GE
15 მაისი, 2024 12:20

კლასის დამრიგებელი სკოლიდან, სადაც სწავლა მხოლოდ ცხრაწლიანია, მოსწავლეების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გვესაუბრება (+ფოტო)

„ჩვენი სკოლა ცხრაწლიანი საბაზო საფეხურის სწავლებისაა, მეცხრე კლასის შემდეგ მოსწავლეები სწავლას სხვადასხვა სკოლებში აგრძელებენ. ჩვენთვისაც და ბავშვებისთვისაც ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესია. მათი მხარდაჭერისთვის მოვიფიქრეთ აქტივობა..“, –  უყვება ოზურგეთის პატარა სოფლის – გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის მეცხრეკლასის დამრიგებელი და ისტორიის პედაგოგი ხათუნა რუსიეშვილი EDU.ARIS.GE-ს და განხორციელებული აქტივობის ამსახველ ფოტოებს უზიარებს.

აქტივობა კი სკოლის წარმომადგენლებისა და მოსწავლეების დაახლოებას უკავშირდება. როგორც პედაგოგი ამბობს, ყოველი სასწავლო წლის ბოლოს, სკოლაში მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის ტრადიციული – „მეგობრული ჩემპიონატი“ იმართება, რომელშიც მხოლოდ მეცხრე კლასის მოსწავლეები და სკოლის წარმომადგენლები (პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაცია) მონაწილეობენ.

ამჯერად, მათ ფრენბურთის ჩემპიონატი ჩაატარეს.

იხილეთ ფოტო:

“ჩემი 21-წლიანი პედაგოგიური სტაჟი მაძლევს იმის თავისუფლებას, რომ ვთქვა: ბავშვებს, რომლებიც ჩვენთან სწავლას ასრულებენ ახლა განსაკუთრებით დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა შემდეგ არ გაურთულდეთ სხვა სკოლაში ადაპტაციის პროცესი. ასეთი აქტივობები ჩვენთან ხშირია. გვინდა მათ იგრძნონ, რომ კავშირი ჩვენს შორის არასდროს გაწყდება. იმედი გვაქვს, სკოლები, რომლებშიც ეს მოსწავლეები განაგრძობენ სწავლას, დიდი სიყვარულით მიიღებენ ჩვენს მეცხრეკლასელებს“,- ამბობს პედაგოგი.

ოზურგეთის პატარა სოფლის – გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლაში სწავლას 8 მეცხრეკლასელი ასრულებს.

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში