სკოლა ,,ფესვებში” ერთი კვირის მანძილზე საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
,,ვნების კვირაა! ყოველი ქრსტიანი აცნობიერებს თავის ნაკლოვან მხარეებს, შეცდომებს, ცოდვებს და ემზადება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახვედრად. ჭეშმარიტმა ქრისტიანმა იცის, რომ ლოცვა და მარხვა კეთილ საქმეთა გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება”,- წერია ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ,,ფესვების” გვერზე.
სწორედ ადამიანური თანალმობისა და სიყვარულის გამოვლინების დასტური არის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, რომელიც სკოლის ხელოვნების კათედრის მოწადინებითა და ძალისხმევით გაიხსნა. ამ გამოფენის მოწყობისათვის იზრუნეს კათედრის გამგემ, ქეთი ბოგვერაძემ და ხელოვნების პედაგოგმა მარიამ ჩაკვეტაძემ. მათი ხელმძღვანელობით ეს ბოლო პერიოდია მოსწავლეები ამზადებენ სხვადასხვა ნივთს, სამშვენისს, ნახატს, ნაქსოვსა და ნაქარგს. სწორედ ეს ხელნაკეთი ნივთები წარადგინეს მოსწავლეებმა.
გამოფენა გახსნა სკოლის დირექტორმა მანანა გვირჯიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა პატარა ოსტატებსა და პედაგოგებს გულმოდგინებისა და ამ სასიკეთო წამოწყებისათვის. თვითნაკეთმა ნივთებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მრავალმა მათგანმა მოსწავლეთა, პედაგოგთა და სტუმართა სახლებში დაიდო ბინა.
გამოფენა კვირის ბოლომდე გაგრძელდება და შემოსული თანხა უბნის ხელმოკლე ოჯახებს მოხმარდება.