როცა დამრიგებელი კაცია და მოსწავლეების დიდი მეგობარი – 21-ე და 51-ე სკოლების დაუვიწყარი ბანკეტი (+ფოტო)
თუ მთაწმინდის რაიონში მდებარე 21-ე და 51-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებთან სასკოლო თემებზე მოგიხდათ საუბარი, არაერთ რჩეულ პედაგოგთან ერთად, ისინი აუცილებლად დიდი სიყვარულით გიამბობენ ალეკო მასწავლებლის, ალექსანდრე ლაცაბიძის შესახებ, რომელიც ორივე სკოლაში სპორტის პედაგოგი და კლასების დამრიგებელია.
ალეკო მასწავლებელი განსაკუთრებით უყვართ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, ამიტომ ბანკეტზეც ორივე სადამრიგებლო მე-12 კლასმა სიხარულით მიიწვია და ახლა ალექსანდრე ლაცაბიძე EDU.ARIS.GE-სთან თავად ისაუბრებს რა ხდება ბანკეტზე, როცა დამრიგებელი კაცია, სპორტის პედაგოგი და თან, მოსწავლეების დიდი მეგობარი.
„16 წელია, რაც სკოლებში ვმუშაობ. კაცი მასწავლებელი და მით უმეტეს დამრიგებელი, მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ, რადგან მიდგომები განსხვავებული აქვს. კარგი მსმენელია და შენიშვნების ნაცვლად, მოსწავლეებს დარიგებებს აძლევს.
როცა კლასში რაღაც პრობლემა იჩენს თავს, ასეთი ფრაზა მაქვს შერჩეული: „მეგობარო, კარგი სახელის მოპოვება ძალიან რთულია და ეცადე სიკეთის გზაზე იარო, არ გადაუხვიო“. რადგან სპორტის სფეროდან ვარ, დიდ ყურადღებას ვაქცევ წესრიგს, დისციპლინას და ყველა გზით ვცდილობ, მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესით დავაინტერესო, რაც მარტივი არაა“, – ამბობს პედაგოგი.
ფოტოები სკოლების ბანკეტებიდან:
ალეკო მასწავლებელი მეთორმეტეკლასელების ბანკეტების შესახებ მოგვითრობს და საკუთარ ემოციებს გვიზიარებს.
„მეც მათთან ერთად მახარებს ბოლო ზარის დღე. სითბოთი და უანგარო სიყვარულით არის დატვირთული. ორიოდე დღის წინ გვქონდა ბანკეტი. მშობლებმა, მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, ყველამ ერთად დაუვიწყარი დრო გავატარეთ. ბავშვებმა წერილი დამიწერეს და წამიკითხეს. ამ დღეს ჩემთვის უჩვეულო, არასპორტულ სამოსი მქონდა მორგებული. ვიცეკვეთ, ვიმღერეთ, სასიამოვნო დრო ვატარეთ. კარგი თაობაა. მათთან თანასწორი და თავისუფალი უნდა იყო, სხვანაირად გამორიცხულია“, – გვითხრა ალექსანდე ლაცაბიძემ.