GE
2 ივლისი, 2025 16:33

საერთაშორისო პროგრამა eTwinning სკოლა „პოლიგლოტში“

სკოლა „პოლიგლოტი“ ჩართულია საერთაშორისო პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში დადასტურებულ პროექტში „Green Developers,“ რომელსაც სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი და უცხო ენების კათედრის ხელმძღვანელი სალომე ბოხუა ახორციელებს.

სკოლაში აცხადებენ, რომ პროექტის თემა საკმაოდ აქტუალურია, ვინაიდან ის მიზნად გაეროს მიერ 2030 წლისთვის დაგეგმილი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას ისახავს; ასევე, უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის პროგრამული ცოდნის გადაცემას და მათ განვითარებული სამყაროსთვის ფეხის ასაწყობად საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება.

პროექტი ოქტომბერში დაიწყო და მისი წარმატებით განხორციელების დასტურია ის, რომ სალომე ბოხუა, მასწავლებლის სახლის სპეციალური მიწვევით, ავსტრიაში, ქალაქ გრაცში პროექტის დასკვნით საერთაშორისო სემინარს დაესწრო. სემინარში მონაწილეობდა 60 მასწავლებელი ევროპის 13 ქვეყნიდან და მისი მიზანი, eTwinning-ის პროექტების მეშვეობით, ენობრივი სწავლების ხელშეწყობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება იყო. როგორც სკოლაში ამბობენ, რომ წარმოდგენილი პროექტები ნამდვილად წაახალისებს მონაწილეებს, უცხო ენის სწავლების პროცესში eTwinning-ის საშუალებით საკუთარი წვლილი შეიტანონ.

სამუშაო შეხვედრები საინტერესოდ და პროდუქტიულად წარიმართა. იყო შთამაგონებელი, ინფორმაციული და პრაქტიკულად სასარგებლო. გამოიკვეთა მზაობა ახალი კავშირების დამყარებისა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

აღსანიშნავია, რომ პროექტ „Green Developers“-ის ფარგლებში სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა არა ერთი გარემოსდაცვითი აქტივობა შეასრულეს. შექმნეს ავატარები, პოსტერები და ლოგოები, დაესწრნენ კოდირების ტრენინგებს და ისწავლეს კოდების გენერირება, რომლის საბოლოო პროდუქტი იქნება მობილური აპლიკაციის შექმნა, სადაც დატანილი იქნება ინფორმაცია პროექტის განმავლობაში განხორციელებული პროდუქტების შესახებ. წინ კიდევ უამრავი გეგმაა, რადგან სკოლის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია მდგრადი განვითარება.

სკოლის სხვა ამბები

schools.ge სკოლებზე და სკოლებში