GE
3 ოქტომბერი, 2025 11:39

რა უნდა იცოდეს ბავშვმა, რომელიც დაიკარგა – სპეციალისტის რჩევები მშობლებს

ამ მასალაზე მუშაობა მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც რამდენიმე დღის წინ, თბილისში, ერთ-ერთი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხალხმრავალ ადგილას ვნახეთ დაწყებითი კლასის მოსწავლე, რომელიც დაიკარგა. პატარა გოგონა სკოლაში ოჯახის წევრთან ერთად მიდიოდა, თუმცა მას ჩამორჩა. უცხო გამვლელებმა ბავშვის დახმარება საპატრულო ეკიპაჟის გამოძახების გარეშე, დროულად შეძლეს, რის შემდეგაც მოზარდმა გზა სკოლისკენ უფროსკლასელ დასთან ერთად განაგრძო.

ხშირია შემთხვევა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, როდესაც ბავშვები მშობლებს (ოჯახის სხვა წევრს) ამა თუ იმ მიზეზით ჩამორჩებიან და გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებენ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოზარდმა უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს – ვის სთხოვოს დახმარება, როგორ იურთიერთოს უცხო ადამიანებთან და ა.შ.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, ესაუბრებიან თუ არა მშობლები შვილებს მსგავს საკითხებზე, ან რას და როგორ ასწავლიან. ჩვენმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა, თბილისის 180-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლის მშობელმა, თეონა ძულიაშვილმა გვითხრა, რომ მისმა შვილმა იცის, დაკარგვის შემთხვევაში, რა უნდა გააკეთოს:

„ბავშვა იცის ჩემი ტელეფონის ნომერი. იცის, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაიკარგება, უნდა სთხოვოს ვინმეს და დამირეკოს. ასევე, ვაფრთხილებ ხოლმე, რომ თუ სკოლიდან გამოყვანისას, ცოტა დამაგვიანდება, სკოლის გარეთ არ გავიდეს, დაჯდეს და დამელოდოს“.

ამავე სკოლის პირველი და მესამე კლასელების მშობელი ლელა კოპალიანი კი გვეუბნება, რომ ამ საკითხზე ბავშვებს ხშირად ესაუბრება და აფრთხილებს:

„ჩემს შვილებს მობილური ტელეფონი არ აქვთ, თუმცა მათ ჩანთებში დევს ფურცლები, სადაც მითითებულია ჩემი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი. ფურცლები არის იმისთვის, რომ თუ ქუჩაში შემთხვევით დაიკარგებიან, პოლიციელმა ან თავად ბავშვმა ეს საკონტაქტო ინფორმაცია გამოიყენონ. ყოველთვის ვესაუბრები მათ ამაზე. გუშინ, ავტობუსში ვიყავით და ვუხსნიდი – „თუ მოხდება ისე, რომ მე ავტობუსში დავრჩები და შენ ქუჩაში აღმოჩნდები, უნდა დარჩე იმავე ადგილას“.

როგორ უნდა მოიქცეს მოზარდი, თუ დაიკარგება, რის შესახებ უნდა ჰქონდეს მას მშობლისგან ინფორმაცია, რა უნდა გაითვალისწინოთ თავად მშობლებმა და როგორ უნდა მოიქცეთ უცხო ადამიანები, თუკი დაკარგულ ბავშვს აღმოაჩენთ – ამ საკითხებზე EDU.ARIS.GE ორგანიზაციის – „თანადგომა“ ფსიქოლოგს, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორ ხათუნა ხაჟომიასაც ესაუბრა:

როგორ უნდა მოიქცეს მოზარდი

„ბავშვმა, თუ ქუჩაში უცებ ვეღარ ხედავს დედას, დას, ძმას და ა.შ. უნდა იცოდეს, რომ სადაც დაიკარგა, იქ უნდა გაჩერდეს. მოზარდმა საკუთარი და მშობლების ტელეფონის ნომრები, ასევე საცხოვრებელი მისამართი უნდა იცოდეს. თუ თან მობილური ტელეფონი აქვს, 112-ში უნდა დარეკოს. თუ არ აქვს ტელეფონი, მის გარშემო უფროსს უნდა სთხოვოს, რომ პატრულს გამოუძახოს. ხალხმრავალ ადგილზე დაკარგვის დროს, ბავშვს ასევე შეუძლია, ხმამაღლა დაუძახოს მას, ვინც მასთან ერთად იყო დაკარგვამდე. მოზარდმა არ უნდა იფიქროს – „იქნებ, სახლს მივაგნო“ და ტრანსპორტში ჩაჯდეს. ასეთ დროს, არ არის გამორიცხული, რომ სხვაგან მოხვდეს და კიდევ უფრო დაიკარგოს. ეს ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ყველა ბავშვს და ყველა მშობელს, რომელიც შვილის ჰარმონიულ განვითარებაზე ზრუნავს“.

