GE
26 აგვისტო, 2026 15:00

N47 საჯარო სკოლა და კლასიკური გიმნაზია სწავლას ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დღეს, 26 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, თბილისის N47 საჯარო სკოლა და თბილისის კლასიკური გიმნაზია 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ.

კერძოდ, ახალი სასწავლო წლიდან თბილისის N47 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი:

  • 09:00 საათზე დაიწყება I-VI კლასების მოსწავლეებისთვის;
  • 12:00 საათზე დაიწყება VII-X კლასების მოსწავლეებისთვის;
  • დისტანციურად დაიწყება XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის.

თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში სასწავლო პროცესი:

  • 10:00 საათზე დაიწყება V-IX კლასების მოსწავლეებისთვის;
  • 14:00 საათზე დაიწყება I-IV კლასების მოსწავლეებისთვის;
  • დისტანციურად დაიწყება X-XII კლასების მოსწავლეებისთვის.

„ორივე სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყების დროები ისეა გადანაწილებული, რომ სკოლაში მოსწავლეთა ნაკადები ერთმანეთს არ დაემთხვეს და სასწავლო პროცესი ორგანიზებულად წარიმართოს.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე ორივე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყება არ ასახელებს თარიღს, თუ როდიდან შეძლებენ მოსწავლეები სკოლაში სიარულს.

schools.ge (ნ)