„მოსწავლეთა მესამედი ზის კლასებში“ – როგორი დასწრებაა სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ
დღეს 15 მარტია, პარასკევი, რაც იმას ნიშნავს, რომ 8 მარტს დაწყებული საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში უკვე დასრულდა და მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი განახლდა. თუმცა, პედაგოგები ხუმრობენ კიდეც, რომ გაკვეთილებს ერთმანეთს ჩაუტარებენ, რადგან მოსწავლეები სკოლაში არ მისულან. ამ ვითარების გადამოწმება ჩვენ თბილისსა და ქუთაისში ვცადეთ და როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, პარასკევ დღეს სკოლაში მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი მართლაც არასახარბიელოა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში აღნიშნულს იმით ხსნიან, რომ რადგან სწავლა პარასკევ დღეს განახლდა, მოსწავლეებმა ეს დღეც უქმეებს გადააბეს და სკოლაში მათი მცირე ნაწილი გამოცხადდა.
თბილისის 46-ე საჯარო სკოლაში გვითხრეს, რომ მათთან გაკვეთილებს მოსწავლეთა მხოლოდ მესამედი ნაწილი ესწრება.
„როცა არდადეგები ასე ემთხვევა – ორშაბათის ნაცვლად სწავლა იწყება შუა კვირას, ან კვირის ბოლოს, სკოლაში ყოველთვის ცოტა ბავშვი მოდის. ზუსტ ციფრს, თუ რამდენი ესწრება საფეხურების მიხედვით ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი შეხედვითაც შესამჩნევია, რომ ჩვენთან მოსწავლეთა მესამედი ნაწილი ზის თითქმის ყველა კლასში“, – განგვიმარტეს სკოლაში.
დასწრება არ არის მაღალი მაღალკონტინგენტიანი სკოლების შემთხვევაშიც.
ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, ია ვერულაშვილი EDU.ARIS.GE-უხსნის, რომ მათ მრავალრიცხოვან სკოლაში, სადაც 1 880 მოსწავლე ირიცხება, დილის მონაცემებით მოსწავლეთა 50% არ მოსულა. თუმცა განგვიმარტავს, რომ სკოლა 2-ცვლიანია და შუადღისთვის, შესაძლოა, მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი გაუმჯობესდეს.
„დღეს, მოსწავლეთა თითქმის 50% არ არის სკოლაში. ორშაბათს, რასაკვირველია, აბსოლუტური დასწრება გვექნება. დაწყებით საფეხურზე ნორმალური იყო დასწრება, საბაზო საფეხურზე ნაკლები. მეორე ცვლა გვაქვს და ვნახოთ, მეორე ცვლაში როგორი იქნება. დილის ცვლით ასეთია“, – განგვიცხადა ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის დირექტრის მოადგილემ.
თბილისის 150 -ე საჯარო სკოლაში კი, სადაც 1 257 მოსწავლე ირიცხება, EDU.ARIS.GE-ს უთხრეს, რომ მოსწავლეთა დასწრება ჯამში ნორმალური აქვთ, თუმცა არ უარყოფენ, რომ ზედა კლასებში მათი რაოდენობა შემცირებულია.
„ჯამში ნორმალური დასწრება გვაქვს, მაგრამ მოსწავლეთა რიცხვი შეთხელებულია ზედა კლასებში უფრო მეტად, ვიდრე დაწყებით კლასებში. ზოგან სრული დასწრებაა ზოგან კი გვაკლია ბავშვები“, – განგვიმარტეს სკოლაში.
გაგვიზიარეთ, თქვენთან როგორი იყო დღეს მოსწავლეთა დასწრება.
ასევე იხილეთ;