კითხვას, ვინ უნდა ასწავლოს მოზარდს ასეთი შემთხვევებისთვის საჭირო ქცევის წესები, ფსიქოლოგი ასე პასუხობს:

სკოლა და მშობელი

„ახალი რამის გამოგონება არ გვჭირდება. ამ თემაზე ჩვენს ქვეყანაში თუ არა, სხვა ქვეყნებში უკვე იფიქრეს და არსებობს სპეციალური მასალები, რომლითაც პედაგოგები ხელმძღვანელობენ. ჩათვალეთ, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, რომელშიც ძალადობის პრევენციაც შედის, არის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფორმაცია, რომელიც ბავშვმა პატარა ასაკიდან – პირველი-მეორე კლასიდან უნდა იცოდეს. სახელმწიფო არ უნდა იყოს მხოლოდ მშობლის იმედზე და ეს ინფორმაცია მოზარდებს გარანტირებულად უნდა მიაწოდოს. ძირითადი რეკომენდაციები მშობლებისთვის არსებობს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ზოგი მშობელი სამსახურის, ემიგრაციის გამო, შვილთან ერთად ყოფნას ვერ ახერხებს. ამიტომ, ყველას მიაჩნია და მათ შორის მეც, რომ სკოლა არის ადგილი, სადაც ამ თემას უნდა შეეხონ. რაღაც დოზით ეს არის საგანში – „მე და საზოგადოება“, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ასევე, გეტყვით, რომ შექმნილია „ექიმის საათის“ პროგრამა, რომელიც დაახლოებით, 20 სკოლაში დაპილოტდა. პროგრამაში ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და თანასწორობის საკითხები შედის“.

ისეთი შემთხვევისთვის, თუ ბავშვი სახლიდან სკოლამდე ან პირიქით გზაზე იკარგება, ხათუნა ხაჟომია მშობლებს ურჩევს, რომ შვილებთან ერთად, პირველ რიგში, აღნიშნული მიმართულების მარშრუტი (ფეხით იქნება თუ ტრანსპორტით) დეტალურად განიხილონ – თუმცა, ამ საკითხის ბავშვისთვის მიწოდება უნდა მოხდეს ისე, რომ ის არ შეშინდეს.

„შესაძლოა, მშობელი მარტივად უყურებდეს – „დაიკარგა, მერე რა მოხდა – ვიპოვეთ“, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ეს რა გამოხატულებას ჰპოვებს წლების შემდეგ. კარგად უნდა გაიაზროს მშობელმა, რომ დაკარგული ბავშვი სახლს კი იპოვის, მაგრამ ეს შემთხვევა, შესაძლოა, ისეთი ტრავმა იყოს მისთვის, რომ მთელი ცხოვრება გაჰყვეს. ვურჩევ მშობელს – თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ თქვენმა შვილმა სკოლაში მარტო უნდა იაროს, სახლიდან სკოლამდე მარშრუტი დეტალურად უნდა განიხილოთ. მარშრუტი შეძლება დახატოთ და ამაზე შვილს ერთი კვირა ან რამდენიმე დღეც ესაუბროთ. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია, რომ ამაზე საუბრისას მოზარდი არ შევაშინოთ, პირიქით, თამაშ-თამაშით უნდა ვასწავლოთ. ეს საჭიროა ისეთი არაორდინარული ვითარებისთვისაც, როდესაც ბავშვი სკოლისკენ მიმავალ გზაზე იკარგება. ამის გარდა, ბავშვს ინფორმაცია უსაფრთხო და შედარებით საფრთხის შემცველ ადგილებთან დაკავშირებითაც უნდა მივაწოდოთ“, – გვიხსნის ფსიქოლოგი.

მისივე თქმით, მოზარდის დაკარგვის შემთხვევაში, პირმა, რომელიც მას ქუჩაში ნახავს, უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

დაკარგულ ბავშვს უნდა უთხრათ – „ნუ გეშინია, ახლავე პატრულში დავრეკავთ და შენს დედიკოს, მამიკოს ვიპოვით“. თუ მოსწავლე ოჯახის წევრის ტელეფონის ნომერს ვერ იხსენებს, უნდა ვკითხოთ: სად ცხოვრობს – ქუჩის ან უბნის სახელი, რომელ სკოლაში სწავლობს. ციფრებთან შედარებით, ამას ბავშვი უფრო მარტივად გაიხსენებს. ასევე გახსოვდეთ, რომ საპატრულო ეკიპაჟის გამოძახება არის იდეალური ვარიანტი. ასევე, შესაძლოა, რომ ბავშვმაც და გამვლელმაც დახმარება სთხოვონ ახლოს მყოფ ნებისმიერ ფორმიანს – ადამიანს, რომელიც დაცვის სამსახურს წარმოადგენს, ან სამხედროა. ითვლება, რომ ფორმა ნდობას აღძრავს – მათგან დახმარება უფრო მისაღებია, ვიდრე უცხო გამვლელისგან.

ასევე იხილეთ:

მოსწავლისა და პედაგოგის გარდა, ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაში მშობელიც უნდა ასრულებდეს დაკისრებულ ფუნქციებს

როგორ გავხდეთ შვილის მესაიდუმლე – მშობლის ხედვა და ფსიქოლოგის რჩევები

studinfo.ge (მ)