„მადლიერებას ვერ ასწავლით კონკრეტული ფორმულით!“ – განათლების სპეციალისტის ხედვა და მიმართვა მშობლებს
„მადლიერება მხოლოდ სასიამოვნო გრძნობა არაა. მადლიერი ადამიანი კმაყოფილია, ბედნიერი, კეთილგანწყობილი და აქტიური“, – ამის შესახებ განათლების სპეციალისტი, თეა იობიძე EDU.ARIS.GE-ს დღეს, 9 დეკემბერს ესაუბრა.
თეო მოსწავლეთა მშობლებს მადლიერების სწავლებასთან დაკავშირებულ საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.
„ვფიქრობ, მადლიერების სწავლა არ შეიძლება კონკრეტული ფორმულით. მადლიერებას ბავშვი ეტაპობრივად შეიგრძნობს. თუ ბავშვი/მოსწავლე ხშირად შეიგრძნობს მისი საქციელით გამოწვეულ მადლიერების სიამოვნებას, დაინახავს როგორი მადლიერია უფროსი მისი კარგი საქციელით თუ ქმედებით, მერე თვითონაც გაუჩნდება სურვილი მადლიერება გამოხატოს სხვის სიკეთეზე და მასაც იგივე განაცდევინოს. განა რა შეედრება ადამიანს, ვისაც კარგის დანახვა და მადლობის გადახდა შეუძლია“, – გვიხსნის მასწავლებელი.
და როგორ ვიმუშაოთ ეტაპობრივად მადლიერების გრძნობის განვითარებისთვის?
აი, რას გირჩევთ სპეციალისტი:
მადლიერი მშობლები მადლიერ შვილებს ზრდიან – თუ მოსწავლეს აჩვენებთ როგორი მნიშვნელოვანია ყველა ადამიანი თქვენთვის, ის თქვენგან აუცილებლად დაისწავლის მადლიერებას.
გაიზიარეთ მადლიერება – ჩამოაყალიბეთ ასეთი ჩვევა: სადილის მაგიდასთან სთხოვეთ შვილებს, რომ გაგიზიარონ სამი რამ, რისთვისაც მადლიერნი არიან, ეს მნიშვნელოვანია.
წაახალისეთ, მაგრამ არ გადააჭარბოთ – მნიშვნელოვანია გამონახოთ სწორი ბალანსი, როდესაც საქმე ეხება თქვენი შვილის მადლიერების წახალისებას. შეაქეთ და აგრძნობინეთ კმაყოფილება, მაგრამ არ გადააჭარბოთ.
მადლიერი ადამიანი ყოველთვის კეთილია – თუ თქვენი შვილი კეთილია ის აუცილებლად იქნება მადლიერიც. ამიტომ პირველ ეტაპზე იმუშავეთ იმაზე, თუ როგორ გახდეს ის კეთილი. შეძლოს საკუთარი დადებითი მხარეების ჩვენება.
ასევე იხილეთ: