GE
23 თებერვალი, 2026 17:17

„თუ ჯერ ვერ ხედავთ შვილის ინტერესის სფეროს, არ ნიშნავს, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ“ – რა უნდა იცოდნენ მშობლებმა

ავტორი: ინა მეცხვარიშვილი – თბილისის 106-ე საჯარო სკოლის I-IV-კლასების მენტორი მასწავლებელი

მშობელმა გულწრფელად იკითხა: „ვერ დავიჭირე ჩემი შვილის ინტერესის სფერო. რა ვქნა ასეთ დროს?“

როგორც მასწავლებელსა და როგორც დედას, ძალიან კარგად მესმის ამ მშობლის. როცა ყოველდღე ხარ ბავშვის გვერდით, გინდა დარწმუნებული იყო, რომ სწორად ეხმარები. ბევრ ჩვენგანს გვგონია, რომ რაღაც გამოგვრჩა, თუმცა ხშირად, უბრალოდ, ძებნის პროცესში ვართ.

მინდა, გაგიზიაროთ რამდენიმე პრაქტიკული დაკვირვება ჩემი გამოცდილებიდან:

ინტერესი არ არის მუდმივი

ბავშვი შეიძლება, დღეს ძერწვით იყოს გატაცებული, ხვალ – ხატვით, ზეგ – საერთოდ არაფრით. ეს არ ნიშნავს, რომ მას არ აქვს ინტერესი, ეს ნიშნავს, რომ ის ჯერ იკვლევს, აკვირდება და ეცნობა საკუთარ ინტერესებს. ინტერესი არ არის რაღაც, რაც ერთხელ აღმოაჩინე და მორჩა. ბავშვის ინტერესი მუდმივად ვითარდება, იცვლება, ქრება და ისევ ჩნდება. ეს განვითარების ბუნებრივი ნაწილია და არა პრობლემა.

შვილის სხვასთან შედარება შეცდომას გვაშვებინებს

„ის ბავშვი 5 წლისაა და უკვე კითხულობს“ – შენს შვილს შეიძლება, სხვა გზა ჰქონდეს. ბავშვის ინტერესი ყოველთვის არ ჩანს ჩვენი სასურველი ფორმით. როგორც დედა, გირჩევთ: ნუ შეადარებთ! სხვა ბავშვის ინტერესები არ არის საზომი თქვენი შვილისთვის. შედარება ხშირად გვაშორებს შვილთან, მასთან სიახლოვის ნაცვლად.

როცა არ ვიცით რა უყვარს, ვთავაზობთ არჩევანს. არა ბევრ რამეს ერთდროულად, არამედ: დღეს პლასტელინი, ხვალ საღებავები, ზეგ კუბიკები. და უბრალოდ უყურეთ, რა რჩება, როცა ვალდებულების გარეშე კავდება. დააკვირდით მის რეაქციას და პროცესს, არა შედეგს: რასთან ჩერდება დიდხანს? რაზე არ ნებდება ადვილად? რისი კეთებისას ავიწყდება დრო?

ხშირად ინტერესი იქ იჩენს თავს, სადაც ჩვენ სწავლებას და „ჭკუის დარიგებას“ არ ვცდილობთ: თავისუფალ თამაშში, ყოველდღიურ რუტინაში, კითხვების დასმის დროს, საუბრისას.

როგორც მასწავლებელი, გეტყვით, რომ ყველა ბავშვს აქვს ძლიერი მხარე. უბრალოდ, ის შეიძლება, ჯერ არ იყოს „თვალშისაცემი“. ზოგი ბავშვი მოძრაობით აზროვნებს, ზოგი – დაკვირვებით, ზოგი – კომუნიკაციით. ინტერესს კი დრო სჭირდება. ზოგ ბავშვს ადრე უჩნდება, ზოგს კი – მოგვიანებით. ეს არ არის სისწრაფეში შეჯიბრი. თუ ახლა ვერ ხედავთ შვილის მკაფიო ინტერესს, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენი შვილი ჯერ თავის თავს ეცნობა, თქვენ კი – მას. ის უბრალოდ გზაშია და თქვენ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამგზავრი ხართ.

ასევე იხილეთ:

რა სირთულეების გადალახვა უწევს ინტროვერტ მოსწავლეს სკოლაში და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი – ინტერვიუ სპეციალისტთან

როგორ დავეხმაროთ ბავშვს მათემატიკური უნარების გაუმჯობესებაში – რჩევები მშობლებს

schools.ge (ნ)