საერთაშორისო პროექტი Global Scholars ქალაქ თბილისის #51 საჯარო სკოლაში
ქალაქ თბილისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის #51 საჯარო სკოლაში წარმატებით ხორციელდება საერთაშორისო პროექტი „Global Scholars“ პროექტი ეკუთვნის ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-12 უმსხვილესი ფონდის „Bloomberg Philanthropies“ დაქვემდებარებაში არსებულ არაკომერციულ საგანმანათლებლო ორგანიზაციას „Globalcities“ რომელიც ფლობს საუკეთესო პრაქტიკას – განავითაროს მომავალი თაობის გლობალური ცნობიერება ინტერნაციონალური ინტერაქტიული საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. „Global Scholars“ არის ციფრული გაცვლითი პროგრამა 10/13 წლის მოსწავლეებისთვის. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი ბავშვები და მათი მასწავლებლები კომპიუტერებით აღჭურვილ საკლასო ოთახში ატარებენ გაკვეთილებს და ელექტრონული პლატფორმის საშუალებით უკავშირდებიან პროექტის სხვა მონაწილეებს. სამუშაო ჯგუფის მიერ წინასწარ დადგენილი კურიკულუმის ფარგლებში მოსწავლეები ასრულებენ მრავალფეროვან დავალებებს: აკეთებენ პრეზენტაციებს, იღებენ ვიდეო რგოლებს, ქმნიან პოსტებს, ერთვებიან დისკუსიაში, მონაწილეობენ ვიდეო კონფერენციებში. პროექტი ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, უვითარებს მათ კრეატიულ აზროვნებას, უყალიბებს თანამედროვე ენობრივ და კომპიუტერულ უნარებს.
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა უკეთ გააანალიზონ საკუთარი სკოლის, ქალაქის, ქვეყნისა და პლანეტის პრობლემები; გააცნობიერონ საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა მათი გადაჭრისას; გადადგან პირველი ნაბიჯები კვლევების წარმოების პროცესში; შეიძინონ ახალი მეგობრები სხვადასხვა ქვეყნებიდან; გაუზიარონ მათ საკუთარი კულტურა; შეძლონ გონივრულ ინტერაქციაში შესვლა თანატოლებთან.
2018-2019 სასწავლო წლის პროგრამის ფარგლებში აქცენტი წყლის მნიშვნელობაზე გაკეთდა. პროექტში ერთწლიანი აქტიური ჩართულობის შემდეგ მოხდა მოსწავლეების უკეთ ინფორმირება წყლის რესურსის მნიშვნელობის შესახებ. მომზადდა საინტერესო პრეზენტაციები სამიზნე ლექსიკური მარაგისა და თანამედროვე კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით. 2019-2020 სასწავლო წლისთვის პროექტის თემა ეკოლოგიაა.
პროექტის აქტივობებისა და მოსწავლეთა ასაკის, ინტერესისა და გამოცდილების შესაბამისობას უზრუნველყოფს ექსპერტთა ჯგუფი ნიუ-იორკიდან, რომლებიც პროგრამაში ჩართულ მასწავლებლებთან ერთად ზრუნავენ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე.
პროექტის კურიკულუმი მოიცავს 5 იუნიტს, თითოეული გრძელდება 5-8 კვირა. თემები მთავრდება ციფრული პროექტით. ეს შეიძლება იყოს ვებგვერდი, პრეზენტაცია, ვიდეო რგოლი, პოსტი ბლოგზე და სხვ.
პროექტის მონიტორინგი ხორციელდება სისტემატურად, ყოველი თვის ბოლოს. პროექტის ავტორები ნიუ-იორკის სათაო ოფისში დეტალურად ამოწმებენ მოსწავლეების მიერ შესრულებული დავალებების ხარისხს პროექტის ელექტრონულ პორტალზე. პროექტის მონაწილე პედაგოგები კი ვიდეო კონფერენციებში მონაწილეობენ და აკეთებენ სამუშაო პროცესის დეტალურ რეფლექსიას.
პროექტს ხელმძღვანელობს ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ კალაძე. პროექტის ფარგლებში თამარი მიიწვიეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნიუიორკში გამართულ სიმპოზიუმზე მას ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა პროექტში ჩართულ პედაგოგებს მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან. სამუშაო შეხვედრაზე მოხდა შეხედულებების, გამოცდილების, სამოქმედო გეგმების, მიღწევებისა და გამოწვევების გაზიარება.
გაიმართა შეხვედრები ორგანიზაცია „Global Cities“ დამფუძნებელთან – ქალბატონ მერჯორი ტაივენთან, საგარეო საქმეთა კონსულთან – რიჩარდ ჰაასთან, პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველთან განათლების საკითხებში – ჯონ კინგთან, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორთან – ესტერ პაკთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
თამარ კალაძემ კოლეგებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ქალაქ თბილისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის #51 საჯარო სკოლაში განხორციელებული პროგრამის მიმდინარეობის შესახებ. ორგანიზაცია „Global Cities“ დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა – ქალბატონმა მერჯორი ტაივენმა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა, რათა ადგილზე გაეცნოს პროექტის მიმდინარეობას. ასევე დაიგეგმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრების მომზადება და განხორციელება საქართველოს სხვადასხვა სკოლებში პროექტის პოპულარიზაციის მიზნით. სამუშაო შეხვედრებს უხელმძღვანელებს თამარ კალაძე.