GE
17 მარტი, 2022 18:28

პედაგოგების თეატრალური დასი – 143-ე საჯარო სკოლის მასწავლებლების ერთობა სწავლა-სწავლებისთვის და სცენაზე

თბილისის 143-ე საჯარო სკოლაში „პაროდიის თეატრი“ ფუნქციონირებს, რომლის მსახიობები, რეჟისორები, სცენარისტები  და მუსიკოსებიც მასწავლებლები არიან. სკოლის დირექტორი, თამარ ჭარბაძე  ამბობს, რომ სხვებთან ერთად სპექტაკლებში თავადაც იღებს მონაწილეობას.

„ყველაფერი დაიწყო ინგლისურის მასწავლებლის იუმორისტული ლექსებიდან. მას შეუძლია ნებისმიერი ყოფითი ისტორია გააშარჟოს და ლექსად გადმოგვცეს. სწორედ მისი ინიციატივით მოვსინჯეთ პირველად ძალები სცენაზე, გადავაკეთეთ ზღაპარი „სამი გოჭი“ და საახალწლოდ ვითამაშეთ”, – უთხრა თამარ ჭარბაძემ EDU.ARIS.GE-ს.

სცენარისტებიდან ერთი დაწყებითების მასწავლებელი და გერმანისტია, მეორე – ინგლისურის მასწავლებელი, მესამე – ქართულის. მუსიკის მასწავლებელი სპექტაკლებს მუსიკალურად აფორმებს. თამარ ჭარბაძე ამბობს, რომ თეატრმა სკოლაში უფრო სასიამოვნო გახადა გარემო და დააახლოვა მასწავლებლები.

“ახალი მასწავლებლები მოვიდნენ და ისინიც კარგი მსახიობები აღმოჩნდნენ. ემოცია, რომელიც სპექტაკლის დროს გვეუფლება, ძალიან დიდხანს მიგვყვება. მე არასოდეს მიცეკვია და მიმღერია ფართო აუდიტორიის წინაშე, მაგრამ ამ სპექტაკლებმა გამათამამა. ჩემდა გასაკვირვად, საკუთარ თავში მსახიობი აღმოვაჩინე და სიამოვნებით ავმღერდი და ავცეკვდი კიდეც. სკოლაში 80 მასწავლებელია, დიდი სკოლაა. მიუხედავად ამისა, აღარ მახსოვს, ბოლოს როდის შეიქმნა კონფლიქტური სიტუაცია. მოგეხსენებათ ადამიანის ბუნება – მისთვის  უცხო არ არის არც აგრესია, არც მტრობა, შური. მე ვამაყობ, რომ სკოლაში კეთილგანწყობილი გარემო გვაქვს და აქ ყველანი ისე ვგრძნობთ თავს, როგორც მშობლიურ სახლში.

“ცალკე თემაა რეპეტიციების პროცესი. ვერ აღგიწერთ, ეს რამხელა სიამოვნებაა. მთელი დღის დაღლილს, აქ გავიწყდება დარდიც, დაღლაც და რაღაცნაირად კარგ ხასიათზე ხარ. იგივე მოცემულობაა ირგვლივ, მაგრამ იმედიანად და მხნედ ხარ ამ დროს. მოკლედ, რელაქსია. ოთხი წლის განმავლობაში იმდენი საინტერესო სკეტჩი დავდგით, გამოცდილ იუმორისტებსაც შეშურდებათ და იტყვიან,  ესენი რა მაგრები ყოფილანო. ჩვენი იუმორი უფრო პროფესიულია, ალბათ, მხოლოდ პედაგოგებისთვის გასაგები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა თემატიკაზე სპექტაკლის დადგმა არ შეგვიძლია. უბრალოდ, ახლა იმდენი გამოწვევაა სკოლების წინაშე, სხვა თემებისთვის ვეღარ მოვიცალეთ“, – ამბობს დირექტორი.

EDU.ARIS.GE-ს საშუალებით, 143-ე სკოლის დირექტორი სხვა სკოლებს ურჩევს, თავადაც გააკეთონ მსგავსი პროექტები, თუ უნდათ, რომ სკოლაში მეგობრული გარემო ჰქონდეთ.

“ჩვენ არავის დავცინით, ზურგსუკან არავისზე ვჭორაობთ – იმას ის შეეშალა და ამას ესო, ერთ საქმეს ვაკეთებთ და საერთო მიზნები გვაქვს. ჩვენს სცენარებში ვერ ნახავთ გესლს, მსუბუქი იუმორით საკუთარ შეცდომებსა და წარუმატებლობას დავცინით. ასე ხომ გაცილებით ადვილია შეცდომების გასწორება? ახლა ვფიქრობთ სხვა კოლეგებსაც ვაჩვენოთ ჩვენი შემოქმედება. დიდ სკოლებში, სადაც ბევრი მასწავლებელია, ხანდახან არც კი იცნობენ ერთმანეთს. თუ ჩვენს გამოცდილებას სხვა სკოლებიც გაიზიარებენ, ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს სკოლებში პოზიტიური, თანამშრომლობითი გარემოს შექმნას. ვინმეს არ ეგონოს მთელ დროს სიცილ-ხარხარსა და ცეკვა-თამაშში ვატარებთ. ჩვენ საქმის კეთებაც კარგად ვიცით, ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვთ საკუთარი თავისგან. მოკლედ, ჩემი მასწავლებლები ყველა კუთხით სანიმუშოები არიან – ამბობს  EDU.ARIS.GE-სთან სკოლის დირექტორი.

სკოლის მასწავლებლების თეატრალურ დასს დიდი გეგმები აქვს, თუმცა ბოლო დროს მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ეს გეგმები გარკვეულწილად შეუცვალა.

„ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. პანდემიის დროსაც კი, რეგულაციების დაცვით, არ ჩაგვიგდია სპექტაკლები. განწყობა ავიმაღლეთ, ერთმანეთი ვანუგეშეთ. მაგრამ ახლა ომია, ეს სხვა ომია, ახლა სპექტაკლების დრო არ არის. სკოლის თეატრალურმა დასმა სარვამარტოდ დაგეგმილი სპექტაკლი უკრაინაში მიმდინარე ომის გამო გააუქმა. ახლა სასოებით ველოდებით სიკეთის გამარჯვებასა და მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას”- გვეუბნება თამარ ჭარბაძე.

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში