საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი გაიმართება – ვადები და პირობები
საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი გაიმართება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება 9-15 წლამდე ასაკის მოზარდებს შეუძლიათ, საკონკურსო თემა კი შემდეგია: „მისწერე წერილი მეგობარს იმის შესახებ, თუ რატომ არის ადამიანური კავშირი მნიშვნელოვანი ციფრულ სამყაროში“.
საკონკურსო ნამუშევრის მიღების საბოლოო თარიღი 2026 წლის 4 აპრილია.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, ასევე, სად და როგორ შეგიძლიათ საკონკურსო ნამუშევრის გაგზავნა, იხილეთ ბმულზე
საკონკურსო ნამუშევრის მოთხოვნები:
- შენარჩუნებული უნდა იყოს წერილის ფორმატი;
- წერილი უნდა იწყებოდეს მისალმებით;
- მითითებული უნდა იყოს, როგორც გამგზავნის, ასევე, მიმღების მონაცემები;
- წერილი უნდა სრულდებოდეს გამგზავნის ხელმოწერითა და თარიღით;
- ნამუშევრის შინაარსი სრულად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემატიკას;
- კონკურსში მონაწილეობამდე ნამუშევარი არ უნდა იყოს გამოყენებული, გამოქვეყნებული ან ტირაჟირებული;
- ნაშრომის სიტყვათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ერთეულს;
- წერილი შესაძლებელია შესრულებული იყოს ქართულ, არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ ან ესპანურ ენებზე;
- აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს, როგორც ხელნაწერი ნაშრომი, ასევე, მისი ელექტრონული ვერსია. ელექტრონული ვერსიის და აპლიკანტის საკონტაქტო ინფორმაციის (სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, მისამართი) გაგზავნა სავალდებულოა მისამრთზე: letter@gpost.ge;
- მხოლოდ ნამუშევრის ელექტრონული ფოსტით მოწოდების შემდგომ მოხდება მონაწილეობის მსურველის კონკურსში რეგისტრაცია. წერილის ელექტრონული ვერსიის გამოგზავნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, უნდა წარმოადგინოს მონაწილემ ნაშრომის დედანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომატურად მოხდება კანდიდატის კონკურსიდან მოხსნა;
- აპლიკანტი ვალდებულია, ნაშრომი წარმოადგინოს დალუქული კონვერტით და კონვერტზე დატანილ იქნას შემდეგი წარწერა: „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი 2026“. (სხვა ნებისმიერი: სახელი, გვარის, ზედმეტსახელი, პირობითი სახელის ან მაიდენტიფიცირებელი ნიშნის და/ან რაიმე სიმბოლოს დატანა იკრძალება და ამ შემთხვევაში ნაშრომი ავტომატურად გამოეთიშება კონკურს ყოველგვარი განხილვის გარეშე);
- კონკურსანტს შეუძლია ისარგებლოს ახლომდებარე საფოსტო სერვისცენტრის მომსახურებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მომსახურება უფასოა;
- ელექტრონული რეგისრაციის გავლის შემდეგ აპლიკანტი ვალდებულია, 5 დღის ვადაში ისარგებლოს საფოსტო მომსახურებით და გამოაგზავნოს ნაშრომის დედანი (სასურველია ხელნაწერი);
- აპლიკაციის შეტანის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ შემოსული ნამუშევრები ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს;
- კონკურსის პირობიდან გამომდინარე, ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს მოსწავლის და არა მშობლის ან პედაგოგის ან სხვა მესამე პირის მიერ;
- კონკურსის დასრულების თარიღის გასვლის შემდეგ ნაშრომი არ მიიღება.
კონკურსის ფარგლებში, დაჯილდოვდება ყველა მონაწილე და გამოვლინდება საუკეთესო სამეული. პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი კი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში ჩაერთვება. საერთაშორისო ეტაპის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 2026 წლის 9 ოქტომბერს, მსოფლიო ფოსტის დღეს, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ცენტრალურ ოფისში (ბერნი – შვეიცარია) გაიმართება.
ცნობისთვის, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში წელს მეცამეტედ იმართება, მისი ორგანიზატორი „საქართვეოლს ფოსტა“, მხარდამჭერები კი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არიან.
კონკურსს საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ტოკიოს კონგრესზე. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსი „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრ 192 ქვეყანაში იმართება და მასში მილიონობით მოზარდი მონაწილეობს. ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულები კონკურსს საერთაშორისო მასშტაბით განაგრძობენ და გამარჯვებულ ქვეყანას „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ჟიური ავლენს.
-
„მარტივი დავალება უნიკალური სამყაროს გამოსავლენად“ – შემოქმედებითი აქტივობა, რომელიც მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზა by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტი“ ფრანკოფონიის დღეების გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდა by სკოლა პოლიგლოტი
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები GENIUS Olympiad-ის ფინალში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ში მიემგზავრებიან by სკოლა პოლიგლოტი