გაიცანით ლელა მიქელაძე, სკოლა “პროგრესის” (ბათუმი) წამყვანი მასწავლებელი
ლელა მიქელაძე ის გამორჩეული მასწავლებელია, რომლის გაკვეთილზე ყოფნა სახალისო, შემოქმედებითი, საგანმანათლებლო და ემოციურია. სკოლა “პროგრესის” ხელოვნებათმცოდნე, წამყვანი მასწავლებელი სამი ათეული წელია მოსწავლეებს და კოლეგებს ახალი მიდგომებით აოცებს.
მიღებული აქვს სიგელები და ჯილდოები საქართველოს ი. გოგებაშვილის პედაგოგიური კავშირის აჭარის ორგანიზაციიდან და აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროდან.
არის სამეცნიერო სტატიების, სახელმძღვანელოს და სხვა გამოცემების ავტორი. ქმნის სასწავლო რესურსებს სახელოვნებო და საგანმანათლებლო თემებზე. ლელა მასწავლებლის გაკვეთილებზე შექმნილი შემოქმედებითი ნამუშევრები მოსწავლეების ოჯახებში საპატიო ადგილზე დევს და ისინი განსაკუთრებული სიფრთხილით და სიფაქიზით ეპყრობიან მათ მიერ შექმნილ შედევრებს.
გთავაზობთ ინტერვიუს ლელა მიქელაძესთან:
ხელოვნებას რამდენად ავითარებს მოტორიკას და განწყობასაც აუმჯობესებს?
ხელოვნება მშვენიერების სამყაროა, რომელიც აღსავსეა მუსიკალური ბგერებით, მხატვრული ფერებით და მხატვრული სიტყვით. ის სინამდვილისა და მოგონილის სინთეზია, სადაც ჩვენ ფიზიკურად ვმონაწილეობთ.
სკოლაში როდესაც ვქმნით ან ჩაბმული ვართ ხელოვნების გაკვეთილების აქტივობებში, ჩვენ ვავარჯიშებთ აზროვნების ისეთ უნარებს, როგორიც არის ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი, შეფასება და ამასთან განვიცდით, ვგრძნობთ და გავცემთ ემოციებს. ხელოვნების გაკვეთილები სახალისოა და სასიამოვნო გზით ეხმარება ბავშვს თვითგამოხატვასა და თვითრეალიზებაში.
ბავშვი დაწყებით კლასში იყენებს და სწავლობს მაკრატლის სწორად დაჭერას და ფიგურის გამოჭრას, ქაღალდის დაწებებას, ასოების მოხაზულობას, ხატვას და გაფერადებას. ხელოვნების გაკვეთილები ეხმარება ყველა საგნის დავალების გაფორმებაში. მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვმა ეს ყველაფერი დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს და მიეჩვიოს. აქტივობები ეხმარება ბავშვს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში, ავითარებს აბსტრაქტულ აზროვნებას, ხელს უწყობს მოტორული უნარების დახვეწას. აუმჯობესებს განწყობას და ამაღლებს შინაგან მოტივაციას.
როგორ ახერხებთ ამდენი ენერგიის ჩადებას თქვენ საქმეში?
მთავარია მონდომება და საქმის სიყვარული. როცა გაკვეთილზე მოსწავლე თეორიულად ისმენს საინტერესო ინფორმაციას, ყოველთვის ვცდილობ ვაჩვენო შესაბამისი ელექტრონული რესურსი, ვიდეორგოლი, ფოტო მასალა. ყველა მოსწავლე თავისი ხელით ქმნის შემოქმედებით ნამუშევარს, რომელშიც ხედავს სილამაზეს, ფერს, დაინტერესებულია, ითხოვს რეკომედაციებს, რომელსაც გავცემ. როცა მოსწავლე დაასრულებს ნამუშევარს, უკვე შედევრია. მე მომწონს მათი ჩართულობა და მონდომება. მთავარია ნებისმიერი საქმიანობის დროს დროის სწორად განაწილება.
მოსწავლეებს შეუძლიათ წარმოსახვის, იდეებისა და განცდების ფიზიკური გამოხატვა შემოქმედებაში. ვინაიდან დაწყებით კლასებში ბავშვის აზროვნება თვალსაჩინო და ხატოვანია, ვიყენებ სხვადასხვა მასალას. ვზრდი ბავშვის ინტერესს გაკვეთილის გამოყენებით. მეც ვიზრდები მოსწავლეებთან ერთად.
როგორ უზიარებთ სხვა მასწავლებლებს თქვენს გამოცდილებას?
მასწავლებლებს გამოცდილებას სიამოვნებით ვუზიარებ სხვადასხვა თემაზე. შეხვედრების დროს კოლეგები დიდი ინტერესით იღებენ ინფორმაციას. მაქვს დადებითი უკუკავშირი, რაც ძალიან მახარებს. მიხარია მათი დამოკიდებულება ჩემდამი. ადა¬მი¬ა¬ნი და¬ბა¬დე¬ბი¬დან გა¬მოც¬დი¬ლე¬ბის მი¬ღე¬ბის სა¬შუ¬ა¬ლე¬ბით სწავ¬ლობს, ეს კი გავ¬ლე¬ნას ახ¬დენს მის შემ¬დ¬გომ ქცე¬ვა¬ზე.
გამოცდილება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფორმა, რომლითაც ჩვენ გამოცდილება მოგვეწოდება. მეხსიერებაში დადებითად აისახება გაზიარებული გამოცდილების პრაქტიკაში სწორად გამოყენება. ყველა გამოცდილებას აქვს მნიშვნელობა – სწავლა. ჩემი კოლეგებიც მიზიარებენ გამოცდილებას და საინტერესო იდეებს, რომელსაც ხშირად ერთად ვახორციელებთ სასკოლო სივრცეში. კოლეგიალურობა, ურთიერთთანამშრომლობა, ერთმანეთის სიტყვისა და საქმის დაფასება და გუნდურობაა მთავარი პრინციპი წარმატებისთვის!
ვიზუალური მასალების შექმნა როდის დაიწყეთ და რამდენად მნიშვნელოვანია ეს სწავლების დროს?
სასწავლო პროცესში ვიზუალური მეთოდების გამოყენება მოსწავლეების ვიზუალურ მხატვრული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს, ააქტიურებს ყურადღებას და შემეცნების უნარს. ვითვალისწინებ მოსწავლეთა შესაძლებლობებს, მათ ინტერესებს და ხელს ვუწყობ შინაგან მოტივაციას. ინტერესის აღძვრასა და შინაგანი მოტივაციის შექმნაში დიდი როლი ენიჭება რესურსებს, კერძოდ კი, თვალსაჩინოებას. მოსწავლის მიერ შექმნილ შემოქმედებით ნამუშევარს სჭირდება შესაბამის ჩარჩოში ჩასმა, გაფორმება, ავტორის გვარისა და სახელის მითითება, საკლასო ან სასკოლო გამოფენაზე წარდგენა. მოსწავლეებს უხარიათ, როცა ნამუშევრები სხვებისგან მოწონებას იმსახურებს.
როგორც ვიცი ვიდეოების ჩაწერას გეგმავთ, სადაც ასწავლით მშობლებს როგორ ასწავლონ ბავშვებს
დიახ, სწავლების დროს მნიშვნელოვანია მშობლის როლი. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოში და მსოფლიოში ბევრი რამ შეცვალა. ყველასთვის დიდი გამოწვევა იყო დისტანციური გაკვეთილების ჩატარება. ძალიან მოკლე დროში საჭირო გახდა ტექნოლოგიების გამოყენება და ეფექტური სწავლებისთვის სხვადასხვა ელექტრონული რესურსის მოძიება. ონლაინ სივრცეში გაკვეთილები საინტერესო და მიმზიდველი რომ ყოფილიყო, დავიწყე საკუთარი ვიდეორგოლების შექმნა საგნებისა და გაკვეთილების მიხედვით. ტექნოლოგიის გამოყენებამ და ელექტრონული რესურსების მიწოდებამ მოსწავლეებში დადებითი ემოციები და სიხარული გამოიწვია. მშობლებიც დაინტერესდნენ და ყველა აქტიურად ჩაერთო გაკვეთილში. ვიდეორგოლები გავუზიარე სხვადასხვა ჯგუფებს და დაინტერესებულ საზოგადოებას. თემატურად ყველა მასალა ატვირთულია ინტერნეტგვერდზე.
რა არის მთავარი პროფესიაში, უნდა დაიბადოს ადამიანი მოწოდებით პედაგოგი თუ შეიძლება ამის სწავლა?
თანამედროვე სამყაროში არის 40 ათასზე მეტი სხვადასხვა სახის საქმიანობა. მხოლოდ ინდუსტრიასა და მშენებლობაში დაახლოებით სამი ათასი პროფესიაა, რომ აღარაფერი ვთქვათ სასიცოცხლო საქმიანობის ყველა სხვა სფეროზე. პედაგოგიური საქმიანობა ადამიანის საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა. ეს არის სოციალური საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს გარკვეული გამოცდილების გადაცემას, განვითარებასა და გარკვეული განხორციელების მომზადებას. სხვის სწავლებას უფრო მეტი ინტელექტი სჭირდება, ვიდრე საკუთარი თავის სწავლებას. მასწავლებელი არის ადამიანი, რომელმაც უკეთ იცის სხვისი შვილების აღზრდა, ვიდრე საკუთარის. ადამიანი უნდა დაიბადოს როგორც პედაგოგი და მასწავლებელი. ის ხელმძღვანელობს თანდაყოლილი ტაქტით. უნდა გიყვარდეს შენი საქმე და გულმოდგინედ ასრულებდე შენზე დაკისრებულ მოვალეობას. ნებისმიერი პროფესიის შესწავლა შესაძლებელია, თუ ადამიანს სჭირდება და აინტერესებს. მთავარია მონდომება და დიდი პასუხისმგებლობა.
რა გახარებთ ყველაზე მეტად?
მახარებს ჩემი ქალაქის ლამაზი დილა, ცისფერი ზღვა, მშვიდობიანი დღეები. მახარებს ის, რომ შემიძლია მოსწავლეებს მივანიჭო სიხარული. მე მიყვარს ის, რასაც ვასწავლი და ვაფასებ იმას, ვისაც ვასწავლი. როცა დაწყებითი საფეხურის დასრულების შემდეგ ჩემი მოსწავლეები გადადიან მაღალ კლასებში, სხვა მასწავლებლებისგან და კოლეგებისგან მესმის ქება მათი ცოდნის, ქცევის და წარმატებების შესახებ, რაც ძალიან მახარებს. დიდი მადლობა ყველა მასწავლებელს მადლიერებისთვის, ხოლო ყველა მოსწავლეს და მშობელს ვუსურვებ მშვიდობიან მომავალს და დასახული მიზნების ასრულებას.
ხელოვნების რომელ მიმართულებებს ფლობთ?
ჩემი ცხოვრება შემოქმედებითი საქმიანობაა. ვცხოვრობ ხელოვნებასთან ერთად. მაქვს ჩემი იდეები, ესთეტიკური ფასეულობები, როგორიცაა სილამაზე, ჰარმონია ან წონასწორობა. ვხატავ, ვძერწავ, ვქსოვ, ვქმნი ნამუშევრებს. მიყვარს აკვარელით და გუაშით ხატვა. მონაწილეობას ვიღებ გამოფენებში.
საქმის დროს მიყვარს სიმღერა, ვამღერებ სხვებსაც. ხშირად ვღიღინებ, ვუსმენ მუსიკას.
სხვადასხვა თემაზე ვქმნი საინტერესო ელექტრონულ რესურსებს. ვუზიარებ მოსწავლეებს, კოლეგებს, დაინტერესებულ საზოგადოებას.
დავეუფლე ებრუს – წყალზე ხატვას, თუმცა ამაზე მოკლედ საუბარი შეუძლებელია.
რას გეგმავთ მომავალში?
საკუთარი და საზოგადო გეგმები უხვად მაქვს. რამდენიმეს ჩამოვთვლი. მომავალში ისევ გავაგრძელებ იმ საქმიანობას, რასაც ახლა ვაკეთებ. მიმდინარე სასწავლო წლის ბოლოს მოვაწყობ მოსწავლეთა შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენას. შემდეგ ყველა მოსწავლეს დავურიგებ მათ შედევრებს სამახსოვროდ. გამოვცემ მესამე ილუსტრირებულ წიგნს, სადაც თავმოყრილი იქნება სხვადასხვა თემაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციები. ისევ შევქმნი ელექტრონულ რესურსებს, მოვაწყობ დიდ სახელოსნოს, სადაც მივიღებ ხელოვნებისადმი დაინტერესებულ საზოგადოებას. ისევ გავაგრძელებ ხატვას, ძერწვას, ქსოვას და აუცილებლად სიმღერას.
გმადლობთ ყურადღებისთვის!
ავტ, სკოლა პროგრესი (ბათუმი)