GE
11 აპრილი, 2026 12:00

რა არის ჭონა და რა იციან მოსწავლეებმა თითქმის მივიწყებულ სააღდგომო ტრადიციაზე

„ალათასა ბალათასა, ხელი ჩავყავ კალათასა, ქალო, კვერცხი გამოგვიტა, ღმერთი მოგცემს ბარაქასა!“ – ეს სიტყვები ქართული ხალხური სააღდგომო ტრადიციის – ჭონის განუყოფელი ნაწილია და ძველად, აღდგომის წინა ღამეს, ძირითადად, საქართველოს სოფლებში, თითქმის ყველა სახლის წინ ისმოდა.

ამ დღისთვის, მეჭონეები, რომლებიც რამდენიმე კაცისგან შემდგარ ჯგუფს წარმოადგენდნენ, საგანგებოდ ემზადებოდნენ. იმოსებოდნენ ისე, რომ მათი ცნობა რთული ყოფილიყო, შემდეგ კი თითოეულ ოჯახს ჩამოუვლიდნენ, საჭონაო საგალობლით ხალხს ქრისტეს აღდგომას მიულოცავდნენ და მათგან სანაცვლოდ კვერცხებს იღებდნენ.

ჭონის ტრადიცია ყველა კუთხეში განსხვავებული იყო, თუმცა, მეჭონეები ყველგან კოსტუმირებულ მსვლელობას აწყობდნენ და დალოცვითი ხასიათის სიმღერა-ლექსებს ასრულებდნენ. სიმღერის შემდეგ, კვერცხების ჩასაწყობად, ბანიდან ერდოში კალათს ჩაუშვებდნენ, რომ მასპინძლისგან საჩუქარი მიეღოთ.

დღეს, ეს ტრადიცია ბევრ სოფელში საერთოდ მიივიწყეს, ბევრგან კი ბავშვების სახალისო მსვლელობდ იქცა. EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რა იციან ჭონაზე თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებმა მოსწავლეებმა და მათ კითხვები დაუსვა.

მე-11 კლასის მოსწავლე ლუკა ჯამაგიძემ, რომელიც იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობს, პასუხად გვითხრა, რომ ჭონაში მონაწილეობა თავადაც არაერთხელ მიუღია:

„ჭონა ტრადიციაა, რომლის დროსაც ბავშვები, წინასააღდგომოდ, ყველა ოჯახში მიდიან, მღერიან, ცეკვავენ, საკრავებზე უკრავენ. მასპინძელი მათ კვერცხსა და ტკბილეულობას აძლევს. რაც მთავარია, ამ დროს ისე უნდა იყო შემოსილი, რომ არავინ გიცნოს. რამდენჯერმე მიმიღია მონაწილეობა და ყოველთვის ძალიან გავერთე. კარგი ტრადიციაა, რომელსაც გაგრძელება უნდა. წელსაც აუცილებლად წავალ ჭონაზე“.

თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე გიორგი ქამხაძისგან კი ისიც გავიგეთ, რომ ჭონაზე როგორც სოფელში, ისე დედაქალაქშიც ყოფილა:

„ჭონა არის აქტივობა, როდესაც ბავშვები მიდიან სხვადასხვა სახლში და აგროვებენ კვერცხებს და პასკებს. მე თვითონაც მიმიღია ჭონაში მონაწილეობა თბილისშიც და სოფელშიც. კარგი აქტივობაა, გასართობია. შეგროვებული კვერცხების გაჭირვებულებისთვის დარიგებაც შეიძლება“.

სააღდგომო ტრადიციულ მსვლელობაში არაერთხელ ჩართულა ჩვენ მიერ გამოკითხული კიდევ ერთი მოსწავლე ნაზი ბაღაშვილი, რომელიც თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეათეკლასელია:

„დავდივარ სიმღერაზე „ამერ-იმერში“, საიდანაც ყოველ წელს მივდივართ ჭონაზე, რაც რა თქმა უნდა, დაკავშირებულია აღდგომასთან. ამ დროს, კონკრეტული ჯგუფი მთლიან სოფელს ფეხით შემოივლის, მღერის სააღდგომო სიმღერას, შედის ამა თუ იმ ეზოში და მასპინძელს კვერცხს სთხოვს. აქვთ კალათა, რაშიც ამ კვერცხებსა და ტკბილეულს აგროვებენ. წინა წელს ხოვლეში ვიყავი ჭონაზე, წელსაც წავალ“.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რესპონდენტების ნაწილმა ჭონაზე ბევრი რამ იცოდა, გამოკითხულ მოსწავლეებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ამ ტრადიციაზე ჩვენგან შეიტყვეს. თუმცა, ბავშვებმა გაგვიმხილეს, რომ სააღდგომო კოსტუმირებულ მსვლელობაში მონაწილეობას სიამოვნებით მიიღებდნენ.

schools.ge (ნ)