GE
29 დეკემბერი, 2020 15:42

პროექტი „მე ვკითხულობ ვეფხისტყაოსანს“ და გიორგი კეკელიძე სტუმრად მაარიფის სკოლაში

ვეფხისტყაოსნის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საფუძველი ჩაეყარა პროექტს „მე ვკითხულობ ვეფხისტყაოსანს“, სადაც არაერთი სკოლა, უნივერსიტეტი, საჯარო თუ კერძო სექტორი აქტიურად იყო ჩართული.

პროექტის მიზანი „ვეფხისტყაოსნის“ უკეთ გაცნობა და მსოფლიოსთვის ხმის მიწვდენაა, რომ ჩვენ რუსთაველის ქვეყნიდან ვართ და ვამაყობთ ამით. თუ კარგად დავუკვირდებით, მიუხედავად პოემის მასშტაბებისა, მასში ჩადებული უამრავი ცოდნისა და ისტორიისა, ნაწარმოებს საკუთარ ქვეყანაშიც არ აქვს საკმარისი დაფასება და აღიარება. თუმცა როგორც ლევან ბერძენიშვილი იტყოდა, არსებობს იმედის მომცემი მოლოდინები… „ვეფხისტყაოსანი უცდის თავის დროს, რადგან ყველაფერს, მათ შორის ნაწარმოებებს აქვთ თავისი დრო და ის გახდება, ქართველი ერის სავიზიტო ბარათი“ …

„ინტერნაციონალური მაარიიფის სკოლები საქართველოში“, რომელიც არაერთ ქვეყანასა და თითქმის ყველა ეროვნების ადამიანს აერთიანებს, ქმნის ინტერნაციონალურ განათლებასა და ეხმარება ეთნიკური უმცირესობის ადამიანებს, ისწავლონ და შეიყვარონ ქართული ენა, რაც უპირობოდ ეროვნული საქმეა, არ ჩამორჩა ამ უდიდეს გამოწვევას და ჩაერთო პროექტში „მე ვკითხულობ ვეფხისტყაოსანს“.

პროექტმა მოსწავლეებში ინტერესი და აქტიურობა გამოკვეთა, თუმცა ამ ამბავში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის მოვლენაა, რომ სექტემბერში, სკოლაში შემოსული მოსწავლეებიდან, რომელნიც ნულოვან დონეზე ფლობდნენ ქართულს, შეძლეს და ვეფხისტყაოსანი წაიკითხეს, გამოთქვეს სწორად შოთას შექმნილი ენის სირთულეები, გაიაზრეს მისი შინაარსი და შეიყვარეს ნაწარმოები.

ბუნებრივია, ეს მოვლენა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და მოსწავლეების ასეთი მონდომება სკოლამ და „ქართულის კათედრამ“ ძალიან დააფასა. გამარჯვებულს პრიზთან ერთად და ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, თუმცა ეს ყველაფერი არ არის და მოსწავლეებს შეუსრულდათ დანაპირები და მათთან სტუმრად მოვიდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, ლექტორი, ტელეწამყვანი, პროზაიკოსი, უამრავი სოციალური პროექტის ავტორი გიორგი კეკელიძე.

“მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ძალიან დაკავებული ადამიანია, გამონახა დრო მოსწავლეებისთვის, დაინტერესდა მათით და ონლაინ პლატფორმის დახმარებით, გაიმართა მათთვის შეხვედრა. მოისმინა სკოლის ძირითადი კურსი, მოსწავლეების საჭიროებები, აზრები, კითხვები და თავადაც გაუზიარა ცოდნა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ. მიიღო მონაწილეობა სერტიფიკატების გადაცემაში და დაგვპირდა, რომ კიდევ მოვა ჩვენთან არაერთხელ…

სკოლისა და მოსწავლეებისთვის ეს შეხვედრა აღმოჩნდა ძალიან ნაყოფიერი და სახალისო, ბავშვები აზიარებდნენ უამრავ დადებით ემოციასა და სიყვარულს. ჩვენთვის კი მთავარია, გვახსოვდეს: ჩვენ, ყველა ერთად, ვართ მსოფლიოს მოქალაქეები და ერთად ვქმნით, განსხვავებულ, საინტერესო, ტოლერანტულ, მრავალფეროვან გარემოსა და უპირობო სიყვარულს. ვუზიარებთ ცოდნასა და კულტურულ ფასეულობებს ერთმანეთს და რაც მთავარია, ვყალიბდებით სრულფასოვან ლიდერებად და სწორედ ასეთი მიდგომით ვცვლით მსოფლიოს”, – აღნიშნა მაარიფის სკოლის ქართული კათედრის ხელმძღვანელმა, მარიამ ლაზარაშვილმა.

Aris.ge - განათლება განათლება