„სიყვარულის კუნძულზე ვცხოვრობ უკვე 11 წელია“ – სკოლა „ლომისის“ მოსწავლის წერილი
სკოლა “ლომისის” მე-11 კლასის მოსწავლე სამადლობელ წერილს აქვეყნებს და სკოლას, სადაც მან თერთმეტი წელი გაატარა, სიყვარულის კუნძულს უწოდებს. მე-11 კლასელი ნინო უნგიაძის საჯარო წერილს უცვლელად გთავაზობთ:
“სიყვარულის კუნძულზე ვცხოვრობ უკვე 11 წელია… ყოველთვის მინდოდა საჯაროდ მესაუბრა იმ ადგილზე, სადაც საკუთარი თავი აღმოვაჩინე და ახლა, მიმაჩნია, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების საპასუხოდ საჭიროა იცოდეთ თუ სად ვიზრდები.
უდავოა, სკოლა მოზარდის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარდამტეხი ფაქტორი და მთავარი ფუნდამენტია პიროვნებად ჩამოყალიბებაში. დროთა განმავლობაში ის ადგილი განსაკუთრებული ხდება, რადგან მასთან ერთად იზრდები, ეჩვევი და მისი ისტორიის ნაწილი ხდები, ხედავ და გრძნობ, როგორ იხარჯებიან შენ გარშემო მყოფნი შენამდე საუკეთესოს მოსატანად. ხოლო, ის ატმოსფერო, რომელიც სუფევს მთლიანად გიპყრობს და მოგონებების კასკადს გიტოვებს. თავისუფლად ვიტყვი, რომ აქ შეგიძლია დროში იმოგზაურო, აიღო საუკეთესო და დატკბე მომენტებით.
მუდმივად ვამაყობ, არსებული სწორი დამოკიდებულებებით ერთმანეთის მიმართ და ვგრძნობ, რომ მარტო არ ვარ! ნებისმიერ დროს ვიცი “ლომისი” უპირობოდ ჩემთან იქნება და თავის სიყვარულს გამიზიარებს. მან ბევრი ადამიანი მაჩუქა და კიდევ ერთხელ დამიმტკიცა, რომ სიცოცხლე მშვენიერია. ყოველივე ამას კი ერთი მთლიანი გუნდი ქმნის თავდაუზოგავი შრომით.
11 წელია “ლომისთან” ერთად ვიზრდები. ერთ დიდ ოჯახში, სადაც სითბო და სიყვარულია!”