GE
4 ოქტომბერი, 2022 14:28

მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის საინტერესო მაგალითი თბილისში – მშობელი, როგორც მესამე თვალი

„სკოლა უნდა იყოს ღია, მშობელმა უნდა იცოდეს, მისი შვილი სად გადაადგილდება, რა ხდება კვების ობიექტზე და მეტი ნდობა და მიკუთვნების შეგრძნებაც ექნება სკოლისადმი“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან თბილისის 94-ე საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გახარია.

„მშობლის ერთი დღე სკოლაში“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც 94-ე საჯარო სკოლაში ხორციელდება. მშობლებს შეუძლიათ, სკოლაში დილით მივიდნენ, დააკვირდნენ საგაკვეთილო პროცესს, მოსწავლეთა გადაადგილებას დასვენებებზე, გაკვეთილის მსვლელობისას დერეფანში გამოსულ მოსწავლეებს, დაიარონ სკოლის სივრცეში არსებული ფართები – ბუფეტი, საპირფარეშოები, თავისუფალი სივრცე და დააკვირდნენ სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას. დღის ბოლოს კი, მათ შეუძლიათ, საკუთარი მოსაზრებები, შენიშვნები და ხედვები გაუზიარონ სკოლის დირექციასა და მასწავლებლებს.

ნინო გახარია ფიქრობს, რომ ეს აქტივობა ხელს შეუწყობს სკოლასა და მშობელს შორის ნდობის ხარისხის გაუმჯობესებას და ასევე იქნება მათთან კომუნიკაციის ეფექტური საშუალება.

„2200 მოსწავლეა სკოლაში. სამ ცვლაში ვსწავლობთ. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მშობელი შიგნით ვერ ხვდება. მეტი ღიაობისთვის, მეტი სანდოობისთვის, რომ თვითონ მშობელმა ნახოს ყველა პროცესი, ეს აქტივობა მოვიფიქრეთ. დღეში 5 მშობელი შეგვყავს სკოლაში. კლასში არ ვუშვებთ, მაგრამ გამჭვირვალე მინებია, საიდანაც ხედავენ, როგორ მიმდინარეობს გაკვეთილი. ხედავენ, რა მდგომარეობაა სველ წერტილებსა თუ კვების ობიექტებში. ესენი არიან მოხალისე მშობლები, ჩვენ არავისთვის დაგვივალდებულებია. ვინც სურვილს გამოსთქვამს, ის მოდის სკოლაში. დღის ბოლოს ვიკრიბებით და ვარჩევთ იმ პრობლემებს, რასაც ხედავენ. მაგალითად, გუშინ მითხრეს, იქნებ სპორტდარბაზი ცოტა უკეთესი იერსახის იყოსო, რადგან გასარემონტებელია, მაგრამ რასაც ჩემი ძალებით ვერ გავწვდები და ჩემზე დამოკიდებული არ არის… ამაზე ვთანხმდებით მერე, მაგრამ თუ პრობლემა მოსწავლეს უკავშირდება ან ჰიგიენას და ა.შ., ამ საკითხებზე ერთად ვმსჯელობთ და ვიღებთ გადაწყვეტილებას“, – გვიყვება დირექტორი.

ნინო გახარიას აზრით, მშობლის ჩართულობა მნიშნელოვანია და ბავშვებისთვისაც მოტივაციაა, როცა ხედავენ, მათი ან სხვა ბავშვის მშობელი სკოლაში ყველაფერს აკვირდება და მათ ინტერესებს იცავს. თავად დირექტორს კი მშობლის თვალით დანახული პროცესი მუშაობას უადვილებს.

„მშობლებს ყველაფერი აინტერესებთ. კიდევ ერთი პროექტი გვაქვს, რომელსაც 15 ოქტომბრიდან დავიწყებთ. საინიციატივო ჯგუფები შევქმენით. ყველა კლასიდან 5-5 მშობელი იქნება, რომლებიც განიხილავენ ისეთ საკითხებს, უშუალოდ კონკრეტულ მასწავლებელს რომ ეხება სწავლების ხარისხთან თუ სხვა პროცესთან დაკავშირებით. მშობლებიც აღფრთოვანებით ხვდებიან ჩვენს ასეთ გადაწყვეტილებებს. ზოგს დრო არ აქვს, თორემ დამერწმუნეთ, ყველას უნდა ამ ყველაფერში ჩართული იყოს და საკუთარი თვალით ნახოს. მეც ძალიან მიადვილდება ასე მუშაობა, რადგან შეიძლება მე მთელი დღე ვიარო სკოლაში, მაგრამ ჩემს თვალს მაინც რაღაც გამოეპაროს. ამიტომაც, მშობელი ჩვენთვის მესამე თვალია. ჩვენც კმაყოფილები ვართ, რადგან მშობლები ხედავენ, რომ მოსწავლე მოსწავლეა კლასში, მასწავლებელი – მასწავლებელია, სასწავლო ნივთები ადგილზეა, ბავშები უსმენენ მასწავლებელს, არ ხდება გაკვეთილის ჩაშლის მცდელობა, ხმის აწევა მასწავლებლისთვის, არ ჭირს სკოლაში გაკვეთილის ჩატარება“, – ამბობს დირექტორი.

როგორც ნინო გახარია ყვება, მშობლებს, რომლებიც ფაქტობრივად დამკვირვებლებად შევიდნენ სკოლაში, თვალი მოსწავლეთა ჩაცმულობამ და მაკიაჟმა მოსჭრა და ერთ-ერთი მათგანის შენიშვნა ამ საკითხს ეხებოდა. დირექტორი ამბობს, რომ მოსწავლეებს გამოხატვის თავისუფლება რომ არ დაურღვიონ, ბავშვებს რჩევის დონეზე აფრთხილებენ, სკოლაში სკოლის შესაბამისი ჩაცმულობითა და იერსახით მივიდნენ, თუმცა ზოგი ითვალისწინებს, ზოგი – არა, მაგრამ ამ პროცესში მკაცრად ვერ ერევიან, რადგან რაიმეს აკრძალვის უფლება არ აქვთ.

ასევე იხილეთ:

პაატა პაპავა: თუ მშობელს სკოლა კარს არ უღებს და კომუნიკაციაში არ შედის, შეიცვალეთ სკოლა!

„ერთი შენობიდან უნდა იმართოს მთელი სასწავლო პროცესი“ – მშობლის პოზიცია

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში