„პოლიგლოტის“ მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში იმყოფებოდნენ
ილია ჭავჭავაძის 188 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სკოლა „პოლიგლოტის“ მე-8 (ა) კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, სადაც სამოქალაქო განათლებასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ.
„პოლიგლოტის“ მიერ 19 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, სწავლის ინტეგრირებული ფორმატი მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის ეროვნული თვითშემეცნების გაღრმავებას, ილია ჭავჭავაძის მოქალაქეობრივი იდეალების გააზრებას და მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის გაცნობას იმავე სივრცეში, სადაც ილია ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმის ექსპონატები, მოისმინეს ინფორმაცია ილიას საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ და ქართული ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მწერლის როლზე იმსჯელეს.
სკოლა „პოლიგლოტი“ მადლობას უხდის სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ხატია ჭილავას და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მელანო ჩოკორაიას მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისათვის, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს კი გულთბილი მასპინძლობისათვის.