GE
10 მარტი, 2026 12:58

მოსწავლეებისთვის შემოქმედებითი კონკურსი – „ივანე ჯავახიშვილი 150“ გამოცხადდა – ვადები და კრიტერიუმები

თუ ხარ 12–18 წლის მოსწავლე, მაშინ ეს ინფორმაცია დაგაინტერესებს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევს მონაწილეობის მისაღებად შემოქმედებით კონკურსში, სახელწოდებით „ივანე ჯავახიშვილი 150“.

კონკურსი პირველი ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეს ეძღვნება და მიზნად ისახავს 12–18 წლის მოსწავლეების ჩართულობას შემოქმედებით პროცესში, მათთვის ივანე ჯავახიშვილის იდეებისა და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ტრადიციების გაცნობას, ასევე ახალგაზრდებში ცოდნის, განათლებისა და აკადემიური სივრცის მნიშვნელობის წარმოჩენას.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა შემოქმედებითი ფორმით – ვიდეოს, ციფრული ნამუშევრის, კომიქსის ან ესეს საშუალებით წარმოაჩინონ საკუთარი ხედვა ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობასა და ცოდნის ძალაზე:

ვიდეო-ესე – „ამბავი ჯავახიშვილზე 60 წამში“

მონაწილემ უნდა შექმნას მოკლე ვიდეო-ესე (არაუმეტეს 60 წამი), რომელშიც საინტერესო და გასაგები ფორმით წარმოჩინდება ივანე ჯავახიშვილის იდეები, მისი როლი ქართული უნივერსიტეტის დაარსებაში და ამ იდეების მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოებისთვის. ვიდეო შეიძლება იყოს თხრობითი, კომენტარის ფორმატში ან კრეატიული ვიზუალური გადაწყვეტით. მნიშვნელოვანია, რომ ავტორმა საკუთარი ხედვით უპასუხოს კითხვას – რატომ არის ივანე ჯავახიშვილის იდეები მნიშვნელოვანი დღეს და როგორ უკავშირდება ისინი განათლების, ცოდნისა და საზოგადოების განვითარებას.

ციფრული ნამუშევარი – „წერილები მომავლიდან – 2126 წელს“

მონაწილემ უნდა შექმნას ციფრული ვიზუალური ნამუშევარი, რომელიც წარმოაჩენს მომავალს – როგორი შეიძლება იყოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2126 წელს. ნამუშევარი შეიძლება ასახავდეს უნივერსიტეტის მომავალ გარემოს, სწავლების ახალ ფორმებს, ტექნოლოგიების განვითარებას ან ცოდნის გავლენას საზოგადოებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ნამუშევარში გამოიკვეთოს ავტორის შემოქმედებითი ხედვა და წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს განათლება მომავალში და რა ადგილი ექნება თსუ-ს ამ პროცესში.

კომიქსი – „მე – ივანე ჯავახიშვილი“

მონაწილემ უნდა შექმნას კომიქსი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებას, იდეებს ან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების ისტორიას გადმოსცემს. მნიშვნელოვანია, რომ ისტორია მკაფიოდ წარმოაჩენდეს ივანე ჯავახიშვილის ხედვას განათლებისა და მეცნიერების მნიშვნელობაზე და საინტერესო ფორმით აწვდიდეს ამ ამბავს მკითხველს.

ესე – „სიყვარულის გარეშე არ გაკეთდება არასოდეს დიდი საქმე“

მონაწილემ უნდა დაწეროს არგუმენტირებული ესე, რომელიც ასახავს ცოდნის, განათლებისა და თვითრეალიზაციის მნიშვნელობას. ნამუშევარში ავტორმა უნდა წარმოადგინოს შესავალი, განავითაროს არგუმენტები, დაასრულოს დასკვნითი შეჯამებით. საჭიროების შემთხვევაში, ესე შეიძლება შეიცავდეს ციტირებებს შესაბამისი წყაროებიდან.

ნამუშევრების წარდგენა და შეფასების ვადები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ინდივიდუალურად. მონაწილეებმა ნამუშევარები უნდა გააგზავნონ მისამართზე tsupr@tsu.ge. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა 30 მარტია. კონკურსის თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს 8 აპრილს, რის შემდეგაც კონკურსის ფინალური ეტაპი გაიმართება.

რა გელოდება გამარჯვების შემთხვევაში?

  • თსუ-ს სპეციალური სტუმრის ბარათი – ტური უნივერსიტეტის მუზეუმსა და ისტორიულ კორპუსებში;
  • პლანშეტი;
  • თსუ-ს ბრენდირებული საჩუქრები – ჰუდი, ჩანთა და სხვა აქსესუარები;
  • შენი ნამუშევრის გამოქვეყნება თსუ-ს ოფიციალურ პლატფორმებზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

schools.ge (ნ)