„მომწერეს, რომ ეშინოდათ ჩემი კლასში შესვლის“ – რა ეწერა მოსწავლეების მიერ მასწავლებლებისთვის მიწერილ წერილებში
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში, მასწავლებლის დღე, 5 ოქტომბერი, ორიგინალურად აღინიშნეს – მოსწავლეებმა მასწავლებლებს წერილები მისწერეს, რომლებიც სკოლის დერეფნის ფოიეში მდგარ ხეებზე ჩამოკიდეს, მასწავლებლები დახატეს და მათი თვალით აღქმული პედაგოგების პორტრეტები სტენდზე გამოაკრეს.
სკოლის დირექტორი, მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ ბავშვების წერილები ძირითადად კეთილგანწყობილი იყო და იმას წერდნენ, რასაც კონკრეტულ მასწავლებელზე ფიქრობდნენ.
„მოსწავლეების ამ ინიციატივებმა დიდი აჟიოტაჟი და სიხალისე გამოიწვია. თავიანთი თვალით აღქმული მასწავლებელთა პორტრეტები შექმნეს და დიდ სტენდზე გამოაკრეს, რაც ძალიან შთამბეჭდავი, ემოციური აღმოჩნდა და დიდი სიურპრიზი იყო პედაგოგებისთვის. წერილებში კი მასწავლებლებს თავიანთი განცდების, ემოციების, მათდამი დამოკიდებულების შესახებ მისწერეს. კრიტიკული წერილები – ნაკლებად, ძირითადად მოსაფერებელი იყო. მაგალითად, მე მომწერეს, რომ ეშინოდათ ჩემი კლასში შესვლის და შემდეგ აღმოჩნდა, რომ არ ვიყავი ისეთი საფრთხობელა, როგორც მათ ეგონათ, რამდენიმე გაკვეთილის მერე მიხვდნენ, რომ ობიექტური ვიყავი. მწერდნენ, რომ ვუყვარვარ. სკოლის დერეფანში შემოდგომის ექსპოზიცია გვაქვს, კუთხეა მოწყობილი და ამ ლამაზ, შემოდგომის ფოთლებიან ხეებზე დაკიდეს წერილები. მივდიოდით, ვიღებდით ამ წერილებს და ვკითხულობდით“, – მოუყვა EDU.ARIS.GE-ს დირექტორი.
მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ მოსწავლეების წერილებმა გაათბო და გააღიმა მასწავლებლები. დირექტორის აზრით, მნიშნელოვანია, მასწავლებელი გაღიმებული შედიოდეს გაკვეთილზე, რათა მათ მორალური კომპენსაცია ჰქონდეთ მოსწავლეებისგან იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ.
იმავე დღეს, გაკვეთილების შემდეგ, სკოლის სააქტო დარბაზში, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის დებატებიც გაიმართა, რომლის თემაც მასწავლებელი იყო.
„ბავშვებმა გულწრფელად ისაუბრეს თავიანთ ტკივილებზე, რა მოსწონთ მასწავლებლის პროფესიაში, როგორია მათთვის კარგი მასწავლებელი, რა არ მოსწონთ და რას არ გააკეთებდნენ, ისინი რომ მასწავლებლები იყვნენ. მასწავლებლებმაც ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რაც მათ აქვთ და ბავშვებს გულწრფელად მოუთხრეს თავიანთი განცდების, თავიანთი ბავშვობის შესახებ. ბავშვები სვამდნენ შეკითხვებს, მასწავლებლები პასუხობდნენ“, – გვითხრა სკოლის დირექტორმა.
EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, რა აწუხებთ ყველაზე მეტად მოსწავლეებს, მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ ეს ძირითადად, მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეებისადმი დამოკიდებულებაა.
„ბავშვებს აწუხებთ ის, რომ უნდათ, უფრო მეტად დაინახონ ისინი მასწავლებლებმა, მეტი ბავშვი იყოს აღმოჩენილი მათი მხრიდან და ყურადღების მიღმა არავინ დარჩეს, ყველა იყოს რეალიზებული. ჩვენ კი ვაქცევთ ამას ყურადღებას, მაგრამ ალბათ უფრო მეტად უნდა მივაქციოთ. ხანდახან არ მოსწონთ ზოგიერთი მასწავლებლის მიმართვის ფორმა, მათი დამოკიდებულება… კარგი მიდგომა, მეგობრული დამოკიდებულება, ობიექტური შეფასებაა, საინტერესო გაკვეთილები, გულისხმიერება და თანასწორად აღიარება მოსწავლისა არის მთავარი ბავშებისთვის. მოსწავლეებმა გარკვეულწილად საკუთარი თავიც გააკრიტიკეს. ასეთი დიალოგები ხელს უწყობს კარგი განათლების მიღებას და იმას, რომ, როდესაც მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის მეგობრული დამოკიდებულებაა, ბავშვს უხარია სკოლაში მოსვლა. ჩვენ უნდა ავაშენოთ საზოგადოება, სადაც მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი იქნება ერთიანი, ერთი იდეისკენ მიმართული და უკეთეს შედეგს მივიღებთ“, – ამბობს სკოლის დირექტორი.
ასევე იხილეთ:
წითელი ხალიჩა და ტაში მასწავლებლებისთვის – როგორ მიულოცეს პროფესიული დღე მოსწავლეებმა პედაგოგებს
მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის საინტერესო მაგალითი თბილისში – მშობელი, როგორც მესამე თვალი