GE
30 ივნისი, 2022 15:43

„მასწავლებლის სახეზე უნდა ჩანდეს, რომ სიკეთის კეთება შეუძლია“ – როგორ ირჩევს სკოლა „ჰელიოსის“ დირექტორი პედაგოგებს

„თუ სკოლაში ბავშვი თავს კარგად არ გრძნობს, ის არ არის ბედნიერი. მისი უნდა ესმოდეთ, უნდა უყვარდეთ, მისი მოსვლა უნდა უხაროდეთ“, – ამბობს სკოლა „ჰელიოსის“ დირექტორი, ქეთი ვეშაპიძე EDU.ARIS.GE-სთან და თავს ბედნიერად მიიჩნევს, რადგან მოსწავლეები მუდმივად გარს ეხვევიან და ეხუტებიან.

კერძო სკოლის დირექტორი ინტერვიუში ასევე გვიყვება, რას მიიჩნევს მთავარ კრიტერიუმად, რის მიხედვითაც სკოლაში პედაგოგებს ასაქმებს და რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ „ჰელიოსის“ მასწავლებლობა გინდათ.

– სწავლება უფრო მეტია, ვიდრე გაკვეთილები?

– რა თქმა უნდა, უფრო მეტია! გაკვეთილში არ უნდა მოიაზრებოდეს მხოლოდ წიგნიდან სწავლება. სკოლა ყველაფრის მასწავლებელი უნდა იყოს. ქცევის წესები, ცხოვრებისადმი დამოკიდებულება, მეგობრებთან თუ უფროსებთან დამოკიდებულება – სკოლა უნდა იყოს ამ ყველაფრის სწავლების წყარო. პირველ რიგში, ბავშვმა ქცევის წესები უნდა იცოდეს, რადგან რასაც მე ვუყურებ, ჩვენს საზოგადოებას ეს განსაკუთრებით აკლია. გვაკლია დაფიქრება იმაზეც, რა და როგორ ვილაპარაკოთ. სწორად მეტყველებაა ძლიან მნიშნელოვანი. ეს ყველაფერი სკოლამ უნდა ასწავლოს, რომ ბავშვმა თავისი თავი სოციუმში კარგად დაიმკვიდროს.

– რას ნიშნავს კარგად სწავლება და რაზე უნდა ზრუნავდეს მასწავლებელი?

– მასწავლებელმა ისე საინტერესოდ უნდა მიაწოდოს ის საგანი და მისი საწყისები, რასაც ასწავლის, რომ ბავშვი თვითონაც დაინტერესდეს, უფრო მეტის სწავლა მოუნდეს და თავად დაიწყოს სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება. სწორად და საინტერესოდ უნდა მიაწოდო მოსწავლეს საგანი და ამაში უნდა ჩართო ელექტრონული რესურსი და ა. შ. მასწავლებელზეა დამოკიდებული, როგორ შეაყვარებს იმ საგანს, რომელსაც ასწავლის.

ყველა ბავშვს ერთნაირად ვერ დააინტერესებ ერთ საგანში და თითოეულს უნდა მოუძებნო თავისი გასაღები. მცირერიცხოვანი კლასები იმიტომ არის კარგი, რომ თითოეულ ბავშვს აუღო ალღო, მიხვდე, რა აინტერესებს ამ საგანში და იქით მისცე მიმართულება. ასეთ დროს ბავშვი აუცილებლად დაინტერესდება ამ საგნით.

– რას ითვალისწინებთ მასწავლებლის სკოლაში დასაქმებისას, რას თვლით, ყველაზე მნიშვნელოვან უნარად, რომელიც პედაგოგს აუცილებლად უნდა ჰქონდეს?

– ყველაზე მთავარი ის არის, რომ პედაგოგს ბავშვები და თავისი საგანი უყვარდეს. მნიშნელოვანია, გაკვეთილის ჩატარების როგორი უნარი აქვს – რით იწყებს გაკვეთილს, როგორ აგრძელებს… ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ მასწავლებლის მეტყველებას. იშვიათი გახდა სწორად მეტყველი მასწავლებელი და ეს არის ჩვენი უბედურება. რაც უფრო სწორია მასწავლებლის მეტყველება, უკეთესია მისი გაკვეთილები. ბავშვისთვის თითოეული ადამიანის მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც გესმის ბავშვს, მერე ისე გადმოსცემ. ამიტომაც არის ძალიან მნიშნელოვანი, მასწავლებელს მეტყველება ჰქონდეს ისეთი, რომ მისი ნათქვამი ყველა ბავშვისთვის კარგი მოსასმენი იყოს.

მასწავლებელს თითოეული ბავშვი უნდა უყვარდეს და განიცდიდეს მათ ამბავს. შეიძლება შვილი არ ჰყავდეს, მაგრამ ისე უნდა მოექცეს ყველა იმ ბავშვს, რომელიც მას გაკვეთილზე აბარია, როგორც თავის შვილს მოექცეოდა.

ჩემთვის. ასევე ძალიან მნიშნელოვანია, მასწავლებლის სახეზე ყოველთვის იყოს ღიმილი და ჩანდეს, რომ სიკეთის კეთება შეუძლია. სითბო თუ არ გამოხატე ბავშვთან, არაფერი გამოგივა.

– ბედნიერი ბავშვობისთვის რამდენად აუცილებელია მოსწავლეს უყვარდეს მასწავლებელი და როგორ უნდა მოახერხოს ეს პედაგოგმა?

– რა თქმა უნდა, აუცილებელია და ბედნიერი ვარ, რომ თითოეულ ჩვენს მოსწავლეს უყვარს სკოლა. მშობლები გვეუბნებიან, რომ სკოლიდან წასვლა აღარ უნდათ ხოლმე და ეს ყველაფრის მთქმელია. ბავშვი ბედნიერია, როდესაც თავს ძალიან კარგად გრძნობს საბავშვო ბაღსა და სკოლაში. სკოლა და ბაღი აკვანია ბავშვის აღზრდისა, ამ სოციუმში თუ ბავშვი თავს კარგად ვერ გრძნობს, ის ნამდვილად არ არის ბედნიერი. მისი უნდა ესმოდეთ, ის უნდა უყვარდეთ, მისი მოსვლა უნდა უხაროდეთ – ეს აბედნიერებს ბავშვს და ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული სკოლა.

ბავშვის ფსიქიკა დაუცველია და პატარა დარტყმა, რომელსაც სიტყვით მიაყენებ, ეკალივით ესობა. ამიტომაც, უფროსმა, სანამ რამეს ეტყვის ბავშვს, კარგად უნდა გაიაზროს, რათა მას ტრავმირებული სული არ დაუტოვოს.

როცა ბავშვი მოდის და გეხუტება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის თავს კარგად გრძნობს და იგივე სითბოს იბრუნებს უკან. ბედნიერი ვარ, რომ მოდიან და მეხუტებიან ჩვენი მოსწავლეები. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვებს სკოლაში ყოფნა უხარიათ და კომფორტულად არიან. მასწავლებელი თბილი და ყურადღებიანი უნდა იყოს და თითოეული სიტყვა გაიაზროს, რას ეუბნება, რომ არ დააზიანოს მისი სათუთი გრძნობები.

ასევე იხილეთ:

სკოლის დირექტორი: შევდივარ თითოეულ კლასში და მათ ბავშვთა უფლებებზე ვესაუბრები

სკოლის დირექტორი: „დღევანდელ თაობასთან სიმკაცრით შედეგზე ვერ გახვალ, გამორიცხულია და მხოლოდ სიყვარულით უნდა მიუდგე“

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში