„როცა შვილი სკოლიდან მოგყავთ ეს ნაკლებად უნდა ჰკითხოთ..“ – პედაგოგის დარიგება მშობლებს (+ვიდეო)
„საყვარელო მშობლებო, როცა შვილი სკოლიდან ბრუნდება, ნეგატიური კითხვები ნაკლებად უნდა დაუსვათ! შვილებს რაც სჭირდებათ, თავადაც უკეთ გეტყვიან“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი, მარიამ კაკაბაძე ესაუბრება და საკუთარ სოციალურ ქსელში, 9 მაისს გამოქვეყნებულ ვიდეოს გვიზიარებს.
პედაგოგი მოგვითრობს, რომ როცა საგაკვეთილო პროცესი სრულდება, სკოლაში მოსწავლის გამოსაყვანად მისული მშობელი ხშირად კარგ ხასიათზე მყოფ შვილსაც ნაკლებად პოზიტიური ხასიათის კითხვებს უსვამს, მაგალითად ასეთს: „ვინ გეჩხუბა”, „ვინ გაგაბრაზა”. ვიდეოში მესამეკლასელები კი თავად ჰყვებიან, რომ უმჯობესია მშობლებმა პოზიტიური კითხვებით მიმართონ.
„მშობლებმა ყურადღება ყოველთვის პოზიტივზე უნდა გაამახვილონ. როცა შვილი სკოლიდან მოგყავთ ეს ნაკლებად უნდა ჰკითხოთ: „გაგიბრაზდნენ“, „გული გატკინეს“, „რა ნიშანი მიიღე“, „ კარგად მოიქეცი?”, „მასწავლებელი როგორ მოგექცა”. უმჯობესია ჰკითხოთ: „როგორი დღე გქონდა”, „ყველაზე საინტერესო რა ისწავლე დღეს”, „ახალი რა გაიგე”, „მე ვამაყობ შენით”, „მე მესმის შენი”, „მე შენს გვერდით ვარ”, „ეს შენი მოვალეობაა“, – აგვიხსნა პედაგოგმა.