობებსა და სწავლების მეთოდებზე.

1. როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლებაში?

ყველაზე მნიშნელოვანი მასწავლებლისთვის არის მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. მასწავლებელი უნდა იყოს მომთმენი. ყველა მოსწავლეს არ აქვს სწავლის ერთნაირი უნარი, ამიტომაც უნდა მოვერგოთ თითოეულს და შევუწყოთ ხელი სწავლის უნარები განივითარონ. მასწავლებელი ასევე უნდა ასწავლიდეს მორალურ ღირებულებებს საგანმანათლებლო საგნებთან ერთად. ის უნდა იყოს კარგი მსმენელი, თუნდაც კარგი ფსიქოლოგი, რომელსაც შეუძლია დაიმსახუროს ნდობა მოსწავლის მხრიდან და გაუზიაროს ის, რაზეც სხვასთან ვერ ისაუბრებს. მე პირადად მიხარია, რომ ხანდახან ჩემი მოსწავლეები და მშობლები საკუთარ პრობლემებს მიზიარებენ და მაქსიმალურად ვცდილობ დავეხმარო მათ მოგვარებაში.

2. რა მეთოდებს იყენებთ გაკვეთილების გასაუმჯობესებლად?

ინფორმაციის უკეთ აღქმისთვის ვცდილობ რეალურ ცხოვრებაში არსებული მაგალითები მოვუყვანო და გავაგებინო, რას ეხება თემა. ბავშვმა კარგად უნდა შეიმეცნოს და გაიაზროს, სხვანაირად მას გაუჭირდება დასწავლა და დამახსოვრება.

3. როგორია მოსწავლეების გამოხმაურება, რაზე მიგანიშნებთ მათი კომენტარები?

ჩემთვის საუკეთესო მანიშნებელია, მოსწავლემ რამდენად ისწავლა გაკვეთილი, შეუძლია თუ არა პასუხები გასცეს კითხვებს, რომელიც განსხვავებული ფორმით შეიძლება დავსვა. საგნის დაზეპირება არ არის გამოსავალი, ის ადვილად დაავიწყდებათ. კარგად უნდა გაიაზრონ თითოეული საკითხი და შეიმეცნონ.

4. რა არის მიმზიდველი იმ საგანში, რომელსაც ასწავლით?

სკოლა პროგრესში ვასწავლი საგანს, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს გარემო შეიმეცნონ. ზოგიერთი საკითხი რთულია, ამიტომაც მაქსიმალურ კონცენტრირებას მოითხოვს. ყოველთვის ვცდილობ პრაქტიკული სესიები მქონდეს და ამ სფეროში გამოჩენილი პირების ისტორიებით და ექსპერიმენტებზე საუბრით, დავაინტერესო.

5. რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა დისტანციურ სწავლებაში და როგორ პოულობთ გამოსავალს?

დისტანციური სწავლებისას მთავარი გამოწვევაა ყურადღების კონცენტრირება, ამიტომაც მუდმივად ვცდილობ კითხვები დავსვა, გაიმეორონ რა ვთქვი, ინტერაქტიული იყოს მაქსიმალურად ჩვენი შეხვედრა. არის შემთხვევები, როდესაც მოსწავლეს სურს კარგი ნიშანი და სხვადასხვა მეთოდს მიმართავს ამისთვის. მასწავლებელმა კარგად უნდა აუხსნას, რომ ნიშანზე მნიშვნელოვანი ცოდნის მიღებაა, ამიტომაც მთელი ენერგია სწორედ სწავლასა და უნარების გამომუშავებაში უნდა ჩადონ.

6. გაიხსენეთ რაიმე წარმატებული ისტორია.

ბევრის მოყოლა შეიძლება, თუმცა ერთს გავიხსენებ. ერთი მოსწავლე მყავდა, რომელსაც არ უყვარდა სწავლა, არანაირი ინტერესი და სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ გაკვეთილების შემდეგ ვრჩებოდით და ვსაუბრობდით, ყველანაირად ვცდილობდი მის მოტივირებას და შედეგიც დადგა. დღეს ის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია და ხშირად გვაქვს ერთმანეთთან კომუნიკაცია.

7. რას აკეთებთ, როცა თავისუფალი დრო გაქვთ? რა არის თქვენი ჰობი და სამომავლო პერსპექტივები?

თავისუფალ დროს მიყვარს მოგზაურობა, სამედიცინო წიგნების კითხვა. თავისუფალ დროსაც ზოგჯერ სკოლის თემებს ვუთმობ, პოსტერებს ვაკეთებ, ვიზუალურ საშუალებებს, რომ მოსწავლეებს ადვილად ავუხსნა გაკვეთილი და დავაინტერესო საგნით.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი ახალი სასწავლო წლიდან ახალ კამპუსში გადადის, რომელიც კეთილმოწყობილი იქნება თანამედროვე ინფრაქტრუქტურით, ბიბლიოთეკებითა და ლაბორატორიებით.

EDU.ARIS.GE - სკოლები