GE
17 ივნისი, 2022 18:34

სკოლის დირექტორი: შევდივარ თითოეულ კლასში და მათ ბავშვთა უფლებებზე ვესაუბრები

„თუ ჩვენ გვინდა დემოკრატიული სახელმწიფო, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, როგორ აღვზარდოთ მოსწავლე“, – ამბობს ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი, ცირა ქობულაძე, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებებისა და სამოქალაქო თვითშეგნების გაღვივება.

ცირა ქობულაძის აზრით, წარმატებულია სკოლა, სადაც სამოქალაქო განათლება შესაფერის დონეზე ისწავლება და პედაგოგები მოსწავლეებთან ურთიერთობაში თანამედროვე მეთოდებს იყენებენ.

ბათუმელმა სკოლის დირექტორმა EDU.ARIS.GE-ს კითხვებს უპასუხა.

-ქალბატონო ცირა, რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სამოქალაქო განათლების სწავლება სკოლაში?

-რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მოსწავლის აღმზრდელი მასწავლებელია, რომელსაც კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რას ასწავლის მოსწავლეს საკუთარი უფლებების და თავისუფლებების დაცვის კუთხით. ადამიანის მოქალაქედ ჩამოყალიბებაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი სწორედ სკოლას აქვს და უპირველესია, სამოქალაქო ღირებულებების სწორად გაგება და ბავშვებამდე მიტანა.

როგორც სკოლის ხელმძღვანელი, მხარს ვუჭერ მოსწავლეთა სამოქალაქო აღზრდას როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ გარემოში. ჩვენი მოსწავლეები აქტიური და თავისუფალი თანამონაწილეები არიან სკოლის ცხოვრების. მე პირადად შევდივარ თითოეულ კლასში და მათ ბავშვთა უფლებებზე ვესაუბრები. იქ ვაგროვებ იდეებს, რომლებსაც შემდეგ ვახარისხებთ. რომ გამოიკვეთება უმნიშვნელოვანესი იდეა კლასებს შორის, მერე, ამ პროცესის დაგეგმვას და მართვას მასწავლებლებთან ერთად უზრუნველვყოფ. მოსწავლეებს ვეხმარებით, როგორ გაიაზრონ, როგორ გადაჭრან სხვადასხვა პრობლემები იმ იდეის ირგვლივ, როგორ განახორციელონ სხვადასხვა აქტივობა, როგორ მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა საქმიანობაში…

-კონკრეტულად როგორ გესახებათ სკოლის როლი მომავალი თაობის ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდის საქმეში?

-ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობ და მოსწავლეთა გააქტიურებისთვის ყველაფერს ვაკეთებ. მნიშვნელოვანია, დისკრიმინაციის გამოვლენა არ მოხდეს სკოლაში. ყველაზე მთავარი ცოდნა, რაც მოსწავლეებმა სკოლაში უნდა მიიღონ, ჩემი აზრით, არის ის, რომ შეეძლოთ რეალური ნაბიჯების გადადგმა და საზოგადოებისთვის რაღაც სასარგებლო საქმის გაკეთება. ასევე, ცხოვრებაში რომ პრობლემებს შეხვდებიან, მისი გადალახვა არ გაუჭირდეთ. რა თქმა უნდა, ოჯახს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ყველაზე დიდი როლი ამაში, მაინც სკოლას აქვს. კარგი იქნება, თუ არამხოლოდ სამოქალაქო განათლების პედაგოგები, არამედ სხვა საგნის მასწავლებლებიც აქტიურად იქნებიან ჩართული მოსწავლეების ასეთ აღზრდაში, მათაც შევთავაზებთ, რომ მსგავს პროექტებში მიიღონ მონაწილეობა. ერთი სიტყვით, თუ ამ კუთხით გავააქტიურებთ მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მხოლოდ მივესალმები.

-ხომ არ ფიქრობთ, რომ საუკეთესო ვარიანტია, როდესაც სკოლის დირექტორი თვითონ არის სამოქალაქო განათლების სპეციალისტი?

-აუცილებელი არ არის, დირექტორი სამოქალაქო განათლების სპეციალისტი იყოს, თუმცა მნიშვნელოვანია, როგორი მოქალაქეა თვითონ და როგორი დამოკიდებულებები აქვს სხვადასხვა საკითხის მიმართ. მომხრე ვარ, რომ სკოლის დირექტორებმა, წლის ბოლოს, ყველას წინაშე წარმოადგინონ თავიანთი მუშაობის ანგარიში და ეს სავალდებულო გახდეს. სკოლის მუშაობის ხარისხს როგორ უნდა დავაკვირდეთ, თუ ასეთი ანგარიში არ ვნახეთ, ანუ არ ვნახეთ, როგორ მიმდინარეობს სკოლაში პროცესები? უნდა დაიწეროს, რამდენი ნაბიჯი გადადგა სკოლამ წარმატებისკენ.

ჩემი სკოლის მასწავლებლებს მიცემული აქვთ ასეთი დავალება – თითოეულმა უნდა დაწეროს ანგარიში, თუ რა გააკეთა სკოლის წარმატებისთვის, როგორ დაეხმარა მოსწავლეს, რომ რეალური ნაბიჯები გადადგას ცხოვრებაში, რადგან ვფიქრობ, მასწავლებელმა, გაკვეთილის ჩატარების გარდა, რაშიც ანაზღაურებას იღებს, სხვა რამეც უნდა აკეთოს.

-რა არის მთავარი, რის სწავლებითაც მოსწავლე ღირსეული მოქალაქე უნდა გაიზარდოს?

-ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, დემოკრატიულობის ხარისხი და თანაბარი უფლებებია. სკოლას პატარა სახელმწიფოს ვეძახი და იქ ბავშვმა არ უნდა იგრძნოს, დისკრიმინაციის რამენაირი გამოვლინება და ეს სკოლის ხელმძღვანელმა უნდა უზრუნველყოს. სკოლისა და მისი მოსწავლეების წარმატებისთვის აუცილებელია გუნდური მუშაობა. რამდენად სურს სკოლის ხელმძღვანელს, რომ მისი ყველა მასწავლებელი იყოს ლიდერი, ამაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ლიდერი მასწავლებლები ლიდერ მოსწავლეებს ზრდიან. მოტივაცია ყველა ადმიანშია. ზოგ მასწავლებელზე მეგონა, რომ არ იყო დაინტერესებული სამოქალაქო განათლების კუთხით, მაგრამ დიდი მოტივაცია დამინახავს მასში, როდესაც თანადგომა უგრძვნია. ამიტომაც არის გუნდური მუშაობა და თანადგომა მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, – თანამედროვე მიდგომები. თანამედროვე გაგების და ღირებულებების მასწავლებლები გვჭირდება ჩვენ, რომ აღვზარდოთ ღირსეული თაობა.

ბავშვებთან ვიწყებ საუბარს, რომ ისინი არიან ყველაზე მნიშვნელოვანნი და მათ უნდა გვითხრან, რა სჭირდებათ. რა თქმა უნდა, ვეხმარებით, რომ მერე სწორად ვმართოთ მათი იდეები, მაგრამ მთავარია, ეს ის იყოს, რაც მათ უნდათ. ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ ცოდნის გადატანა და გამოყენება არაფორმალურ გარემოში და მეტად ჩართულებიც არიან. პანდემიამ ხელი შეგვიშალა, მაგრამ მაინც ვიმუშავეთ აქტიურად და კმაყოფილი ვარ, რადგან ჩვენი სკოლა წელს მეწარმეობის საუკეთესო სკოლად დასახელდა, ასევე სამოქალაქო განათლების ფორუმზეც გვქონდა გარკვეული წარმატება.

-მოსწავლეს თუ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება აქვს და აქტიურია, ეს მის წარმატებასაც განსაზღვრავს?

-რა თქმა უნდა და ჩვენ ყველა ბავშვს ხელს ვუწყობთ, რომ აქტიური მოქალაქეები იყვნენ. ყველა მოსწავლეს სკოლის დირექტორი ვერ შენიშნავს და ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს დამრიგებელს, რომელმაც უნდა მოიტანოს ჩემამდე, როგორც დირექტორამდე თითოეული ბავშვის პრობლემა თუ წარმატება.

რა უნარებიც სჭირდებათ ლიდერ ბავშებს, იმაზე ვმუშაობთ. მოსწავლეებს ვეუბნები, ლიდერობა თუ გინდათ, უნდა გქონდეთ თანაგრძნობის უნარი, მტკიცე ხასიათი, უნდა იყოთ ინიციატორი და უნდა იმუშაოთ თქვენი თვისებების ფორმირებაზე. ასევე, მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილებების მიღების დროს რამდენად პატიოსანი ადამიანი ხარ, უნდა გახასიათებდეს სწრაფი აზროვნება და რეაგირება, რისთვისაც აუცილებელია, ზოგადი განათლების ქონა.

ასევე იხილეთ:

„ბედნიერ მოსწავლეს არ ეზარება სკოლაში სიარული“ – წარმატების რეცეპტები სკოლა „აია-ჯესის“ დირექტორისგან

სკოლის დირექტორი: „დღევანდელ თაობასთან სიმკაცრით შედეგზე ვერ გახვალ, გამორიცხულია და მხოლოდ სიყვარულით უნდა მიუდგე“

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში