GE
15 მაისი, 2026 10:46

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია დაიწყო – ვადები და ვიდეოინსტრუქცია

დღეს, 15 მაისს, 09:00 საათზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია დაიწყო და 25 მაისის 00:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ 14 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, რეგისტრაცია განხორციელდება ონლაინ რეჟიმში განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე, ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას კი მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს.

იხილეთ: პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია

ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია განხორციელდება 12 საპილოტე ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ამბროლაურში, ოზურგეთში, ახალციხეში, გორში, მცხეთაში, თელავსა და ფოთში.

აღსანიშნავია, რომ რეგისტრაცია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში 2026 წლის 15 აპრილის მდგომარეობით დაფიქსირებულ მისამართს ეფუძნება.

იმ პირებისთვის, რომელთა საცხოვრებელ მისამართად აღნიშნულია ოკუპირებული ტერიტორია (აფხაზეთი, ცხინვალი, ახალგორი), სასკოლო უბანი განისაზღვრება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მოწოდებული იურიდიული მისამართის საფუძველზე (2026 წლის 15 აპრილის მდგომარეობით).

გაითვალისწინეთ, რომ ბავშვის პირადი ნომრით შეგიძლიათ წინასწარ გადაამოწმოთ, რომელ საჯარო სკოლებშია შესაძლებელი მისი რეგისტრაცია.

პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები:

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე). მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 27 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

სასკოლო უბნებისა და მათზე მიკუთვნებული საჯარო სკოლების შესახებ, ასევე სკოლებში არსებული ლიმიტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს

schools.ge (ნ)