GE
10 მაისი, 2022 15:05

მშობელი სასკოლო ექსკურსიებზე: ახალი რეგულაციებით ირღვევა ჩვენი შვილების უფლებები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით, ახალი რეგულაციები დააწესა. ჩამონათვალში ყველაზე თვალშისაცემი ის გახლავთ, რომ ექსკურსიის დროს დასათვალიერებელი ადგილის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან საექსკურსიო ლოკაციამდე არ აღემატებოდეს 150 კმ-ს.

იმ ფონზე, როცა პანდემიიდან გამომდინარე, ორ წელზე მეტია, რაც სკოლები ხშირად აღარ ახორციელებენ მოსწავლეთათვის ისეთ მნიშვნელოვან აქტივობას, რასაც ექსკურსია ჰქვია, მშობელთა უმეტესობას აღელვებს აღნიშნული რეგულაცია, რომელიც 150 კილომეტრიან მანძილს ეხება. ახალი წესით, ასევე  აკრძალულია ღამისთევით ექსკურსიაზე წასვლაც. განსაზღვრულია, რომ არასრულწლოვნები არ უნდა მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე. ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირთა შორის კი უნდა იყოს სულ მცირე ერთი ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები.

EDU.ARIS.GE ესაუბრა სამი მოსწავლის მშობელს, თამარ ხვედელიძეს, რომელიც ამბობს, რომ რეგულაციები აუცილებელია, თუმცა 150-კილომეტრიან შეზღუდვას ეხება, ბავშვთა უფლებების დარღვევად მიიჩნევს.

„ეს დისტანცია რა პრინციპით განისაზღვრა, გაურკვეველია. 150 კილომეტრი ქალაქის საზღვრიდან მაინც იყოს და არა კონკრეტული სკოლიდან. ასეთი რეგულაცია ძალიან ბევრ ბავშვს ზღუდავს და არათანაბარ პირობებში აყენებს. თუ ჩემს შვილს ექნება კონკრეტული ძეგლის ნახვის საშუალება, 5 კილომეტრით იქეთ არსებული სკოლის მოსწავლეებს არ უნდა ჰქონდეთ იმიტომ, რომ ამ კოლომეტრაჟში ვერ ჯდებიან და პირიქით, ჩემი შვილი ვერ ნახავს, რასაც ისინი? რატომ არ უნდა შეეძლოს სოფლად მცხოვრებ ბავშვს, დედაქალაქში ჩამოვიდეს და ნახოს აქ არსებული ძეგლი თუ მუზეუმი. უამრავი შესანიშნავი ძეგლია თბილისში. ყველამ კარგად ვიცით, რომ ბევრ ოჯახს არ აქვს საშუალება, ბავშვები მარტომ წაიყვანოს კონკრეტული ძეგლის სანახავად. ალბათ უფრო გონივრული კომპრომისის მიღწევა შეიძლება“, – ამბობს IV, VII და X კლასელი მოსწავლეების მშობელი.

თამარ ხვედელიძე ევროპაში სამუშაო ვიზიტით ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდა და იქ არსებულ სასკოლო წესებთანაც ჰქონდა შეხება. სასკოლო ცხოვრებასა და ექსკურსიებზე ინფორმაცია აქვს ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები მეგობრებისგან და ამბობს, რომ თუ გვინდა, ევროპული სტანდარტებით ვიცხოვროთ, ამ ნაწილში, უნდა გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილება.

„მქონდა საშუალება მეცხოვრა და მემუშავა ევროპაში. იქ უდიდესი მნიშვნელობას ანიჭებენ ექსკურსიას, რომელიც ბავშვის განვითარებისათვის აუცილებლად მიიჩნევა. ექსკურსია ხომ შემოქმედებითი გაკვეთილია და მაქსიმალურად უნდა იყოს შინაარსით დატვირთული. მხოლოდ ის ფუნქცია კი არ უნდა ჰქონდეს, რომ დაათვალიერონ რაღაც და მერე, მეორე ნაწილი მშობლების ზღვარგადასული მხიარულებით გაგრძელდეს….

„ჩემი მეგობარი ცხოვრობს შვეიცარიაში. მისი შვილი ჩემი უმცროსი შვილის ტოლია. ის ბავშვი III კლასში იყო, როდესაც დედამისს ვესაუბრებოდი და მითხრა, შაბათ-კვირას ერთ-ერთმა ფერმამ მთელი კლასი მიიწვია, რომ ბავშვებმა ნახონ ფერმის ცხოვრებაო. მოგეხსენებათ, იქ სოფლის მეურნეობა ძალიან განვითარებულია და საჭიროა, ბავშვებმა ნახონ, გააცნობიერონ, რა ხდება. მათი ექსკურსიები ბევრად უფრო მრავალფეროვანი და შინაარსიანია და არც ღამისთევას ზღუდავს. თან, მშობელს აქვს გარანტია, რომ იქ მისი ბავშვი დაცულია. სადილად თუ ვახშმად რასაც მისცემდნენ, იმისი მენიუც კი გამოუგზავნეს მშობლებს, რადგან ბავშვი შეიძლება ალერგიული იყოს და ა. შ. რა თქმა უნდა, გააყოლეს ექიმი“, – უყვება  EDU.ARIS.GE-ს თამარი.

