GE
30 მარტი, 2020 14:08

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ მთავარი ღირებულებები ახლა უკვე ონლაინ სივრცეში

მსოფლიო პანდემიის ჟამიანობისას განათლების მიღების მეთოდური სპეციფიკა სრულად დისტანციურ რეჟიმს მოერგო. საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დადგომისთანავე, საგანმანათლებლო სივრცემ ონლაინ პლატფორმაზე გადაინაცვლა. თუმცა ქართულ-ამერიკულმა საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესმა” დისტანციური სწავლების გეგმის შემუშავებაზე ფაქტთან შეჯახებამდე, სიტუაციის გართულების კვალდაკვალ, ზრუნვა წინდაწინვე დაიწყო.

როგორი იყო მომზადება სიახლისთვის და რა ნიუანსები გაითვალისწინეს სკოლის მთავარი ღირებულებების ახალ გამოწვევასთან სინქრონული ადაპტირებისთვის – ბათუმისა და ქუთაისის ფილიალების აღმასრულებელი დირექტორი ნათია კილაძე გვიამბობს.

– ნათია, რა ნაბიჯები გადადგა სკოლის ადმინისტრაციამ, როგორ დაუხვდით სწავლების ახლებურ რეჟიმზე გადასვლის აუცილებლობას?

როცა გარემო მეტად დაიძაბა და მივხვდით, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნებოდა, სკოლაში მყოფი თითოეული რგოლი სახლში დარჩენილიყო, პედაგოგებთან ერთად კონკრეტულ ნაბიჯებზე ფიქრი დავიწყეთ. საგანგებო მდგომარეობაც მალევე გამოცხადდა, რასაც ჩვენ გარკვეული გეგმით ხელში შევეგებეთ.

საწყის ეტაპზევე დავიწყეთ კვლევა, ჰქონდა თუ არა ინტერნეტ კავშირთან/საკმარისი ოდენობის კომპიუტერთან წვდომა თითოეულ მოსწავლეს. ამასთანავე, კონსულტაცია გავიარეთ მშობლებთანაც, გავაცანით ხედვა და მოვისმინეთ მათი მოსაზრებები.

სკოლის ადმინისტრაცია საერთო აზრზე შეთანხმდა, გაიწერა საათობრივი ბადე, დაიგეგმა თითოეულ ასაკობრივ ჯგუფთან ჩასატარებელ საგანთა სპეციფიკა, მათი ციფრულ სამყაროში გადატანის საშუალებები და უკვე რამდენიმე კვირაა, რაც დისტანციურ რეჟიმში სასწავლო პროცესი ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.

– რაც შეეხება მოსწავლეთა მზაობას, რამდენად მოახერხეს თავად მათ სიახლესთან ადაპტირება?

მაშინ როცა ცხრილი შედგა, ის წინასწარ თითოეულ მოსწავლეს გადაეგზავნა. პატარების მშობლებიც მაშინვე გაეცნენ ბავშვების სასწავლო გრაფიკს. შესაბამისად,საწყის ეტაპზევე ნათელი წარმოდგენის არსებობამ მათ მზაობასაც შეუწყო ხელი.

აღსანიშნავია, რომ სკოლა აქამდეც ფლობდა ელექტრონულ ჟურნალს, რომელსაც სკოლებისთვის კარგად ნაცნობი საკლასო ჟურნალის დანიშნულებაც ჰქონდა, თუმცა ეს ბევრად მეტია, ვიდრე მისი სტანდარტული გაგება. მით უფრო ახლა, როცა ახლებური სწავლების რეჟიმში ჩვენს ელექტრონულ ჟურნალს დავალებების გასაცემად, ტესტირების ჩასატარებლად, მათ შესამოწმებლად, ნიშნების ჩასაწერად, პრეზენტაციების ასატვირთად ვიყენებთ. დისტანციური სწავლების საჭიროების დადგომისას, პროგრესის ეს მიგნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

– როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში, რამდენად ხერხდება ინტერაქცია ისე, როგორც ეს საკლასო ოთახში ყოფნისას ხდებოდა?

შესანიშნავი პროგრამის – ,,ზუმის” მხარდაჭერით, საშუალება გვაქვს, გაკვეთილი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობდეს. რა დროსაც, უკლებლივ ყველა ბავშვი ხდება საგაკვეთილო პროცესის თანაბრად ჩართული ნაწილი. მასწავლებელი, როგორც ფასილიტატორი, მათ ინტერაქციას უზრუნველყოფს და ამისთვის ტექნიკურად გამართული პროგრამის წყალობით, უამრავ ფუნქციას იყენებს; როგორიცაა: პრეზენტაციების ონლაინ რეჟიმში წარდგენა, ასევე პროგრამაში არსებული ინსტრუმენტების – დაფაზე წერის, ლინკების გაზიარების, ჩანაწერების გადაგზავნის გამოყენება.

შეიქმნა თითოეული კლასის ჩატ-ოთახიც, რომლებშიც საოცარი აქტიურობა შეინიშნება. მასწავლებლებთან ერთად მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით უზიარებენ ერთმანეთს სასარგებლო ბმულებს, დავალებების გარშემო გაჩენილ დისკუსიას უძღვებიან და ამით ამყარებენ იმ ცოდნას, რომლის მიწოდებასაც სკოლა აქამდეც სრული ძალისხმევით უზრუნველყოფდა.

– სკოლაში სამეცნიერო, ლიტერატურის, ფილოსოფიის, გარემოს დაცვის, სპორტული და სახელოვნებო კლუბები ფუნქციონირებს, ზოგადად, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება ,,პროგრესისთვის” ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, რამდენად ხერხდება ახლებურ რეჟიმში ამ გამოწვევასთან გამკლავება?

ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა ფაქტობრივად უკლებლივ ყველა სასწავლო საგანმა, მათ შორის, მიმდინარეობს სპორტისა და მუსიკის გაკვეთილებიც კი.შესაბამისად, მით უფრო არ შეჩერებულა კლუბების მუშაობა და ყოველდღიური ჩართულობა.

რაც შეეხება პრაქტიკულ სამუშაოებს, ეს ისევ პრიორიტეტს წარმოადგენს. დრო არა მხოლოდ ახსნას ეთმობა, არამედ პრაქტიკულ დავალებებსაც, რომლებსაც სოციალურ ქსელში მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთს უზიარებენ.

– რა განსხვავებაა დისტანციური სწავლებისას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან მუშაობაში? რა ნიუანსები გაითვალისწინეთ და რამდენად მოსწონთ სიახლე მოსწავლეებს?

ბუნებრივია, რომ სიახლემ გეგმები მეტნაკლებად შეგვიცვალა, რაშიც ტექნიკურ ნაწილსა და ინტერნეტ სივრცისთვის მასალის მორგებას ვგულისხმობ. გავითვალისწინეთ ასაკობრივი კატეგორიები და სასწავლო გეგმა ახალი რეალობისთვის მაქსიმალურად ყურადღების მისაქცევ, სამახსოვრო და სახალისო გამოცდილებად ვაქციეთ.

რაც მთავარია, მოსწავლეები მობილიზებულები არიან, მოსწონთ სიახლე და აქტიურად ეხმიანებიან მიწოდებულ ამოცანებს. რა სასიხარულოა, რომ მათივე სურვილით, მოსწავლეებს სკოლის ფორმაც კი აცვიათ, მასწავლებლებიც აკადემიურად გამოწყობილები უძღვებიან გაკვეთილს, შესაბამისად ატმოსფეროც კი პროცესის საკეთილდღეოდ მუშაობს.

– როგორც ჩანს, მასწავლებელს ახლა მეტი შრომის გაწევაც კი უწევს, ხომ ასეა?!

ნამდვილად. პედაგოგები დილის 10 საათიდან საგაკვეთილო პროცესს მართავენ, უამრავ კლასთან ატარებენ გაკვეთილს და მთელი დღის მანძილზე ეკრანთან ატარებენ დროს. (აღსანიშნავია, რომ შესვენება ერთი საათით განისაზღვრა, რადგან სწავლება ამ მხრივაც კომფორტული იყოს და დრო განტვირთვასაც დაეთმოს. მოსწავლეებისთვის კი დღეში მხოლოდ 3 საგანი ტარდება). არც ისე ადვილია, გაკვეთილის ,,გაციფრულებაც”, ანუ ინტერნეტსივრცეში გადატანა ისე, რომ ხარისხი შენარჩუნდეს. თუმცა ,,პროგრესის” კოლექტივი ამას წარმატებით ახერხებს. გვიხარია, რომ მშობლებიც კი პატარების გვერდით სხედან და ინტერესით ისმენენ საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობას. აღნიშნავენ, რომ ძალიან მოსწონთ სკოლის საქმიანობა.

მაღალ კლასებში კი დისტანციური სწავლების რეჟიმი არც ტექნიკურად და არც რაიმე სხვა კუთხით, უცხო არ არის. პროგრესის მოსწავლეები აქამდეც ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა ონლაინ კურსის მიმდინარეობაში. ეს ყველაფერი მათთვის კომფორტულიცაა.

– პირადად თქვენთვის, როგორც დირექტორისთვის, როგორია დისტანციური საქმიანობა?

სიმართლე რომ ვთქვა, გამიმარტივდა, რადგან სამივე ქალაქის ფილიალის (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი) გუნდებს ერთმანეთთან კავშირი ყოველთვის ამ რეჟიმში გვქონდა.

რაც შეეხება უშუალოდ დირექტორის საქმიანობას, რაც ერთის მხრივ ხარისხის მონიტორინგს გულისხმობს, ამასაც შეუფერხებლად ვახერხებ და ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდები პროცესს.

ონლაინ სივრცეში მასწავლებელთა შეკრებებიც ხდება და საბჭოზეც ტრადიციულად განვიხილავთ სამომავლო პროგრესულ ნაბიჯებს.

Aris.ge - განათლება განათლება