სკოლის დირექტორი: „დღევანდელ თაობასთან სიმკაცრით შედეგზე ვერ გახვალ, გამორიცხულია და მხოლოდ სიყვარულით უნდა მიუდგე“
თბილისის 142-ე საჯარო სკოლის დირექტორის, ეკატერინე ენდელაძისთვის ბავშვი თიხაა, რომელსაც უფროსებმა უნდა მისცენ ბევრი ლამაზი დანიშნულება და ეს მხოლოდ სიყვარულის გაზიარებით შეიძლება.
სკოლის დირექტორი EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ როდესაც მოსწავლესა და მასწავლებელს შორის კონფლიქტს აწყდება, ხშირ შემთხვევაში, ირკვევა, მოსწავლე არ ტყუის და უფროსებმა უნდა გადახედონ მისადმი დამოკიდებულებებს.
-რას მიიჩნევთ ყველაზე წარმატებული პროექტად, რომელიც სკოლაში განახორციელეთ და მოსწავლეებზე სასიკეთო გავლენა მოახდინა?
-სკოლაში ხორციელდება სასკოლო პროექტი „თავისუფლება მრავალფეროვნებაში“, რომლის ფარგლებშიც ტარდება კულტურული და სასწავლო-შემეცნებითი აქტივობები. ძალიან შთამბეჭდავი იყო ამ თემაზე მომზადებული სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია, რომელშიც ჩართულნი იყვნენ მასწავლებლები, მოსწავლეები და ყველა თემა ეძღვნებოდა ტოლერანტობას და ზოგადად, ტოლერანტულ განათლებას. ჩვენთან რუსულ-ქართული სექტორი ფუნქციონირებს და განსაკუთრებით მომგებიანი იყო მსგავსი პროექტი, რათა ეს ორი სექტორი მაქსიმალურად დაახლოებოდა ერთმანეთს და არ ყოფილიყო რამე სირთულე ურთიერთობის ამ ეტაპზე.
-რა აკეთილშობილებს მოსწავლეს?
-კეთილგანწყობა. განწყობის თეორიის დიდი მომხრე ვარ. ბუმერანგის პრინციპი მოქმედებს – რასაც გასცემ, იგივე გიბრუნდება. როგორც მექცევი მოსწავლეს, იმავე დამოკიდებულებას მიიღებ მისგანაც. მიხარია, როდესაც სკოლაში შევდივარ და ისეთი ღიმილით და სიყვარულით მესალმებიან, რომ საოცარ ენერგეტიკას ვიღებ მათგან და მთელი დღე ბედნიერი ვარ. სკოლაში ფიზიკას ვასწავლი. საგანი რთულია, მაგრამ თუკი ეს იქნება ბავშვისთვის მისაწვდომად გადაცემული და ინდივიდუალურ მიდგომებს გამოიყენებ, ვერ გეტყვით, რომ ყველა კარგად ისწავლის, მაგრამ მინიმალურ ბარიერს ყველა გადალახავს.
-პედაგოგები ხშირად ჩივიან, რომ მოსწავლეებს უფრო მეტი უფლებები აქვთ, ვიდრე პედაგოგებს…
-არ ვსაუბრობ თავზე ხელის გადასმაზე, მაგრამ როდესაც მოსწავლემ იცის, რომ გიყვარს, მისგანაც შესაბამის რეაქციას და პასუხს მიიღებ, იქნება ეს დამოკიდებულება, სასკოლო ქცევა თუ სასწავლო მზაობა. თუ ბავშვის მიმართ ხარ კეთილგანწყობილი და მასთან ხარ მართალი, ამას ყველაზე კარგად ხედავს და გამორიცხულია, არ დაგემორჩილოს. მთავარია, მოსწავლემ არ დაინახოს თუნდაც დაფარული აგრესია, რაც ძალიან კარგად ჩანს და ბავშვი მით უმეტეს, კარგად გრძნობს. უნდა გადასცე დადებითი ენერგეტიკა – თბილი განწყობით და ღიმილიანი სახით. თუ მასწავლებელს ეს შეუძლია, მაშინ იმავეს მიიღებს მოსწავლისგან, აგრესია კი აგრესიას შობს. დღევანდელ თაობასთან სიმკაცრით შედეგზე ვერ გახვალ, გამორიცხულია, მხოლოდ ტაქტით და სიყვარულით უნდა მიუდგე.
–როდესაც ბავშვს რომელიმე მასწავლებელთან კონფლიქტი აქვს, როგორ აგვარებთ?
-ორივე მხარეს ვუსმენ აუცილებლად და ვცდილობ, მივიდე კონსენსუსამდე და გავიგო, რაშია პრობლემის არსი. უმეტეს შემთხვევაში, მოსწავლეა მართალი. ჩვენ თმენის ვალდებულება გვაქვს და მეტი დიპლომატია მოგვეთხოვება. თუ ბავშვი რომელიმე მასწავლებელთან არის კარგ დამოკიდებულებაში და სხვა მასწავლებელთან აგრესიული, ცუდი დამოკიდებულება აქვს, ესე იგი, ბავშვი მართლა არ არის მტყუანი და უნდა გადაიხედოს ზედა რგოლი. ასეთ დროს, გამოდის, რომ ბავშვთან შეიძლება საერთო ენის გამონახვა და მისი ინტერესების საკეთილდღეოდ გამოყენება. ანუ უფროსებმა უნდა გადავხედოთ და დავუფიქრდეთ ჩვენს დამოკიდებულებას. ასე რომ, მასწავლებლებისგან მეტს ვითხოვ. ბავშვი თიხაა, რომელიც უნდა გამოძერწო და მისცე ძალიან ბევრი ლამაზი დანიშნულება.
ასევე იხილეთ:
„ეს იყო ემოციების ფოიერვერკი“ – თბილისის 23-ე საჯარო სკოლის დირექტორი ფრენბურთის ჩემპიონატზე