GE
29 იანვარი, 2021 10:57

„მე ვიცი ჩემი უფლებები“ – პროექტი ინტერნაციონალური მაარიფის სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, საქართველოს ჰქონოდა სპეციალური კანონი ბავშვის უფლებათა შესახებ. ამიტომ შეიქმნა ბავშვთა უფლებათა კოდექსის კანონპროექტი, რომელიც მოიცავს ბავშვის ყველა უფლებასა და თავისუფლებას, ასევე აწესებს მათი დაცვისა და რეალიზებისთვის საჭირო მექანიზმს. პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ყველა ტიპის ძალადობისგან დაცვის, ინკლუზიური განათლებისა და ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და მართლმსაჯულებაზე წვდომის უფლებების განხორციელებას.  პროექტი ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებისას არსებულ უთანასწორობას აღმოფხვრის, ბავშვის უფლებების დაცვის უკეთესი სისტემის საშუალებით, რომელიც ითვალისწინებს ბავშვისა და მისი ოჯახის ინდივიდუალურ საჭიროებებს. პროექტი აწესებს ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების მექანიზმს, რომლის ნაწილი იქნება ბავშვზე ზეგავლენის შეფასება, უწყებათაშორისი კოორდინაცია, მულტიდისციპლინური თანამშრომლობა, მონაცემთა შეგროვება და ანალიზი, ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პროფესიონალების სპეციალიზაცია.

,,ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში“ ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას მოსწავლეთათვის საკუთარი უფლებების გაცნობისა და გააზრებისთვის. მე-5 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს ვიდეომიმართვები, რომლებშიც ისინი ბავშვთა უფლებების კონვენციიდან ქართულად კითხულობენ ორ-ორ მუხლს.

ბავშვებმა ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე, მოუსმინეს მეგობრებს, იმსჯელეს და დასახეს პრობლემების მოგვარების გზები. ეს აქტივობა თითოეულ მოსწავლეს დაეხმარება კარგად გაიაზროს საკუთარი უფლებები, პატივი სცეს თანაკლასელთა იდენტობას, შეძლოს რელიგიური, ეთნიკური, სქესისა და სხვა ნიშნით ჩაგრული თანატოლების დაცვა. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ტოლერანტული ატმოსფეროს შექმნას.

  • 1 და 2 მუხლი – ნაზიმი ახმედოვი
  • 3-4 მუხლი – ფიდანი აზიზბეკოვა
  • 5-6 მუხლი – ეიმენი ქუზეი დერიში
  • 7-8 მუხლი – რუსტამი კურბანოვი
  • 9-10 მუხლი – ანა ნასრიანი
  • 11-12 მუხლი – ფერიდე გამბაროვა
  • 13-14 მუხლი – ზეინებ შეიმა ბაში
  • 15-16 მუხლი – აბდურაჰმან ახმედოვი

როგორც სკოლაში გვითხრეს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში აქტივობები გრძელდება და სხვადასხვა კლასში შესაბამის დონეზე განხორციელება იგეგმება.

Aris.ge - განათლება განათლება