როგორ გავაფორმოთ სააღდგომო კვერცხები – სადღესასწაულო აქტივობა ბავშვებისთვის
ბავშვობაში დღესასწაულები განსხვავებულად აღიქმება – ზოგიერთს თავისი სუნი, ფერი, გემო, განწყობა და ემოცია აქვს. სწორედ ასეთია ბრწყინვალე აღდგომა, რომელიც მოზარდებისთვის არა მხოლოდ რელიგიური დღესასწაული, არამედ ბუნების გამოღვიძებისა და სიცოცხლის ზეიმიცაა.
აღდგომა ფერად კვერცხებსა და ტკბილ პასკებთანაც ასოცირდება. იქნებ ამიტომ, ბავშვები წინაასააღდგომო სამზადისში ყოველთვის აქტიურად და სიხარულით ერთვებიან – განსაკუთრებულ რიტუალს კი კვერცხის შეღებვასთან ერთად, მისი მოხატვა წარმოადგენს.
შეღებვა და მოხატვა შესაძლებელია როგორც ტრადიციული (ენდრო, ხახვის ფურცლები), ისე დეკორატიული მეთოდებით (აკრილის საღებავები, სტიკერები). პირველ რიგში კი აუცილებელია, კვერცხი კარგად გაირეცხოს და მოიხარშოს მარილთან და ძმართან ერთად, რათა უკეთ შეიღებოს.
გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რომლითაც შეგიძლიათ, სადღესასწაულო აქტივობების ფარგლებში, დამოუკიდებლად ან მშობლებთან ერთად, კვერცხები მოხატოთ და გააფორმოთ:
მცენარეებით მოხატვა: კვერცხზე დააფიქსირეთ მწვანილის ფოთლები (ოხრახუში, პიტნა), ჩადეთ კაპრონის წინდაში და მოხარშეთ ენდროში – ტოვებს თეთრ ანაბეჭდებს წითელ ფონზე.
აკრილის საღებავებით მოხატვა: მოხარშულ და გაცივებულ კვერცხზე აკრილის საღებავებით შეგიძლიათ დაიტანოთ სხვადასხვა ორნამენტი, დაახატოთ როგორც გეომეტრიული ფიგურები, ისე სადა ყვავილები და ა.შ.
დეკუპაჟი ხელსახოცით: აიღეთ მოხარშული თეთრი კვერცხი. ფერადი ხელსახოციდან ამოჭერით სასურველი ფორმები (ყვავილები, ორნამენტები) და დაადეთ კვერცხს ფრაგმენტი, ფუნჯით გადაუსვით კვერცხის ცილა (როგორც წებო) და დაელოდეთ გაშრობას.
გაფორმება მარცვლეულით: შეგიძლიათ ნებისმიერი მარცვლეული გამოიყენოთ და სხვადასხვა კომპოზიცია შექმნათ. კვერცხზე მარცვლეულის დასაფიქსირებლად დაგჭირდებათ მხოლოდ წებო.
ბრწყინვალების მიცემა: შეღებვისა და გაფორმების შემდეგ, კვერცხებს გადაუსვით ცოტაოდენი ზეთი, რათა ბრწყინვალება მიეცეს.
-
„ბავშვი, რომელსაც არ ეძლევა არევის, დაშლის და ხელახლა აგების უფლება, იზრდება არა შემოქმედი, არამედ წესების შემსრულებელი“ by სკოლების ამბები
-
გიმნაზია AIA-GESS ნიუ-იორკში გამართული GCMUN 2026-ის გამარჯვებულია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
როგორ გადააქციეს მოსწავლეებმა საკლასო ოთახი პატარა შემოქმედებით სტუდიად – ერთი გაკვეთილის ისტორია by სკოლების ამბები