ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესის” მოსწავლემ ტექნოლოგიების კონკურსში გაიმარჯვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი სამეცნიერო საზაფხულო სკოლის ენერგეტიკული ბიზნეს პროექტების პრეზენტაცია–გამოფენას დაესწრნენ და საუკეთესო პროექტისა და პრეზენტაციის ავტორი გუნდი, ასევე, საუკეთესო მომხსენებლები შესაბამისი დიპლომებით დააჯილდოვეს.
„საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლა საქართველოში“ ერთ-ერთია იმ ოთხ პროექტს შორის, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ”ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში” ახორციელებს. პროექტის მონაწილეები ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების მესამე ტურის (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია,) შედეგებისა და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნის საფუძველზე შერჩეული მე-9, მე-10 და მე-11 კლასის 70 მოსწავლეა. მათ შორისაა ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესის” მოსწავლე გურამ ქათამაძემ.
„საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლა“ ტარდება წყნეთში – „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისის“ ბაზაზე და მოიცავს როგორც აკადემიურ, ისე არააკადემიურ პროგრამებს. პროექტი 16 ივნისს დაიწყო და 6 ივლისის ჩათვლით გრძელდება. 70 მოსწავლიდან 10 საუკეთესო მოსწავლე შეირჩევა და პროექტის „გამარჯვებული მოსწავლეების ვიზიტი CERN-ის ცენტრალურ ლაბორატორიაში“ ფარგლებში, 5 დღით შვეიცარიაში, CERN-ის ცენტრალურ ლაბორატორიაში გაემგზავრება.
სამეცნიერო საზაფხულო სკოლის ღონისძიებაზე წარმოდგენილ ენერგეტიკულ ბიზნეს პროექტებზე მოსწავლეები გუნდური პრინციპით, სამი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ. ეს პროექტები საზაფხულო სკოლის მთელი აკადემიური პროგრამის შემაჯამებელ „პროდუქტს“ წარმოადგენს და მათი შეფასება კომპეტენტურმა ჟიურიმ განახორციელა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ენერგეტიკის სამინისტროს, თბილისის მერიის, USAID-ის, თელასის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და პედაგოგები.