„როგორ გაატარეთ ზაფხულის არდადეგები?“ – სახიფათო კითხვის ალტერნატივა სკოლის პირველ დღეს
სულ რაღაც ორ კვირაში 2025-2026 სასწავლო წელი იწყება. ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ, ყველაზე აქტუალური შეკითხვა, რომელსაც მასწავლებლები მოსწავლეებს უსვამენ, ზაფხულის არდადეგებს უკავშირდება.
თბილისის 106-ე საჯარო სკოლის I-IV-კლასების მენტორი მასწავლებელი ინა მეცხვარიშვილი მიიჩნევს, რომ სახიფათოა შეკითხვა – „როგორ გაატარე ზაფხულის არდადეგები?“ და კოლეგებს უზიარებს ალტერნატიულ აქტივობას, რომელიც პედაგოგებს შეუძლიათ, არდადეგებიდან დაბრუნებულ მოსწავლეებს შესთავაზონ.
EDU.ARIS.GE გთავაზობთ ინა მეცხვარიშვილის მიერ 29 აგვისტოს გამოქვეყნებულ რჩევებს:
სახიფათო კითხვა – „როგორ გაატარეთ ზაფხულის არდადეგები?“
გვახსოვდეს, რომ ყველა მოსწავლეს არ ექნებოდა ერთნაირად მხიარული და მრავალფეროვანი ზაფხული… ერთი უბრალო, თითქოს უწყინარი შეკითხვა – „როგორ გაატარე ზაფხულის არდადეგები?“ შეიძლება, ზოგი მოსწავლისთვის ძალიან სტრესული, სანერვიულო და უსიამოვნო აღმოჩნდეს. ეს კი საგრძნობლად ცვლის მოსწავლის სკოლისადმი განწყობას.
გიზიარებთ ალტერნატიულ აქტივობას:
„უქმე დღეების შეკითხვები“ – ერთდროულად ივარჯიშებენ: წაკითხვაში, მოფიქრებაში, აზრების დალაგებასა და მეტყველებაში, წარმოსახვის უნარის გავარჯიშებასა და საკუთარი ამბის ილუსტრაციით გაცოცხლებაში.
- ვისთან ერთად ვიყავი უქმეებზე?
- რა თამაში ვითამაშე?
- რა იყო საინტერესო?
- რა ვჭამე გემრიელი?
- რას ვუყურე ტელევიზორში ან ტელეფონში?
- ვინ ვნახე, ვისთან გამიხარდა შეხვედრა?
- რა გამეხარდა ყველაზე მეტად?
- რას გავაკეთებდი ისევ, რომ შეიძლებოდეს?
- როგორ ამინდი იყო და რას ვაკეთებდი ამ დროს?
- რამ გამაკვირვა?
- რა იყო ყველაზე სასაცილო?
- ვნახე თუ არა რომელიმე ცხოველი?
- დავეხმარე თუ არა ვინმეს?
- ვინ მომენატრა?
- ვინ გამაცინა?
- რა ვისწავლე ან გავიგე ახალი?
- ვიმღერე ან ვიცეკვე?
- რა დამესიზმრა უქმეებზე?
- ვისთან ვითამაშე ყველაზე მხიარულად?
ეს შეკითხვები ბავშვებს არ უბიძგებს მხოლოდ რეალურ ამბებზე საუბრისკენ – პატარა ფანტაზიასაც შეურევენ და თავიანთი უნარების გამოვლენაში დაეხმარება.
შეგიძლიათ, ქართულისა და ხელოვნების ინტეგრაციასაც შეუწყოთ ხელი.
პირველკლასელებთან გაკეთებული აქტივობის გაცოცხლებული ვერსია
და გაგაცნობთ ერთ საინტერესო წიგნს, რომელიც მეექვსეკლასელი მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებას ასახავს.
წაიკითხეთ და დარწმუნდებით, თუ რა სახიფათო კითხვაა – „როგორ გაატარე ზაფხულის არდადეგები?“
-
„საგზაო ნიშნების სამყაროში“ – შემოქმედებითი აქტივობა პირველკლასელებთან by სკოლების ამბები
-
შემეცნების და აღმოჩენების დროა – წიგნები, რომლებიც 6-დან 16 წლამდე მოსწავლეებმა ზაფხულის არდადეგებზე უნდა წაიკითხონ by სკოლების ამბები
-
კომაროვის „შაბათის სკოლაში“ რეგისტრაცია იწყება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა