რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ მოსწავლე სხვა სკოლაში გადაგყავთ – „პარალელურ კლასში გადაყვანაც კი პრობლემებს იწვევს“
1-ელი ოქტომბრიდან სკოლებში მოსწავლეთა მობილობა იწყება – მშობლებს შვილის ერთი სკოლიდან მეორეში გადაყვანა სასწავლო წლის ბოლომდე შეუძლიათ.
მშობლებს შვილი სხვა სკოლაში ძირითადად საცხოვრებელი ადგილმდებარეობის ცვლილების გამო გადაჰყავთ, თუმცა არის სხვა მიზეზებიც. თბილისის 122-ე საჯარო სკოლის ფსიქოლოგი, ნატო შანიძე EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ ბავშვისთვის სკოლიდან სკოლაში გადასვლას ფსიქო-ემოციური პრობლემები ახლავს თან და ამ დროს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. კითხვაზე, რა უნდა იქნეს გათვალისწინებული, რომ ბავშვზე სასწავლო გარემოს ცვლილებამ უარყოფითი კვალი არ დატოვოს, ფსიქოლოგი პასუხობს:
„წყალში რომ ბურთს ჩააგდებ, წყალი ბუყბუყს იწყებს. ჩვენ თუ წყალში იმავე ბურთს მშვიდად ჩავდებთ, ის მდორედ და მშვიდად მიიღებს ამ ახალ სხეულს. იმისთვის, რომ ბავშვს პრობლემა არ შეექმნას ახალ სოციუმთან ურთიერთობაში, უნდა შევეცადოთ, რომ ბავშვი მშვიდად ჩაჯდეს იმ ახალ სოციალურ გარემოში. ამისთვის საჭიროა, კონტაქტი განხორციელდეს კლასის ყოფილ და მომავალ დამრიგებლებს შორის, იმ სკოლებს შორის. უნდა განიხილონ ბავშვის ფსიქოტიპი, სკოლამ მისცეს დახასიათება, გამოიყოს ინტერესები – რა უყვარს… ახალი სკოლა, ახალი გარემო, ახალი კლასი შემზადებული უნდა დახვდეს ბავშვს. ის ბავშვებიც ინფორმირებულები უნდა იყვნენ, რომ მათთან მოდის ახალი მოსწავლე, რომელიც უნდა მიიღონ თავიანთ სოციუმში. ამ ყველაფერის გათვალისწინების შედეგად პრობლემის ხარისხს დავწევთ, მაგრამ სულ ვერ გამოვასწორებთ, რადგან ადაპტირების პრობლემა მაინც რჩება“.
ნატო შანიძე განმარტავს, რომ მხოლოდ ბავშვის კი არა, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა საფეხურზე ახალ სოციუმთან შეგუება იწვევს ფსიქო-ემოციურ პრობლემებს. ამის გამოხატვა ყველა ასაკშია და ასაკიდან და ფსიქოტიპიდან გამომდინარე – განსხვავებული. მოსწავლეებს კი ასეთ დროს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ქცევა უვითარდებათ:
„ერთ შემთხვევაში, იკეტებიან საკუთარ თავში და არ აქვთ კონტაქტი არავისთან. ამის შესაბამისად, აკადემიური პრობლემებიც ჩნდება, რადგან შესაძლებელია, მოსწავლე კარგად აკეთებდეს ყველა დავალებას, კარგად სწავლობდეს, მაგრამ არ გამოამჟღავნოს. მეორე შემთხვევაში, ბავშვი ცდილობს თავის დამკვიდრებას აგრესიული და უარყოფითი ქცევით, შლის გაკვეთილს…
„როგორც ჩაკეტილობა, ისე აგრესიული ქცევა სიგნალია – მომაქციეთ ყურადღება. ასეთ დროს არსებობს ჯგუფური ფსიქოლოგიური თამაშები, რომლის დროსაც, გინდა თუ არა, ყველა გამოხატავს ემოციას. ყველა რომ იწყებს აქტიურობას, ჯგუფი იკვრება, გუნდი ხდება და ის ბავშვიც ისეთივე აქტიური კომპონენტია თავისი ჯგუფისა, როგორც დანარჩენი წევრები. ასე მომიგვარებია ბევრ შემთხვევაში პრობლემა და მერე მასწავლებელი დამიკვალიანებია, როგორ მოქცეულიყო, მშობლებთანაც მისაუბრია“.
ნატო შანიძე ამბობს, რომ სკოლიდან სკოლაში გადასვლა უფროსკლასელებსაც ისევე უჭირთ, როგორც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს და მშობლებს მოუწოდებს, შვილი სკოლიდან სკოლაში მხოლოდ უკიდურესი საჭიროების გამო გადაიყვანონ.
„ბავშვობიდან მოზარდობაში გადასვლის პერიოდში ფაქიზია ბუნება და ჩემი რეკომენდაცია იქნება, შეძლებისდაგვარად არ მოხდეს ბავშვის სოციალური გარემოს რადიკალური ცვლილება. პარალელურ კლასში გადაყვანაც კი ძალიან ხშირად იწვევს პრობლემას, თუ არ არის არგუმენტირებულად ახსნილი მშობლისგან, რატომ ხდება ეს და თვითონ ბავშვის მოთხოვნილება არ არის, სხვა კლასში გადაყვანა. ძირითადი მიზეზი სკოლის შეცვლისა, ადგილმდებარეობის ცვლილებაა. იშვიათია ბულინგის შემთხვევები. ჩვენს სკოლაში გადმოუყვანიათ ბავშვი, რომელიც სხვა სკოლაში ბულინგის მსხვერპლი იყო. ასეთ დროს პრობლემიდან გაქცევაა და არ პრობლემის მოგვარება, მაგრამ როდესაც ეს ვერ გვარდება იმ ადგილას, სადაც იყო, აუცილებლად უნდა გამოერიდოს და სხვაგან შეიძლება პირიქით, კარგადაც იგრძნოს თავი. მნიშნელოვანია, რომ ყველა მათგანს, ახალ სკოლაში, დადებითი განწყობა დავახვედროთ“, – გვითხრა სკოლის ფსიქოლოგმა.
ასევე იხილეთ: