GE
2 მარტი, 2026 15:35

რა ზრდის მოსწავლის მოტივაციას სასწავლო პროცესში – ფრაზები და პრაქტიკული მაგალითები

ავტორი: ხატია გოცაძე – თბილისის 133-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:

რა ზრდის მოსწავლის მოტივაციას – პრაქტიკული მაგალითები

მე, როგორც მასწავლებელი, ვაცნობიერებ, რომ მოტივაცია არის სწავლა-სწავლების „მამოძრავებელი ძალა“, რომელიც მოსწავლეს უბიძგებს ქმედებისკენ, განახორციელოს ან ჩაერთოს ღირებულ აქტივობაში და მისგან მიიღოს სარგებელი. ცოდნის გადაცემა შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, თუმცა სწავლის სურვილის გაღვივებაა ის მთავარი საფუძველი, რომელიც შემდეგ აყალიბებს თავისუფალ, მოაზროვნე და დამოუკიდებელ პიროვნებას. სწავლების პროცესში მოტივაცია განსაზღვრავს სწავლის ხარისხს, ის ეხმარება მოსწავლეს სირთულის დაძლევაში, ქმნის ჯანსაღ გარემოს და ავითარებს იმ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, რომელიც უნდა ჰქონდეს პიროვნებას.

ყველა ჩვენგანი ყოფილა მოსწავლე და თითოეული ამ სიტყვის მნიშვნელობა საკუთარ თავზე გაუაზრებია. მე, როგორც მასწავლებელი, რას ვაკეთებ ამ მიმართულებით? განვიხილავ მხოლოდ მცირე ნაწილს.

1. მოსწავლეს ვეხმარები, სწორად დასახოს მიზანი და პასუხი გასცეს საკუთარ თავში არსებულ შეკითხვას – რატომ ვსწავლობ? ამ გზით მას ვუღვივებ შინაგანი განვითარებისა და თვითრეალიზაციის სურვილს. ამ პროცესში მოსწავლე იწყებს იმის გააზრებას, თუ რა სურს მას, რატომ აკეთებს ამ ყველაფერს. მან აუცილებლად უნდა იცოდეს, თუ რაში გამოიყენებს მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას სამომავლოდ.

2. თითოეული გაწეული შრომისთვის მას ვაძლევ პოზიტიურ უკუკავშირს, რომელიც ორიენტირებულია არა მხოლოდ შედეგების შექებაზე, არამედ მის ყველა მცდელობასა და შრომის აღიარებაზე, რომელმაც დაახლოვა საბოლოო მიზანთან. მას არ უნდა მივცეთ დანებების საშუალება და უნდა დავეხმაროთ რწმენის გაძლიერებაში.

3. მიზანთან მისასვლელი გზა მრავალფეროვანია. მისი დადებითი შედეგით დასრულება კი დამოკიდებულია მოსწავლის უნარ-ჩვევებსა და შესაძლებლობებზე. ამ კუთხით ვაძლევ არჩევანის თავისუფლებას, სადაც პრიორიტეტია – მოსწავლე, რომელიც ირჩევს მისთვის სასურველ გზას. მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება, როგორიცაა როლური თამაშები, ჯგუფური შეჯიბრებები (ჯანსაღ კონკურენტულ გარემოში) და ა.შ. ამცირებს შფოთვას და ზრდის ჩართულობას.

4. თანამშრომლობითი სწავლება – ყველაზე მოქნილი და მრავალფეროვანი მეთოდია, სადაც მოსწავლეს მაქსიმალურად აქვს შესაძლებლობა, უკეთ ისწავლოს სხვებისგან და საკუთარი უნარ-ჩვევებიც დახვეწოს. გარემო მშვიდი, ჯანსაღი კონკურენციით სავსე და პროდუქტიულია, სადაც ადამიანები ერთიანდებიან საერთო მიზნისთვის. მოსწავლეებს ხშირად ვაძლევ საშუალებას, თავად მოირგონ მასწავლებლის როლი. ერთად დაგვიგეგმავს გაკვეთილი და შემდეგ მათ ჩაუტარებიათ. სხვა მოსწავლეების მსგავსად, მეც ვიყავი მოსწავლის როლში, ხოლო ერთ-ერთი მოსწავლე – მასწავლებლის ამპლუაში. სხვა ფაქტორებთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობელთა როლიც. შემიძლია, გავიხსენო ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც მშობელთან ერთად დავგეგმე და ერთობლივად ჩავატარეთ (თემა ეხებოდა „მომავლის პროფესიებს“). დღემდე მომყვება ის ემოცია, რაც ამ გაკვეთილმა კლასში გამოიწვია.

5. მოსწავლეს სჭირდება ემოციურად უსაფრთხო გარემო, სადაც მისი შეცდომა აღქმულია როგორც სწავლის ნაწილი. ის თავისუფლად, ღიად უნდა საუბრობდეს მის ემოციურ მდგომარებასა და საჭიროებაზე, რომელსაც განიცდის სწავლა-სწავლების დროს. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ მათთან ერთად დავრჩენილვარ გაკვეთილების დასრულების შემდეგ (მშობელი ასეთ შემთხვევებში აუცილებლად იყო ინფორმირებული) და გვისაუბრია სხვადასხვა საკითხზე (რომელიც მათთვის განსაკუთრებით ემოციური ყოფილა იმ მომენტში და სურდათ, ჩემთვის გაზიარება), ღიად და გულწრფელად.

6. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლე ხედავდეს საკუთარ პროგრესს. მან ნათლად უნდა დაინახოს, რამდენად განვითარდა და კიდევ რა კომპონენტებს სჭირდება დახვეწა/გაუმჯობესება.

ფრაზები, რომლებიც მოსწავლის მოტივაციაზე ახდენს გავლენას

სასწავლო პროცესში ხშირად ვიყენებ ფრაზებს, რომელიც მოსწავლეთა მოტივაციის ზრდაზე დადებითად აისახება: „ვხედავ, რამდენად ეცადე“, „სწორ გზაზე ხარ, ასე გააგრძელე“, „შენი შრომა ნამდვილად ჩანს“, „მე მჯერა შენი შესაძლებლობების“, „ცოტაც და აუცილებლად გამოგივა“, „მოდი, ერთად ვიფიქროთ“, „მომწონს როგორც იფიქრე“, „შეცდომას იმიტომ ვუშვებთ, რომ ვისწავლოთ“, „მცდელობა უკვე წარმატებაა“, „თუ რამის გაკეთება გიჭირს, ერთად გავაკეთოთ. მე შემიძლია, დაგეხმარო“, „შენი ძალისხმევა მიხარია“, „ნახე, უკვე რა კარგად გამოგდის“, „მე შენს გვერდით ვარ“, „შენ მეტის მიღწევა შეგიძლია“, „არ დანებდე, ყველაფერი ახლა იწყება“, „შენ თავად ქმნი საკუთარ წარმატებას“, „შენი შესაძლებლობები ყოველდღე იზრდება“, „შენ შეგიძლია, იყო შენი თავის საუკეთესო ვერსია“.

ასევე იხილეთ:

„თუ ეკრანი მთავარი მეგობარია“ – რა შევთავაზოთ შვილს

„თუ ჯერ ვერ ხედავთ შვილის ინტერესის სფეროს, არ ნიშნავს, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ“ – რა უნდა იცოდნენ მშობლებმა

schools.ge (ნ)