„რადგან სკოლაში არ ასწავლიან, ბავშვი ვერ გაარჩევს რა სახის თავდასხმაა და თავდაცვა ხომ უნდა შეეძლოს?!“ – მოსწავლეების მამა სკოლებში სამოქალაქო თავდაცვის საგნის შემოღებაზე
ცოტა ხნის წინ, როდესაც უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრმა, უმრავლესობის წარმომადგენელმა ბექა დავითულიანმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, დროა, წამოვაყენოთ ისეთი ინიციატივები, როგორიც არის სკოლებში სამოქალაქო თავდაცვის სწავლებაო და მას ოპოზიციონერი დეპუტატი, ვახო მეგრელიშვილიც დაეთანხმა, თუმცა ამ საკითხს გაგრძელება ჯერჯერობით არ მოჰყოლია.
„აუცილებელზე აუცილებელია, სკოლებში სამოქალაქო თავდაცვა ისწავლებოდეს. თავდაცვის გენშტაბში მაქვს ნამუშევარი და ელემენტარული არ იცოდნენ ახალწვეულებმა. მოსწავლეებს აუცილებლად უნდა ვასწავლოთ, თუ როგორ შეიძლება მოიქცნენ ექსტრემალურ სიტუაციაში“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-სთან სამი შვილის მამამ, ვაჟა მერებაშვილმა ისაუბრა, რომელიც ამავე დროს ყოფილი სამხედრო და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის ვეტერანია.
ვაჟას ორი შვილი სკოლის მოსწავლეა – VII კლასელი დავითი და II კლასელი თეკლა. მამა თვლის, რომ თავის დაცვა ომის პირობებში როგორც გოგომ, ისე ბიჭმა უნდა იცოდეს, რათა ექსტრემალურ პირობებში სწორად მოიქცნენ.
„პირველადი სამედიცინო განათლებაც ყველა ბავშვს უნდა მივცეთ. მათ უნდა შეეძლოთ, განსაზღვრონ ტრაექტორია, თუ საიდან ხდება დაბომბვა და უნდა ერკვეოდნენ იარაღის სახეობებში. ბევრ შემთხვევაში, მაღალ კლასებში მყოფი მოსწავლეებიც ვერ არჩევენ, რა არის მსხვილკალიბრიანი იარაღი თუ სხვა. აუცილებელია, IX თუ X კლასელმა მოსწავლემ იცოდეს იარაღის დაშლა და აწყობა. წინააღმდეგობის გაწევაზე არ მაქვს საუბარი, ბავშვმა თავდაცვა ხომ უნდა შეძლოს?! ფორსმაჟორულ სიტუაციამდე თუ ბავშვმა ეს არ იცის, საომარ, პანიკურ მდგომარეობაში საერთოდ ვერ მოკიდებს იარაღს ხელს.
„როდესაც ხდება საჰაერო თუ საარტილერიო დაბომბვა, ბავშვი ვერ გაარჩევს, რა სახის თავდასხმაა და როგორ უნდა მოიქცეს – ბუნკერში უნდა ჩავიდეს, სანგარში უნდა შევიდეს თუ რა გააკეთოს. ღმერთმა დაგვიფაროს და ბირთვული იარაღის დარტყმის დროს როგორ, რა წესით უნდა დაიცვას ბავშვმა თავი, ხომ უნდა იცოდეს? ეს აუცილებელია ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე.
რადგან ბავშვები სკოლაში არ სწავლობენ, როგორ დაიცვან თავი, მამა გადაწყვიტა შვილებს ამ საკითხში თავად მისცეს ცოდნა. ბიჭს უკვე შეასწავლა გარკვეული საკითხები. ახლა პატარა გოგონას ჯერია.
„რადგან სკოლაში არაფერს ასწავლიან, ინტერნეტით მოვიძიე ყველა დეტალი, რაც საჭიროა, რომ იცოდნენ ჩემმა შვილებმა, დავსვი ბიჭი და მე თავად ვასწავლე. რა ზიანის მოყენება შეუძლია მოწინააღმდეგე მხარეს, ხომ უნდა იცოდნენ? პირველადი დახმარება რომ სჭირდება ადამიანს, ბავშვი შოკში კი არ უნდა ჩავარდეს, დახმარება უნდა შეძლოს. ბავშვს უნდა შეეძლოს ხელოვნური სუნთქვის ჩატარება, სისხლდენის შეჩერება. თუ ამ დეტალებს არ გავითვალისწინებთ, რთულად იქნება ჩვენი საქმე ექსტრემალურ ვითარებაში. ბიჭს ვასწავლე ბევრი რამ და გოგონასაც უნდა ვასწავლო “, – ამბობს ორი მოსწავლის მამა.