მშობელი თვლის, რომ სხვა რეგულაციები, რომელიც ახლა შემოიღეს, ცოტა ბუნდოვანია და სხვა ნაწილებში უფრო მეტი კონკრეტიკა სჭირდება, ვიდრე დაწესებული მანძილია.

„წლების განმავლობაში ექსკურსიებზე იყო ძალიან ზერელე დამოკიდებულება და არც ამ რეგულაციებით შეცვლილა რამე, მხოლოდ ფორმალობა მგონია ეს ყველაფერი. ევროპული სტანდარტით, ბავშვის ჯანმრთელობის ცნობას ითხოვენ ექსკურსიაზე წასვლის წინ და ამის მიხედვით იგეგმება ექსკურსიები. ძალიან მნიშვნელოვანია საექსკურსიო ტრანსპორტის მძღოლების თემა. აუცილებელია, რომ მას, ვინც ტრანსპორტს მართავს, ჰქონდეს სპეციალური სერტიფიკატი. მშობელმა თავისი თვალით უნდა ნახოს, რომ ტრანსპორტი შემოწმებულია ექსკურსიაზე წასვლის წინ და არა – 5 დღით თუ 1 წლით ადრე. მშობელს უნდა ჰქონდეს გარანტია შვილის უსაფრთხოებისა, რადგან მასზე ძვირფასი დედამიწაზე არაფერია”, –  ამბობს თამარი და ამატებს, რომ კარგი იქნება, ხელშეკრულება გაფორმდეს სკოლასა და მშობელს შორის და გაირკვეს, – რა ვალდებულებებს იღებს სკოლა, მშობელი და ა. შ.

„ჩვენ რომ მეტ ყურადღებას დავუთმობთ და გულისხმიერად მოვეპყრობით, მერე თავისთავად უსაფრთხოც გახდება ეს ექსკურსია. ახლა ნებისმიერ ავტობუსს ქირაობენ, მთავარია, ტექდათვალიერება გავლილი ჰქონდეს. საზღვარგარეთ მშობლები შვილებს ექსკურსიაზე არ მიჰყვებიან, მაგრამ მიჰყვება რამდენიმე პასუხისმგებელი პირი და მათ შორის, განათლების სამინისტროს წარმომადგენელიც. ამით ის პრობლემაც მოიხსნება, როდესაც მშობლები ვახშმად სხდებიან და ბავშვები უყურადღებოდ დარბიან. რაც უფრო მეტად დაიხვეწება რეგულაციები და უფრო მეტი დეტალი მიემატება, მომხრე ვიქნები და მივესალმები“, –  გვითხრა მშობელმა.

სამი შვილის დედის აზრით, ექსკურსია, რომელიც ბავშვების ერთად ყოფნას ღამითაც ითვალისწინებს, ბავშვის სოციალიზაციას უწყობს ხელს, თუმცა იმ ქაოსში, რაც  ჩვენს ქვეყანაშია, არ სურს თავისი შვილები ისეთ ექსკურსიაზე გაუშვას, სადაც ღამისთევაც შედის.

„თუ მეცოდინება, რომ ბავშვი მიდის კონკრეტულ ადგილას და მასზე პასუხისმგებელია რამდენიმე ადამიანი, ალბათ არ ვიქნები წინააღმდეგი, ღამისთევით გავუშვა, თუმცა საქართველოში, ამ ეტაპზე, ამ სიტუაციაში, ქაოსში, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვარ, რადგან ჩემთვის ბუნდოვანია, რა შეიძლება იქ ბავშვს დახვდეს. არადა, ექსკურსიები არამხოლოდ საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ხასიათისაა, არამედ ბავშებს სხვა ურთიერთობები და უნარები უყალიბდებათ”, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს თამარ ხვედელიძემ.

ასევე იხილეთ:

აზარალებს თუ არა ექსკურსიებზე განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება შიდა ტურიზმს

აკრძალულია ღამისთევით ექსკურსია – მინისტრის მოადგილე სასკოლო ექსკურსიებზე მიღებული რეკომენდაციების საფუძველს განმარტავს

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში