„მშობლები და შვილები“ – ერთი მასწავლებლის პროექტი, რომელმაც სკოლის რეალობა შეცვალა
ავტორი: ირმა ლურსმანაშვილი-ბაკურაძე, სკოლა-ლიცეუმ პრომეთეს დაწყებითი კლასების მასწავლებელი, დაწყებითი საფეხურის კათედრის ხელმძღვანელი
ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ხშირად გვესმის, რომ ბავშვების წარმატება დიდწილად დამოკიდებულია ოჯახისა და სკოლის თანამშრომლობაზე. როდესაც ეს ორი სივრცე ერთიანდება, ბავშვი გრძნობს დაცულობასა და მხარდაჭერას, უმაღლდება მოტივაცია და თვითრწმენა.
მინდა გაგიზიაროთ გამოცდილება მშობელთა და თემის ჩართულობასთან დაკავშირებით, კონკრეტულად – 1-ელ კლასში განხორციელებული პროექტის მაგალითზე, სახელწოდებით „მშობლები და შვილები“.
პროექტის თავდაპირველი იდეა იყო მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა ისე, რომ ეს არ ყოფილიყო ფორმალური ვიზიტი, არამედ შინაარსიანი, ემოციური და ინტეგრირებული პროცესი. მინდოდა შემექმნა გარემო, სადაც ბავშვები იქნებოდნენ ბედნიერები და აღიარებულები მშობლების, მეგობრებისა და მასწავლებლის მხრიდან.
გაგაცნობთ, როგორ წარიმართა ეს მხიარული გაკვეთილები, რომლებიც დამატებითი გაკვეთილების სახით ტარდებოდა.
2024 წელს, I კლასში, დავიწყე ჩემ მიერ წამოწყებული ინიციატივის განხორციელება, რომლის მიზანი იყო მშობლების აქტიური ჩართულობით ბავშვებისთვის უსაფრთხო, მოტივაციური და მეგობრული გარემოს შექმნა.
პროექტის ფარგლებში მოვიწვიე კლასში მშობლები — დედიკოები და მამიკოები — რომლებსაც კონკრეტული მისია ჰქონდათ:
- თითოეულ მშობელს უნდა მოეფიქრებინა პატარებისთვის საინტერესო და სახალისო აქტივობა.
- პირველ რიგში, უნდა ესაუბრათ თავიანთ შვილებზე: როგორები არიან ისინი სკოლის გარეთ, რა უყვართ, რაში არიან გამორჩეულები და ა.შ.
- ასევე, მშობლებს უნდა ესაუბრათ საკუთარ საქმიანობაზე და გაეზიარებინათ ბავშვებისთვის თავიანთი პროფესიული გამოცდილება.
პროექტის მიზნები იყო:
– ბავშვების თვითშეფასების ამაღლება — როდესაც მშობელი საჯაროდ საუბრობს თავის შვილზე, აღნიშნავს მის გამორჩეულ თვისებებს, პატარას უჩნდება ღირსების განცდა და თავდაჯერებულობა;
– კლასის ემოციური შეკავშირება — ბავშვები ერთმანეთს უკეთ გაიცნობდნენ, კარგად გაიაზრებდნენ მეგობრებისა და საკუთარი თავის უნიკალურობას;
– კლასში პოზიტიური გარემოს შექმნა – ერთმანეთის უკეთ გაცნობა-დამეგობრება, რაც საბოლოოდ, ჩემი აზრით, აისახებოდა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაზეც;
– სხვადასხვა პროფესიებისა და პროფესიული საქმიანობის გაცნობა- თვალსაწიერის გაფართოება.
შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა:
– ბავშვების მოტივაცია მკვეთრად გაიზარდა – მათ გაუჩნდათ სურვილი მეტი ეთქვათ თანაკლასელებისთვის საკუთარი თავისა და ოჯახის შესახებ. შთამბეჭდავი სანახავი იყო, განსაკუთრებით, იმ ბავშვის ბედნიერი სახე, ვისი მშობელიც სტუმრად იმყოფებოდა, ძალიან ბედნიერები და კმაყოფილები იყვნენ ამ დროს. მათთვის ეს იყო ემოციური გამოცდილება. ბავშვები ამაყობდნენ, რომ მშობელი კლასში მოვიდა, მათი შესახებ ისაუბრა, მეგობრებს რაღაც განსაკუთრებული მოუყვა. ეს ბევრად უფრო ღირებული გამოდგა, ვიდრე უბრალოდ სტუმრობა.
– გაძლიერდა სკოლასა და ოჯახს შორის კავშირი, რამაც გავლენა იქონია მშობელთა დამოკიდებულებაზე სასკოლო პროცესებისადმი. მშობლებიც ძალიან ამაყები იყვნენ ,,მასწავლებლობით’’. ამავდროულად, უფრო კარგად დაინახეს კლასთან მუშაობის სირთულეები და უფრო ემპათიურები გახდნენ სასწავლო პროცესისადმი.
– ბავშვებს შორის ურთიერთობა გაღრმავდა – მათ უფრო ხშირად იწყეს ერთმანეთთან თამაში და ერთმანეთის წარმატების გაზიარება. ყველა შეხვედრა კარგად ახსოვდათ და სასაუბრო თემაც ხშირად ეს იყო.
– გაჩნდა დაინტერესება პროფესიული სამყაროთი – მაგალითად, როდესაც მშობელმა თავისი პროფესია გააცნო, ბავშვებმა პირველად დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ „რა მინდა გამოვიდე“. აღტაცებით შეჰყურებდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს და ზოგჯერ, ყველაფრის დაუფლება ერთად უნდოდათ. უნდოდათ ყოფილიყვნენ ექიმები, მფრინავები, ბუღალტრები, დაცვის თანამშრომლები და ა.შ. საკმაოდ ბევრი ცოდნა დააგროვეს ამ პროფესიებთან დაკავშირებით. მშობლის პროფესიის გაცნობა ბავშვებისთვის იყო ახალი სამყაროს აღმოჩენა. ამ ასაკში სწორედ ასეთ მაგალითებს შეუძლიათ შთაგონება და ინტერესის გაღვივება.
– არ შეიძლება, არ აღინიშნოს ერთი შედეგი, რომელიც ასეთი მასშტაბებით გათვალისწინებული არც მქონდა – მშობლებმა მოიფიქრეს და კლასში მოიტანეს 20 საინტერესო, სახალისო, შემეცნებით აქტივობა, რომელთა უმრავლესობა მრავალჯერადი გამოყენების გამოდგა და რესურსებად დაგვრჩა კლასში.
– დასკვნის სახით, კი მინდა გითხრათ, რომ მშობელთა აქტიური ჩართულობა მხოლოდ დამატებით აქტივობა არ არის — ეს არის სასკოლო ცხოვრებისა და კლასის განვითარებისათვის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. სწორად დაგეგმილი და მიზანმიმართული ჩართულობის სტრატეგიები ხელს უწყობს ბავშვების როგორც აკადემიურ, ისე სოციალურ განვითარებას.
– პროექტი „მშობლები და შვილები“ ამის დასტურია – სახალისო ფორმატში განხორციელებული აქტივობები, როგორ გადაიზარდა კარგ საგანმანათლებლო გამოცდილებაში და ისეთი მასშტაბები შეიძინა, რასაც თავიდან, ალბათ, არც კი მოველოდი.
– პროექტი შეიძლება განვავრცოთ სხვა კლასებშიც. მაგ.: მეხუთე კლასში, როდესაც საფეხური იცვლება და მასწავლებელს სურს მშობლებისა და ბავშვების უფრო ახლოს გაცნობა, ან ნებისმირ ახალ დამრიგებელს შეუძლია გამოიყენოს. მნიშვნელოვანია წინასწარი დაგეგმვა და მშობელთა მხარდაჭერა.
– იმედი მაქვს, ეს გამოცდილება წაადგება სხვა მასწავლებლების საქმიანობასაც და კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ მშობელთა ჩართულობა საჭიროა, შესაძლებელია და რეალურად ახდენს გავლენას მოსწავლეთა მოტივაციასა და მათი სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებაზე.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლა „პოლიგლოტი“ 2025-2026 სასწავლო წლისთვის ძირითადი სახელმძღვანელოების ნუსხას აქვეყნებს by სკოლა პოლიგლოტი
-
„ისაუბრე ბავშვზე ისე, როგორც გინდა, რომ შენს შვილზე გესაუბრონ“ – 10 რჩევა დამწყებ პედაგოგებს by სკოლების ამბები



