GE
17 მაისი, 2026 10:30

როგორ შევქმენით მინი NASA საკლასო ოთახში – „ჩემი მარსმავალი“

ფოტო: Blue and Grey Modern Investing YouTube Thumbnail - 1

ავტორი: გვანცა ბადრიშვილი, განათლების ადმინისტრირების მაგისტრანტი, თბილისის 30-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის:

ბავშვები ხშირად ისეთ კითხვებს სვამენ, წამით შენც რომ დაგაფიქრებს. ჩემს კლასში ერთ-ერთი ასეთი კითხვა სიცოცხლის ძიებას ეხებოდა: „მასწავლებელო, მართლა მარტო ვართ კოსმოსში? სხვაგან არავინ ცხოვრობს?“ სწორედ ამ გულწრფელი ინტერესით დაიწყო ჩვენი დიდი თავგადასავალი. მივხვდი, რომ კონკრეტული პასუხის გაცემა მათთვის საკმარისი არ იქნებოდა. მინდოდა მოსწავლეებს თავად გაეცათ პასუხები საკუთარ კითხვებზე, მეცნიერებივით ეფიქრათ და საკუთარი ხელით შეექმნათ რაღაც ახალი. ასე გადაიქცა ჩვენი გაკვეთილი დიდ მისიად – „ჩემი მარსმავალი – სიცოცხლის ძიება უცნობ პლანეტაზე“.

როგორ შევქმენით მინი NASA საკლასო ოთახში

ნებისმიერი დიდი აღმოჩენა კვლევით იწყება. ჩვენი პირველი ნაბიჯიც რეალური მეცნიერების გაცნობა იყო. მოსწავლეებთან ერთად დავაკვირდით NASA-ს უახლეს ფოტოებს, განვიხილეთ მარსმავლების მისიები და ვცადეთ გაგვერკვია, რა არის საჭირო სიცოცხლისთვის.
შემდეგ კი, ყველაზე საინტერესო ეტაპი დაიწყო -კონსტრუირება. აქ ერთი მნიშვნელოვანი რამ აღმოვაჩინეთ , რომ ინჟინერია იდეით იწყება და არა ძვირადღირებული ლაბორატორიით. ჩვენი მინი მარსმავლები იმ ნივთებისგან ავაწყვეთ, რაც ხელთ გვქონდა: მუყაოს ყუთები, ბოთლის თავსახურები, წებო და ცოტაოდენი ფანტაზია.

ექსპერიმენტი:

იმისთვის, რომ კვლევა რეალური ყოფილიყო, საკლასო სივრცე სამ საცდელ ზონად დავყავით, რომლებიც სხვადასხვა პლანეტის მიწას განასახიერებდა:

მარსი – წითელი ქვიშა; დედამიწა – ნოყიერი შავი ნიადაგი; ვენერა – თეთრი, მშრალი ფხვნილი.
პატარა მკვლევარები გამადიდებელი შუშებით აკვირდებოდნენ ტექსტურას, ფერს, სუნს და იმას, თუ როგორ იწოვდა ნიადაგი წყალს. თითოეულ დაკვირვებას თავიანთ სამუშაო ცხრილებში ინიშნავდნენ, ზუსტად ისე, როგორც ამას ნამდვილი მეცნიერები აკეთებენ მონაცემების შედარებისას.

კლასში გადანაწილდა როლები:

1. ასტრობიოლოგი – რომელიც ეძებდა სიცოცხლის კვალს.
2. ინჟინერი – რომელიც როვერის გამძლეობასა და მოძრაობას ტესტავდა.
3. მონაცემთა მეცნიერი – რომელიც ციფრებსა და კანონზომიერებებს აანალიზებდა.
4. AI-ოპერატორი – რომელიც ფიქრობდა, როგორ დაეხმარებოდა ხელოვნური ინტელექტი რობოტს მონაცემების გადაცემაში.

პროექტის დასასრულს ბავშვებმა თავად, ყოველგვარი კარნახის გარეშე დაასკვნეს, რომ სიცოცხლისთვის საუკეთესო პირობები დედამიწაზეა – „მასწავლებელო, დედამიწის მიწაში მცენარის ნარჩენები ვიპოვეთ და მას სუნიც აქვს. ეს სიცოცხლის ნიშნებია!“ – ბავშვებმა გააცნობიერეს მთავარი პრინციპი, რომ სიცოცხლე ყოველთვის ტოვებს კვალს. ეს არ იყო წიგნიდან ამოკითხული ჭეშმარიტება – ეს იყო მათი პირადი, ექსპერიმენტული აღმოჩენა.

ამ აქტივობით ჩვენ რამდენიმე კრიტიკულ უნარს შევეხეთ:

მეცნიერული აზროვნება – ჰიპოთეზების დასმა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული დასკვნები.
კრიტიკული ანალიზი – მონაცემების შედარება და საკუთარი აზრის არგუმენტირება.
გუნდურობა – გაცნობიერება, რომ საერთო მიზნისთვის თითოეული როლი მნიშვნელოვანია.

მეცნიერება ბავშვებისთვის არ უნდა იყოს რაღაც შორეული და რთული. ის სწორედ აქ იწყება – ჩვენს კლასებში, ერთ შეკითხვასა და იმ პირველ აღმოჩენებში, რომლებამდეც ბავშვები დამოუკიდებლად მიდიან. მთავარია, ვენდოთ მათ ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას.

აქ მოცემულია რამდენიმე აქტივობა, რომლებიც შეგიძლიათ თქვენს კლასში განახორციელოთ:

1. უხილავი ხიდები – სთხოვეთ მოსწავლეებს, მხოლოდ ქაღალდის ფურცლებისა და სკოჩის გამოყენებით ააგონ ხიდი ორ მაგიდას შორის, რომელმაც სათამაშო მანქანას უნდა გაუძლოს. აქტივობა მოსწავლეებს დააფიქრებს, როგორ გადაანაწილონ წონა სწორად, როგორ შექმნან მყარი კონსტრუქცია და რა გავლენას ახდენს ფორმა ხიდის სიმტკიცეზე.

2. წყლის ფილტრი – გამოიყენეთ პლასტმასის ბოთლი, ქვიშა, კენჭები და ბამბა. სთხოვეთ ბავშვებს, შექმნან ფენები და გაწმინდონ ამღვრეული წყალი. ეს პროცესი მათ ფილტრაციისა და გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას დაანახებს.

3. ლიმონის ბატარეა – დაგჭირდებათ ლიმონი, სპილენძის მონეტა და ლურსმანი. მათი შეერთებით შეგიძლიათ პატარა LED ნათურა აანთოთ. ეს ქიმიური ენერგიის ელექტროენერგიად ქცევას ხსნის.

4. ტორნადო ბოთლში – ორი პლასტმასის ბოთლი ერთმანეთს პირით შეაერთეთ (შუაში ნახვრეტიანი თავსახურით). ერთ ბოთლში ჩაასხით წყალი და ცოტა ე.წ ბრჭყვიალები (glitter). ბოთლის სწრაფი დატრიალებით წყლის ძაბრი შეიქმნება. ეს საუკეთესო გზაა იმის ასახსნელად, თუ როგორ მუშაობს ცენტრისკენული ძალა და როგორ ჩნდება ბუნებრივი მოვლენები.

schools.ge სკოლებზე და სკოლებში