რატომ სკოლა-ლიცეუმი „ლამპარის“? – ისტორია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს
ახალი სასწავლო წელი ახლოვდება და ყველა მშობელი იწყებს იმაზე ფიქრს, თუ როგორ მოეწონება მის შვილს ახალი გარემო, კლასელები, პედაგოგები. სკოლა “ლამპარის” ადმინისტრაციის წარმომადგენელმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა წერილი, რომელიც დადებით შთაბეჭდილებას სკოლა-ლიცეუმ “ლამპრაზე” კიდევ უფრო მეტად გაგიმყარებთ.
“მინდა ერთი მოსწავლის შესახებ მოგიყვეთ. წლების წინ (დაახლოებით ცხრა წლის წინ) სკოლაში მოვიდნენ დედა-შვილი, საკმაოდ შეწუხებული სახით და სანამ დედა დაიწყებდა საუბარს, მარიმ დირექტორს მიმართა თხოვნით: მიმიღეთ სკოლაში…
მარიამ სერაშვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, სწავლობდა სპეციალურ სკოლაში, სკოლამ შეწყვიტა ფუნქციონირება და მარიამი აღმოჩნდა სერიოზული პრობლემის წინაშე – სკოლები არ ღებულობდნენ (ზედმეტ პრობლემებს ერიდებოდნენ). ჩაიხუტა “გულში ლამპარმა” მარიამი და ცხრა წელი ერთად მოდიან. ეს იყო დიდი გამოწვევა სკოლისთვის, ოჯახისთვის და კლასისთვის. იყო ბრძოლის, საკუთარი თავი ძიების წლები. მახსოვს, როგორ ზრუნავდნენ კლასელები მასზე… მინდა გავიხსენო მეცხრე კლასის დასრულება… დედამ კითხვით მოგვმართა შეძლებს ჩემი შვილი საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელებას? – დღეს, მარიამმა დაასრულა ეროვნული გამოცდები. ის სამედიცინო ფაკულტეტზე აბარებს.. მან ყველა გამოცდა წარმატებით ჩააბარა! ეს იყო დიდი გამარჯვება სკოლის! ნათელი მაგალითი სკოლისა და ოჯახის ერთად დგომის… მე მისი ქიმიის მასწავლებელი ვარ. მყავს აბიტურიენტი, რომლებმაც 70 ქულა აიღო, მისმა კლასელმა სალომე ასაბაშვილმა 64 ქულა… მაგრამ გულწრფელად გეტყვით მარიამის ქულა ყველაზე მეტად მიხარია და მეამაყება. “ლამპარმა” მარიამს სიყვარული აჩუქა, სიყვარულმა და მზრუნველობამ მარიამს საკუთარი თავის რწმენა მისცა. პატარა სკოლაა “ლამპარი”, მისი მთავარი ღირსება კი სიყვარულია და თანადგომა ყველა მოსწავლისადმი. წარმატებები მარიამს…
მინდა მივულოცო “ლამპარის” დირექტორს, ქალბატონ თამარ მანძულაშვილს, მის დამრიგებელს ნინო გიორგაძეს და დედას თამარ ზუბიტაშვილს (დედა, რომელმაც მთელი ცხოვრება მარიამს უძღვნა)… ეს წარმატება …”, – ნათქვამია მასწავლებლის წერილში.
აღნიშულ “პოსტს” და მარიამის სკოლის დამთავრებას მარიამის მშობელი, თამარ ზუბიტაშვილი გამოეხმაურა. მან მადლობა გადაუხადა სკოლას და სკოლის დირექტორს იმ დამოკიდებულებისთვის, რაც წლების მანძილზე მათ მიმართ ჰქონდათ.
“ვულოცავ ჩემს მარიამს ამ ბედნიერ დღეს. მინდა მადლობა გადავუხადო სკოლა-ლიცეუმ “ლამპარს”, მის დირექტორს. თქვენ რომ არა ეს დღე არ შედგებოდა, იმ შანსისთვის რომელიც მარიმ გთხოვათ და თქვენც დაუფიქრებლად მიეცით. მადლობა “ლამპარს”. ეს მარტო სკოლა არ არის, ეს ერთი დიდი, მოსიყვარულე, თბილი ოჯახია რომელიც არამარტო მარიამს, ყველა მოსწავლეს იხუტებს. ზრუნავს მათზე. გულთან მიაქვს ყველას პრობლემა. მადლობა ყველა მასწავლებელს, იმ ადამიანებს ვინც სულ გვერდში მედგნენ. ეს თქვენი გამარჯვებაა, შრომის გამარჯვებაა, დაუღალავი შრომის. მიყვარხართ…
მადლობა მასწავლებლებს ბოლო წლების დაუღალავი შრომისთვის. მადლობა ყველას… ეს არ არის მარტო სკოლა, ეს თბილი, მოსიყვარულე და გულიანი მასწავლებლების ოჯახია. ეს თქვენი დამსახურებაა კიდევ რამდენი რამის თქმა მინდა. მიყვარხართ. მინდა კარგად იყოთ, მინდა წარმატება გქონდეთ. რატომ ლამპარი? – იმიტომ რომ ანათებს, ადამიანობით, სიყვარულით, პროფესიონალიზმით. ეს თქვენი წარმატებაა, თქვენი დამსახურებაა, გილოცავთ მარიამის წარმატებას. მიყვარხართ და მეამაყებით“, – აღნიშნულია მარიამის დედის წერილში.