GE
14 დეკემბერი, 2020 17:23

საგაკვეთილო პროცესში კლასის მაქსიმალურად ჩართულობისთვის ინტერნაციონალური მაარიფის სკოლამ ონლაინ ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარა

„ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში“ აქტიურად განაგრძობს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და დანერგვას ონლაინ საგაკვეთილო პროცესში.

მას შემდეგ, რაც საგაკვეთილო პროცესმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, კიდევ უფრო რთული გახდა მოსწავლეების დაინტერესება და გააქტიურება გაკვეთილზე. გამომდინარე იქიდან, რომ მოსწავლეები არიან სახლში, ისინი ვერ გრძნობენ იმ აკადემიურ გარემოს, რომელიც მათ საკლასო ოთახებში ხვდებოდათ, შესაბამისად, ზოგჯერ უჭირთ ყურადღების კონცენტრაცია და გაკვეთილზე მობილიზება.

იმისთვის, რომ საგაკვეთილო პროცესში კლასის სრული შემადგენლობა მაქსიმალურად ჩაგვერთო, გადავწყვიტეთ ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება მესამე კლასში. ინტეგრირებული გაკვეთილი მოიცავდა სამ საგანს: ქართულ ენასა და ლიტერატურას, მუსიკასა და ხელოვნებას.

აღნიშნული საგნების კომბინაციის მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს დამოუკიდებლად შეექმნათ სხვადასხვა სახის მიზნობრივი ტექსტები, გაეფრომებინათ შესაბამისად, ამავე ტექსტში ამოეცნოთ მარცვლები და მათ მაგივრად ჩაეხატათ მუსიკალური ნოტები.

საბოლოოდ, ინტეგრირებული გაკვეთილის შედეგი არის ის, რომ მოსწავლეებმა ქართული ენის გაკვეთილზე განახორციელეს ტრანსფერი, ინდივიდუალურად შექმნეს მცირე ტექსტი, რომელშიც მარცვლების მაგივრად გამოსახეს მუსიკალური სიმბოლო, რაც სემიოტიკური უნარის განვითარებას უწყობს ხელს. ხელოვნების გაკვეთილების საშუალებით, ემოცია გადაიტანეს ნახატის სახით და შექმნეს სახე-ხატები თემატიკიდან გამომდინარე, რაც ასევე ხელს უწყობს სემიოტიკური უნარის განვითარებას. მათ ონლაინ სივრცეში გააკეთეს საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია და ისაუბრეს მუშაობის პროცესზე.

ინტეგრირებული გაკვეთილის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ავტორს – ნანა ხარაზიშვილსა და ხელოვნების პედაგოგს – ნათია მუმლაძეს“, – აღნიშნეს სკოლის ადმნისტრაციაში.

Aris.ge - განათლება განათლება