GE
25 ოქტომბერი, 2024 09:21

როცა შენი საყვარელი მასწავლებლის ქორწილია – მეხუთეკლასელების სიურპრიზი მედეა მასწავლებელს

თუ გახსოვთ, როცა 2024-2025 სასწავლო წელი დაიწყო, EDU.ARIS.GE-მ სტატია მოგიმზადათ, რომელშიც ახალგაზრდა მასწავლებლის, მედეა ქურდაძის იმ საჩუქრის შესახებ მოგითხრობდათ, საკუთარ მეხუთეკლასელებს, დიდი სიყვარულით, რომ დაუმზადა: მედეა მასწავლებლის საჩუქარი მეხუთეკლასელებს – როცა დამრიგებლისა და მოსწავლეების ინტერესები ემთხვევა

მედეა მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს სიურპრიზებით ხშირად ანებივრებს, სულ ორიოდე დღის წინ დაოჯახდა.

საყვარელი მასწავლებლის განსაკუთრებული დღე, აბა, როგორ ჩაივლიდა მოსწავლეების სიყვარულით სავსე სიურპრიზის გარეშე?!

ჯვრისწერის დაწყებამდე ქართული ენის მასწავლებლის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა საკუთარი 25 მოსწავლე წითელი ვარდებით ხელში დაინახა.

ისინი ამ დღისთვის საგულდაგულოდ გამოიპრანჭნენ, მიზანი ერთი იყო – საყვარელი მასწავლებლისთვის უმნიშვნელოვანესი დღის გალამაზება.

აი, რას ამბობს EDU.ARIS.GE-სთან  ახალგაზრდა პედაგოგი, მედეა ქურდაძე:

– ჩემი მოსწავლეები ყოველთვის ჩემს გვერდით არიან, მაგრამ ეს სიურპრიზი იყო, როცა ისინი დავინახე ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. თითოეულს ხელში თითო ცალი წითელი ვარდი ეჭირა, სიხარულით მიწვდიდნენ, მილოცავდნენ და ჩვეულად მამკობდნენ ქათინაურებით. ქორწილის დღისთვის ცეკვაც კი დაუდგამთ და იქ შეასრულეს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რამდენად სწორად შევარჩიე პროფესია. ეს სიკეთით სავსე ბავშვები ჩემი ცხოვრების თანამგზავრები არიან.

EDU.ARIS.GE ულოცავს დაოჯახებას ახალგაზრდა პედაგოგს და მას როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში წინსვლას, წარმატებებს უსურვებს.

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში