„ჩვენ, მოსწავლეები, ამას ვხედავთ“ – რა თვისებების პედაგოგი მოსწონთ დღეს მოსწავლეებს
როგორია მოსწავლეებისთვის მოსაწონი პედაგოგი – ეს შეკითხვა, ალბათ, არაერთხელ დაუსვამთ მასწავლებლებს საკუთარი თავის და მოსწავლეებისთვის, რადგან ძნელად თუ მოიძებნება პედაგოგი, რომელსაც არ სურს, ბავშვებს უყვარდეს და მათ შორის აღიარებული იყოს.
ასევე, ძნელად თუ იპოვით მოსწავლეს, რომელსაც ამ საკითხზე არ ეფიქროს და კითხვაზე პასუხი არ ჰქონდეს, რადგან ბავშვები ხშირად საგნებისა და მათ შორის, სკოლის სიყვარულსაც სწორედ პედაგოგით განსაზღვრავენ.
და მაინც, როგორი მასწავლებელი სურთ მოსწავლეებს? – ეს შეკითხვა მენტორმა მასწავლებელმა, ნანა დაბრუნდაშვილმა სხვადასხვა კლასების მოსწავლეებს დაუსვა და პასუხებს EDU.ARIS.GE გიზიარებთ:
კითხვა – როგორი მასწავლებელი გინდათ რომ გყავდეთ და რატომ?
სამართლიანი მასწავლებელი
მინდა, რომ ყველა მოსწავლეს თანაბრად გვექცეოდეს და მხოლოდ საყვარელი მოსწავლეები არ ჰყავდეს. ასე კლასში უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად ვიქნებოდით.
მეგობრული და კეთილი
ისეთი მასწავლებელი მომწონს, ვისთანაც საუბრის არ მეშინია. თუ შეცდომას დავუშვებ, ვინც არ დამცინებს და გაუგებარ საკითხს მშვიდად ამიხსნის.
საინტერესოდ ამხსნელი
კარგი იქნება, თუ გაკვეთილს მხოლოდ წიგნიდან არ წაიკითხავს, არამედ თანამედროვეობასთან კავშირში, მაგალითებით, თამაშებით ან ისტორიებით აგვიხსნის. ასე სწავლა ბევრად უფრო ადვილი და სახალისო ხდება.
მომთმენი
ყველა მოსწავლე ერთნაირად სწრაფად ვერ იგებს. სასურველია, რომ მასწავლებელი არ გაბრაზდეს, თუ რამეს რამდენჯერმე ვკითხავთ.
იუმორის გრძნობის მქონე
როცა მასწავლებელი გაკვეთილზე ხანდახან ხუმრობს, ის გაკვეთილი აღარ არის მოსაწყენი და კლასშიც კარგი განწყობა იქმნება ხოლმე.
მოსწავლეების აზრის დამფასებელი
მინდა, რომ ჩვენი აზრიც აინტერესებდეს და მხოლოდ თვითონ არ ლაპარაკობდეს. ასე ვგრძნობთ, რომ მისთვის ჩვენი სიტყვაც მნიშვნელოვანია.
მოტივაციის მიმცემი
კარგი მასწავლებელი მაშინაც გვამხნევებს, როცა რაღაც არ გამოგვდის. მისი სიტყვები გვაძლევს მოტივაციას და სურვილს, უფრო კარგად ვისწავლოთ.
თანამედროვე და შემოქმედებითი
საინტერესოა, როცა მასწავლებელი ტექნოლოგიებს იყენებს, ვიდეოებს გვაჩვენებს ან განსხვავებულ დავალებებს გვაძლევს, რომლებიც სწავლას რეალურ ცხოვრებასთან უფრო აკავშირებს.
დისციპლინის დამცველი, მაგრამ არა ზედმეტად მკაცრი
კლასში წესრიგი საჭიროა, მაგრამ ყვირილი, საყვედურები და მუდმივად დასჯა მოსწავლეებს სწავლას აძულებს. კარგი მასწავლებელი წესრიგს მშვიდად ამყარებს.
მოსწავლეების გამგები
ზოგჯერ მოსწავლეს შეიძლება ცუდი დღე ჰქონდეს ან რამე პრობლემა აწუხებდეს. სასურველია, მასწავლებელი ამას ხვდებოდეს და მხოლოდ ნიშნებით არ გვაფასებდეს.
თავისი საქმის მოყვარული
როცა მასწავლებელს თავისი საგანი უყვარს, ამას ჩვენც ვხედავთ და ვხვდებით, მისი ეს დამოკიდებულება ჩვენზეც გადმოდის და სწავლაც უფრო საინტერესო ხდება.
ჩვენი მომავლის შესახებ მზრუნველი
კარგი მასწავლებელი მხოლოდ გაკვეთილის ჩატარებაზე არ ფიქრობს – მისი საუბრები გვეხმარება, რომ კარგი ადამიანები და განათლებული მოქალაქეები გავიზარდოთ.
ასევე იხილეთ: