GE
30 ოქტომბერი, 2025 15:58

მშენებლობის ან რეაბილიტაციის რა ეტაპზეა და რა ელით ამ კონკრეტულ სკოლებს – სია და მინისტრის პასუხები

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, პარლამენტში, სადაც მას გუშინ, 29 ოქტომბერს, ინტერპელაციის წესით მოუსმინეს, ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლების მშენებლობასა თუ რეაბილიტაციაზე, მათი დაწყებისა და დასრულების თარიღებზე, ასევე ვადაგადაცილებებზე ისაუბრა.

როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მუნიციპალური განვითარების ფონდს, 1-ელი სექტემბრიდან ლიკვიდირებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოდან [„ესიდა“] 77 სკოლის პროექტი გადაეცა – აქედან 53 სამშენებლო და 14 სარეაბილიტაციო ობიექტს წარმოადგენს, ხოლო 10 პროექტირებაა.

რევაზ სოხაძის თქმით, განათლების სამინისტროს მიერ ამ ეტაპზე პრიორიტეტულად განსაზღვრულია 135 სკოლა. მისივე განმარტებით, 2025 წლის ბოლოსთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 12 ახალი სკოლის მშენებლობა და 4 სკოლის რეაბილიტაცია დასრულდება. 2026 წლის ბოლოსთვის კი ექსპლუატაციაში 32 ახალი და 9 რეაბილიტირებული სკოლა შევა.

თბილისისა და რეგიონების სკოლები, რომლებზეც ინფრასტრუქტურის მინისტრმა ინტერპელაციის წესით გადაგზავნილი კითხვების პასუხად ისაუბრა:

თბილისის 37-ე საჯარო სკოლა – აღნიშნული სკოლა არის განათლების სამინისტროს მიერ გადმოცემულ პრიორიტეტებში. მუნიციპალური განვითარების ფონდი ამ მიმართულებით აქტიურ ნაბიჯებს დგამს.

თბილისის 150-ე და 26-ე საჯარო სკოლებთან მიმართებით პრობლემა გვაქვს – საკითხები გასარკვევია.

თბილისის 24-ე საჯარო სკოლა – ამ სკოლასთან დაკავშირებით, საკითხები განათლების სამინისტროსთან არის გასარკვევი.

წალენჯიხის 1-ელი საჯარო სკოლა – აღნიშნულ სკოლასთან დაკავშირებით, კონკურსი პროექტირების შესახებ დასრულებულია. მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები და იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლის ზაფხულისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას შევძლებთ.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის საჯარო სკოლა – ეს სკოლა განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სტატუსით სარეაბილიტაციოა. 300 მოსწავლეზეა გათვლილი. სამხარაულშია გადაგზავნილი დოკუმენტაცია და პასუხის მიღებისთანავე დავიწყებთ ქმედებებს.

ახალციხის მე-2 საჯარო სკოლა – მივიღეთ ექსპერტიზის ბიუროდან შესაბამისი დასკვნა, თუმცა იყო ორაზროვანი. დავიწყებთ რეაბილიტაციის პირველ ეტაპს. ამის შემდეგ კიდევ დავაზუსტებთ სამხარაულთან და ვნახოთ, რა პასუხი იქნება.

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლა – ეს სკოლა განათლების სამინისტროს მიერ ჩვენთვის მოწოდებულ სიაში არ არის.

ატენის საჯარო სკოლა – განათლების სამინისტროს სიაში გათვალისწინებულია. დაჩქარებული წესით მიმდინარეობს დოკუმენტაციის ინფორმაციის შესწავლა… ამჟამად ფონდში მუშავდება სატენდერო დოკუმენტაცია, რათა თავიდან გამოცხადდეს და თავიდან დაიდოს სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობის მიზნით ახალი სახელმწიფო შესყიდვა. ადგილზე ვიზიტისას, მოსახლეობის მხრიდან დაფიქსირდა მოთხოვნა ძირითადი კორპუსის რეაბილიტაციასა და არსებული სიმძლავრის გაზრდასთან დაკავშირებით. ვინაიდან სკოლის დატვირთვა საკმაოდ მასშტაბურია, ამის შესახებ ეცნობა განათლების სამინისტროს და შესაბამის უკუკავშირს ველოდებით.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლა – ახალი სკოლის მშენებლობა გათვალისწინებულია მსოფლიო ბანკის პროექტში, წარმოადგენს მიმდინარე მშენებლობას. სამუშაოები 2026 წლის აგვისტოში დასრულდება.

გორის მე-11 საჯარო სკოლა – მიმდინარეობს 650 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა. კონტრაქტის მიხედვით დასრულების ვადა 2026 წელია. გადმოცემულია „ესიდადან“. ამჟამად მუშავდება დოკუმენტაცია. ფონდის მიერ ამ დროისთვის დამუშავებული ინფორმაციით, სკოლის სამშენებლო მოედანზე არსებული მდგომარეობა ადასტურებს, რომ კომპანიას ჩამორჩენა აქვს და სამუშაოებს განსაზღვრულ მიწოდების ვადაში ვერ დაასრულებს. ამჟამად ობიექტზე ბეტონის ჩასხმა, ბლოკის წყობის სამუშაოები და ა.შ. მიმდინარეობს.

გორის მე-4 საჯარო სკოლა – განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების სიაშია. ამ ეტაპზე ფონდის მიერ გაგზავნილია წერილი სამხარაულში. საექსპერტო დასკვნის მიღებისთანავე მოხდება შემდგომი გადაწყვწეტილების მიღება. გამოცხადებულია ახალი სკოლის დიზაინ-პროექტის მომზადება, მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა 600 მოსწავლეზე. სამხარაულის პასუხის შემდეგ, მზად ვიქნებით, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ.

თბილისის 113-ე საჯარო სკოლა – განათლების სამინისტროს მიერ გათვალისწინებულია, როგორც ახალი ასაშენებელი სკოლა. აქ გვაქვს მიწის პრობლემა. სამინისტროს პოზიციას გავეცნობით, თუ რა ხელშეწყობა დაგვჭირდება ამ მიმართულებით და შემდეგ წარმოგიდგენთ დეტალებს. ინდივიდუალურად განხორციელდება სკოლის პროექტირება და მშენებლობა, რომლის ტექნიკურ დოკუმენტაციაზე მუშაობა მიმდინარეობს.

თბილისის მე-11 საჯარო სკოლა – მიმდინარეობს 650 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა. დასრულების ვადა 2026 წელია, თუმცა ჩვენი დღევანდელი შეფასებით, ამ ვადაში დასრულება ვერ მოხდება. აქტიურად ვმუშობთ, რომ ვადაგადაცილება მინიმალური იყოს.

თბილისის მე-14 საჯარო სკოლა – „ესიდასგან“ გადმოცემული სკოლაა. მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება ხელშეკრულების საფუძველზე. მიმდინარეობს პროექტეირებაც და მისი დასრულების შემდეგ სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

თბილისის მე-10 საჯარო სკოლა – უფლებამონაცვლეობით არის გადმოცემული. კონტრაქტით დასრულების ვადა 2026 წლის მაისია. თუმცა, აქ პრობლემაა სპორტული მოედნის მშენებლობა. მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს აქვს გარკვეული პრობლემები. ჩვენ მათი მოგვარების საკითხში აქტიურად ჩავერთეთ. კონტრაქტორი სამუშაოებს ძალიან დაბალ ტემპში აწარმოებდა. ამ მიმართულებითაც აქტიურად გადავდგამთ ნაბიჯებს. ვიხილეთ მოსწავლეებისა და მშობლების გულისწყრომა და შევეცდებით, რომ აღნიშნული პროექტი მოკლე ვადაში დასრულდეს.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურის საჯარო სკოლა – განათლების სამინისტროსგან გადმოცემულია სრულად სარეაბილიტაციო სტატუსით. აქტიურად ვიმუშავებთ, რომ აღნიშნული სკოლის რეაბილიტაცია რაც შეიძლება მალე დაიწყოს.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის საჯარო სკოლა – განათლების სამინისტროს მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაში ეს სკოლა არ არის.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლა – განათლების სამინისტროს პრიორიტეტულ სიაში არ არის.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენის საჯარო სკოლა – განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრულია სარეაბილიტაციოთა სიაში. ჩვენ მიერ სამხარაულში შესასწავლად გადაგზავნილია წერილი. პასუხის მიღების შემდეგ, იქნება დეტალებზე საუბარი.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლა – გადმოცემულია „ესიდადან“. მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. კომპანიამ წლის ბოლომდე 800 ბავშვზე გათვლილი სკოლის პროექტი უნდა წარმოგვიდგინოს. ამის შემდეგ შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლა – ეს სკოლა განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრულია სარეაბილიტაციო სტატუსით. იმ შემთხვევაში, თუ სამხარაულის დასკვნით საჭირო გახდება ახალი სკოლის აშენება, სამინისტროს მიერ ახალი სკოლის სიმძლავრედ განსაზღვრულია 450 მოსწავლე. საექსპერტო დასკვნის მიღებისთანავე შემდგომი ღონისძიებების განხორციელება მოხდება.

რუსთავის 1-ელი საჯარო სკოლა – გადაგზავნილია სამხარაულში აღნიშნული სკოლის მდგრადობასთან დაკავშირებით კითხვა.

რუსთავის მე-2 საჯარო სკოლა – აქ არაორდინარული შემთხვევაა. სკოლა იყო სარეაბილიტაციო, თუმცა სამუშაოების დაწყების შემდეგ სკოლამ ნგრევა დაიწყო. ახლა სამხარაულის მიერ შეფასებას და დასკვნას ველოდებით. ამ დასკვნის საფუძველზე კი მიიღება გადაწყვეტილება.

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის მე-16 საჯარო სკოლა – გადმოცემულია სარეაბილიტაციო სტატუსით. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება ახალი სკოლის აშენება, სამინისტროს მიერ ახალი სკოლის სიმძლავრედ განსზღვრულია 800 მოსწავლე. ფონდის მიერ, საექსპერტო დასკვნის მიღების მიზნით, წერილი სამხარაულში გადავაგზავნეთ.

studinfo.ge (მ)