GE
20 ოქტომბერი, 2025 13:54

სახიფათო ფრაზები მოსწავლისადმი და მათი ალტერნატივა – რა ვუთხრათ და რა არა

ავტორი: ინა მეცხვარიშვილი – თბილისის 106-ე საჯარო სკოლის I-IV-კლასების მენტორი მასწავლებელი

სკოლის კარებთან ხშირად გვესმის სიტყვები, რომლებსაც მშობელი, ალბათ, „წახალისების“ მიზნით ამბობს, მაგრამ სინამდვილეში, ბავშვს ის მძიმე ტვირთად აწვება.

ფრაზები, რომლებიც ბავშვს თავდაჯერებას კი არ მატებს, არამედ ართმევს:

„ყველაზე ყოჩაღი უნდა იყო!“ – ბავშვი მუდმივად გრძნობს, რომ ის ფასდება მხოლოდ მაშინ, თუ საუკეთესოა. ეს კი ზრდის შფოთვას და არა მოტივაციას.

„ყველას უნდა აჯობო!“ – ასეთ დროს სწავლა აღარ არის ცოდნის მიღება, არამედ მუდმივი შეჯიბრი სხვებთან, რაც ბავშვში ან ზედმეტ აგრესიას აჩენს, ან წარუმატებლობის შიშს.

„ყველაზე მაღალი ქულები უნდა მიიღო!“ – ქულაზე ორიენტირება ბავშვს აცდენს ნამდვილი მიზნიდან, რომელიც უნდა იყოს სწავლის სიყვარული და ცოდნის მიღება.

ასევე სახიფათოა მასწავლებლისგან ნათქვამი ფრაზებიც, როგორიცაა:

„ვინც ხმას ამოიღებს, კლასიდან გავაგდებ!“ – ეს მოსწავლეს არა დისციპლინას, არამედ შიშს ასწავლის.

„შენგან მაინც არაფერი გამოვა!“ –  ზოგიერთი მოსწავლისთვის ეს ერთი წინადადებაც კი საკმარისია, რომ საკუთარი შესაძლებლობების რწმენა სამუდამოდ დაუკარგოს.

„ნახე, შენი მეგობარი როგორ მუშაობს, შენ რატომ ვერ ახერხებ?“ – ასეთი შედარებები მოსწავლეს სუსტად და არასრულფასოვნად აგრძნობინებს თავს.

„თუ ქულა არ მიიღე, სახლში რა გელის?“ – ეს ფარული მუქარა ბავშვს არა სწავლის, არამედ სასჯელის შიშს უნერგავს.

მაინც რატომ არის ეს ფრაზები სახიფათო?

-ბავშვი სწავლას აღიქვამს როგორც „ცხოვრების გამოცდას“, სადაც შეცდომა დასჯის ტოლფასია.

-გრძელვადიან პერსპექტივაში ეს აყალიბებს შფოთვით, არასრულფასოვნებითა და თვითკრიტიკით სავსე პიროვნებას.

-მოტივაცია აღარ მოდის ინტერესიდან და სიამოვნებიდან, არამედ მხოლოდ გარედან დაწესებული მოლოდინიდან.

რა სჯობს ასეთ ფრაზებს?!

-„მოხარული ვიქნები, თუ შენს მაქსიმუმს გააკეთებ“.

-„შეცდომები სწავლაში ბუნებრივია! სწორედ მათით ვსწავლობთ“.

-„მნიშვნელოვანია, რომ ცოდნის მიღებით სიამოვნებას იღებდე“.

-„შენ შეგიძლია წარმატებას მიაღწიო შენი სიჩქარით და შენი სტილით“.

ბავშვს, რომელიც ხედავს, რომ მისი ძალისხმევა ქულებით, შედარებით ან „ყველაზე ყოჩაღობით“ არ იზომება, უფრო მშვიდად, თავდაჯერებულად და მოტივირებულად მიიწევს წინ.

რამდენიმე მარტივი, თუმცა მნიშვნელოვანი რჩევა მშობლებისთვის:

არ შეადაროთ შვილი სხვებს! – „შენ ხარ შენ და მე ვამაყობ შენი მცდელობით“.

არ გადააქციოთ სკოლა მხოლოდ ქულების ასაღებ ადგილად! ხაზი გაუსვით ცოდნის ღირებულებას! – „მთავარია, ისწავლო ახალი რაღაცები“.

წაახალისეთ პროცესი და არა შედეგი! – „ვხედავ, როგორ ცდილობ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“.

გამოავლინეთ ნდობა – „მჯერა, რომ რაც უნდა მოხდეს, შენ შეძლებ“.

მარტივი, თუმცა მნიშვნელოვანი რჩევები მასწავლებლებისთვის:

მუქარის გარეშე მოვუწოდოთ დისციპლინისკენ! – „მოდით, ყველამ მოვუსმინოთ ერთმანეთს, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია“.

გამოვიყენოთ წახალისება და არა დამცირება! – „კარგი დასაწყისია, ერთად შევეცადოთ, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ“.

თავი შევიკავოთ მოსწავლეების ერთმანეთთან შედარებებისგან! – თითოეული ბავშვის პროგრესი განვიხილოთ ინდივიდუალურად.

შეცდომა წარმოვაჩინოთ, როგორც სწავლების ნაწილი! – „ეს შეცდომა ძალიან საინტერესოა, მოდი ვნახოთ, როგორ შეიძლება გამოსწორება“.

და ბოლოს, მშობლებსაც და მასწავლებლებსაც გვახსოვდეს: სიტყვას აქვს დიდი ძალა. შეუძლია, ან შფოთვა დათესოს, ან მოტივაცია. ამიტომ, სანამ ბავშვს სკოლაში გავაცილებთ ან კლასში შევალთ, გავიფიქროთ: ეს ფრაზა ბავშვში სიყვარულს აჩენს თუ შიშს?

ასევე იხილეთ:

როცა კითხვისას ფიქრები სწრაფად გარბიან, ასოები კი ვერ ეწევიან მას – რა უნდა იცოდეს მშობელმა და პედაგოგმა დისლექსიაზე

რა უნდა იცოდეს ბავშვმა, რომელიც დაიკარგა – სპეციალისტის რჩევები მშობლებს

studinfo.ge (მ)