სკოლაში მოსწავლეთა სამედიცინო შემოწმების დანერგვის იდეას მხარდაჭერა აქვს – როგორ ხედავს ლადო კახაძე მის პრაქტიკაში განხორციელებას
„წარმოიდგინეთ სკრინინგის ერთი ფორმა, რომელიც ჩამოიწევს სასკოლო ასაკში… მე ძველი თაობის მემკვიდრე ვარ და კარგად მახსოვს ასეთი რაღაც: სკოლაში მოდიოდა რენტგენის აპარატი და ერთი დღის განმავლობაში, სკოლის ყველა მოსწავლე შემოწმებას გადიოდა. პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკრეტული ბავშვის მშობელს დაურეკავდნენ და ამის თაობაზე ეტყოდნენ. მიჩნდება ასეთი შეკითხვა – თუ მათ შეეძლოთ, ჩვენ მათზე ნაკლები ვართ?“, – ასე უპასუხა EDU.ARIS.GE-ს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, ლადო კახაძემ, რომელსაც სკოლებში მოსწავლეების პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმების დანერგვის შესახებ, მისივე ინიციატივაზე ვკითხეთ.
ჩვენს კითხვას, როგორ წარმოუდგენია პრაქტიკულად საგანმანათლებლო სისტემაში მოსწავლეთა სამედიცინო შემოწმების დანერგვა, ლადო კახაძემ უპასუხა, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, „ეს თეორიულადაც და პრაქტიკულადაც ადვილად განსახორციელებელია“.
სკოლებში, შესაძლოა, მოსწავლეების პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმება დაინერგოს
როგორც დეპუტატმა 24 ნოემბერს, ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ინიციატივას უარყოფითი რეაქციები არ მოჰყოლია, უფრო მეტიც, მან როგორც საკომიტეტო, ისე სამინისტროების დონეზე, მხარდაჭერა მოიპოვა.
„ქვეყანაში გვყავს 3 900 000 მცხოვრები და მათთვის სკრინინგი გვაქვს შემოღებული. ახლა წარმოიდგინეთ სკრინინგის ერთი ფორმა, რომელიც ასაკით ჩამოიწევს სასკოლო ასაკში – მოსწავლეებზე. ეს თეორიულადაც და პრაქტიკულადაც ადვილად განსახორციელებელია. ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს სკოლის ტერიტორიაზე, მაგალითად, მხედველობის შემოწმება, აუდიოგრამის ჩაწერა – სკოლის ექიმთან კოლაბორაციაში, მობილური ჯგუფების მონაწილეობით. ამიტომ, პოლიტიკური ნების პირობებში, ეს აღსრულებადია. ყოველ შემთხვევაში [ამ წინადადებაზე] ჯერჯერობით უარყოფითი არ გამიგია. იმიტომ, რომ ჩვენ ყველა – მშობელიც, მასწავლებელიც, ჟურნალისტიც – ვფიქრობთ, რომ ბავშვი გვყავდეს კარგად, ის ჩვენი მომავალია…
რადგან ეს თემა გაჟღერდა, გამოუჩნდა მხარდამჭერი კომიტეტის თავმჯდომარე, განათლების მინისტრი, ჯანმრთელობის მინისტრი. ამაზე ისინი, ყველანი, მზრუნველები არიან. თვითონ მშობლები არიან და ხვდებიან, რომ ამისი შინაარსობრივი დატვირთვა როგორ კარგად დაბრუნდება საქმეში“, – გვითხრა დეპუტატმა.
ლადო კახაძის თქმით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სოციალური პოლიტიკის ეს მიმართულება და ოჯახებს უნდა დაეხმაროს. მისივე განმარტებით, სკოლებში მოსწავლეთა პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმების უმთავრესი მიზანი პრევენცია, სწორი და დროული დიაგნოზირება იქნება.
„საბაზოდ, მზად უნდა ვიყოთ საყოველთაოსთვის. ეს არის იდეალური. ის პოტენციალი, პედიატრებს ვგულისხმობ, რომელიც გაგვაჩნია, ორიენტირებული და კონცენტრირებული უნდა იყოს, რომ წელიწადში ერთხელ, ისეთ რეგიონებში, სადაც ენდემური პრობლემებია – მაგალითად, სადღაც არის ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა, იქ ამის გამოკვლევა დაიწყება, გამოვლენის შემთხვევაში – კორეგირება, მშობლის საქმის კურსში ჩაყენება მოხდება. ზოგჯერ მასწავლებელი უწყრება ბავშვს – „რატომ არ მისმენ“. კი არ გისმენს – ვერ გისმენს. ან უკანა მერხზე გიზის და ვერ გხედავს. ამიტომ, მნიშვნელოვანია სწორი და დროული დიაგნოზი. ანუ ყველამ უნდა მოვინდომოთ. ეს იქნება ნაკლები დანახარჯი პირველ რიგში ოჯახისთვის და ყველაზე ნაკლები ზიანი გენერაციისთვის… ჩვენ უნდა მივეხმაროთ ოჯახებს. ქვეყანას უნდა ჰქონდეს სოციალური პოლიტიკის ეს მიმართულება – პრევენციული, ნაადრევი, ბავშვთა ასაკიდან…
ეს პრევენციის ნაწილია. სკოლაში დაშვებული შეცდომა კი მომავალში ზიანის მომტანი იქნება… მედიცინისა და მედიკოსების ვალია, რომ ავადობას კარი ჩავუკეტოთ. ავადობას კი კარი ჩაეკეტება იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი და ექიმი ერთიანობას წარმოადგენენ“, – აღნიშნა დეპუტატმა.
ჩვენს შეკითხვას, დანერგვის შემთხვევაში, უფასო უნდა იყოს თუ არა პროფილაქტიკური შემოწმება და საუბარია თუ არა 1-ელიდან მე-12 კლასის მოსწავლეთა ყველა ასაკობრივ ჯგუფზე, განათლების კომიტეტის წევრმა ასე უპასუხა:
„ყველა შემთხვევაში, რადგან ამას ვლაპარაკობ და ვლაპარაკობ განათლებისა და ჯანდაცვის კომიტეტების ფარგლებში, მე ვხელმძღვანელობ საყოველთაობის პრინციპიდან სახელმწიფოს თანადგომით… ეს, როდესაც სრულ ფორმას მიიღებს, გაითვლება ყველა ხარჯი. მოხდება ამ ხარჯის დასაბუთება – როგორი განათლებული ადამიანი გვეყოლება ამ მიმართულებაზე, ფინანსები როგორ დაიხარჯება. როგორი იქნება სისტემის მზაობა ასეთი გამოვლენის შემთხვევაში, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.
გამოვლენის ყველაზე ოპტიმალური ვადა არის გარდატეხის ასაკამდე – 13-14 წელი – მე-7-მე-8 კლასი. ამ დროს თუ რამე გაიპარა, მერე გვიან პრობლემებია“.
ლადო კახაძის მოსაზრებით, პროფილაქტიკური შემოწმებისას, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა, ექიმის გარდა, არავის ექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში დასჯის მექანიზმი იმოქმედებს:
„ექიმებს გვაქვს ფიცი. ექიმთან გამოვლენილი ნებისმიერი გადახრა საიდუმლოა. ექიმთან კომპიუტერში პერსონალურ მონაცემებზე წვდომა არავის ექნება. ეს სათუთი თემაა, კარგ რამეს შეეხეთ. პერსონალური ინფორმაციის ნაწილში პრობლემა არ წარმოიქმნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასჯადი იქნება“.
ლადო კახაძე EDU.ARIS.GE-ს კიდევ ერთ ინიციატივაზე ესაუბრა, რომელიც მრავალპროფილურ ცენტრებს ეხება. როგორც დეპუტატმა გვითხრა, მისი სურვილია, რომ აღნიშნული ცენტრები სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო იყოს.
„მე მაქვს კიდევ ერთი წინადადება – ჩვენ გვაქვს მრავალპროფილური ცენტრები. ცხოვრების ჯანსაღი წესი არის საუკეთესო საშუალება მავნე ჩვევების თავიდან ასაცილებლად. ერთმანეთს ვეჯიბრებით ამ საქმეში. იქაც [კომიტეტზე] ვთქვი, რომ ყველა ასეთი ცენტრი სკოლის მოსწავლისთვის უნდა იყოს უფასო. ტანვარჯიში იქნება ეს, ცურვა, ჭიდაობა, ფეხბურთი თუ კალათბურთი. აქეთკენ წავიდა ჩვენი ქვეყანა და ეს ინიციატივა არის ძალიან მხარდასაჭერი. სახელმწიფომ თავის მემკვიდრეებს ყველა პირობა უნდა შეუქმნას“, – გვითხრა ლადო კახაძემ.
ასევე იხილეთ:
სკოლებში, შესაძლოა, მოსწავლეების პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმება დაინერგოს
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
სკოლა „პოლიგლოტმა“ მორიგ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია by სკოლა პოლიგლოტი
-
კომაროვის სკოლის მოსწავლეების მიერ უსინათლოებისთვის შექმნილი ინოვაციური მოწყობილობის პრეზენტაცია გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის „შაბათის სკოლის“ მე-5 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა